ახალი ამბები

თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკები 160 ათასი ლარის ღირებულების წიგნებით შეივსო

18 ივნისი, 2021 • 1221
თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკები 160 ათასი ლარის ღირებულების წიგნებით შეივსო

თბილისის 177 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა, ახალი წიგნებით მოამარაგეს. თითოეულმა სკოლამ, 900 ლარის ღირებულების წიგნები, ინდივიდუალურად, საკუთარი საჭიროებების მიხედვით, შეარჩია. თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების წიგნებით შევსების პროექტი, „თბილისი -წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით განხორციელდა.

177 საჯარო სკოლამ, წიგნები, 32 გამომცემლობისა და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაციისგან შეიძინა. თამარ თოფურიძე, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტების კოორდინატორი, ამბობს, რომ წიგნები კატალოგის სახით აღინუსხა, სკოლების ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდები კი შეივსო როგორც მხატვრული, ასევე სპეციალური, საგანმანათლებლო ლიტერატურით:

„მთელი წლის განმავლობაში, ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რამდენიმე მასშტაბური და გრძელვადიანი პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი. საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების შევსება, მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რადგან თანამედროვე ლიტერატურა ყველა მოსწავლისთვის ხდება ხელმისაწვდომი. ეს ბიბლიოთეკები წლების განმავლობაში არ შევსებულა და გადახალისებულა, ამრიგად, აღნიშნული პროექტი, ჩვენთვის პრიორიტეტული იყო“.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას, ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების შევსების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სწორედ, მათ აწარმოეს მოლაპარაკებები სხვადასხვა გამომცემლებთან, წიგნის გამავრცელებლებთან და გადაარჩიეს მათი კატალოგები.

„32 სხვადასხვა გამომცემლობის, წიგნის მაღაზიისა და გამავრცელებელი ორგანიზაციის კატალოგი, ყველა საჯარო სკოლას გადავუგზავნეთ, ამრიგად, ქართულ ბაზარზე არსებულ ყველა წიგნზე ჰქონდათ წვდომა და, შეეძლოთ, მათთვის საინტერესო, ან ისეთი წიგნები აერჩიათ, რომლებიც საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებში ნაკლებადაა წარმოდგენილი. გვქონდა სხვადასხვა წიგნის ვიდეოპრეზენტაციაც, ვსაუბრობდით იმაზე, თუ რატომ შეიძლებოდა ესა თუ ის ტექსტი, სკოლისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ყოფილიყო“, – ამბობს თინათინ ბერიაშვილი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

პროექტის ფარგლებში გამომცემლობებმა, წიგნის მაღაზიებმა და გამავრცელებლებმა, წიგნები საგამომცემლო, შედარებით დაბალ ფასად გასცეს. თინათინ ბერიაშვილი აღნიშნავს, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებისას, საგამომცემლო ფასად წიგნების გაყიდვა, დამკვიდრებული პრაქტიკაა.

თინათინ ბერიაშვილი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

მისივე დაკვირვებით, სკოლებამდე იშვიათად მიდის თანამედროვე ქართული მხატვრული ლიტერატურა, თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებზე ინფორმაცია არც მასწავლებლებს აქვთ, ამიტომ, მოსწავლეების ლიტერატურის შესახებ ცოდნა, ხშირად, მხოლოდ, სასკოლო სახელმძღვანელოებში წარმოდგენილი კლასიკოსი ავტორებით შემოიფარგლება:

„თანამედროვე – ნათარგმნი თუ ქართული ლიტერატურის მნიშვნელობა, სასკოლო გარემოში, ხშირად შესაბამისად არ არის გამოკვეთილი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, ახალმა თაობამ იცოდეს, რა ხდება თანამედროვე ქართულ მწერლობაში, რა პროცესები მიდის, რა არის აქტუალური და ა.შ. სასურველია, რომ სასკოლო ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების პრაქტიკა კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს, არა მხოლოდ ქალაქის, არამედ რეგიონების, სოფლების სკოლების ბიბლიოთეკების მოსამარაგებლადაც“, – ამბობს თინათინ ბერიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი