პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიას 2 დეპუტატს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, ინციდენტი, სავარაუდოდ, გახარიას თანაგუნდელს გიგა ფარულავასა და „ოცნების“ წევრ ირაკლი ხელაძეს შორის დაიწყო. ხელაძეს თანაგუნდელები, მათ შორის ყოფილი სპორტსმენები მიეხმარნენ და ოპოზიციონერ დეპუტატებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
კადრებში ჩანს, რომ ოპონენტს მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების არაერთგზის ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემაც დაარტყა.
როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ, „ქართული ოცნების“ წევრები:
- არჩილ გორდულაძე,
- ლაშა ტალახაძე,
- ირაკლი კირცხალია
- ვასილ ჩიგოგიძე.
ერთ-ერთი ვინც გახარიას პარტიის წევრებს სცემა, სწორედ არჩილ გორდულაძეა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა.
დაპირისპირების დასაწყისში გორდულაძე პარლამენტის დეპუტატების ტრიბუნებს შორის იდგა, თუმცა შემდეგ სხდომათა დარბაზის მეორე მხარეს გადაინაცვლებს. კადრებში ჩანს, რომ არჩილ გორდულაძე ჯერ ტრიბუნაზე შეხტა, შემდეგ კი გახარიას პარტიის წევრებს, გიგა ფარულავას და მალხაზ თორიას სცემს. კადრებში ჩანს, რომ გორდულაძესთან ერთად გახარია პარტიელებს ურტყამენ „ოცნების“ დეპუტატები, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია და გიორგი ბარვენაშვილი.
დაპირისპირების მიზეზი უცნობია, თუმცა სხდომათა დარბაზში ხმაური გახარიას პარტიის წევრის, გიორგი შარაშენიძის ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლის პარალელურად დაიწყო. შარაშენიძე ამ დროს ირაკლი კობახიძის, როგორც პრემიერ-მინისტრის როლზე საუბრობდა და დარბაზიდან შეძახილებს პასუხობდა.
