ახალი ამბები

რატომ დაგვიანდა სტრასბურგის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების გასაჯაროება

23 ნოემბერი, 2021 • 2781
რატომ დაგვიანდა სტრასბურგის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების გასაჯაროება

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას დაავალა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის მოსაზრების გათვალისწინება.

სტრასბურგის სასამართლო 19 ნოემბრით დათარიღებულ წერილში იმეორებს 10 ნოემბერს ამოქმედებული დროებითი ღონისძიების შინაარსს, რომლითაც მოუწოდებს:

  • მიხეილ სააკაშვილს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შიმშილობა;
  • საქართველოს მთავრობას, მიაწოდოს ადეკვატური სამედიცინო დახმარება.

ამავდროულად, ახალი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო აცხადებს, რომ მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს 17 ნოემბრის სამედიცინო დასკვნა.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, ისევე, როგორც ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ (გონების დაკარგვა 18 ნოემბერს) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მიაწოდეს.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფმა 17 ნოემბერს კრიტიკულად შეაფასა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობის რეკომენდაცია გასცა, რის პირობებსაც გლდანის ციხის კლინიკა არ აკმაყოფილებდა.

მმართველმა გუნდმა უნდობლობა გამოუცხადა ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს და არ გამორიცხა მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

“ნეტავ, ახლა რას იტყვიან, რომ “ფეიკი” და არაპროფესიონალურად შესრულებული სამედიცინო დასკვნა გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი? სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბერს გამოუცია დროებითი ღონისძიება და სწორედ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე მითითებით მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის მიწოდება დაუვალებია სახელმწიფოსთვის”, – წერს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

რატომ დაგვიანდა სტრასბურგის გადაწყვეტილების გასაჯაროება

მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც პირველი ოქტომბრის შემდეგ შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამის საათებში გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ეს შეთავაზება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 19 ნოემბერს, 15:00 საათზე გააკეთა. რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ტრანსპორტირებას დათანხმდა.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი მოშიმშილეების, მათ შორის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.

უცნობია, გადაწყვეტილების მიღების დროს უკვე ცნობილი იყო თუ არა მმართველი გუნდისთვის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. 18 ნოემბერს სახალხო დამცველის დამოუკიდელ ექიმთა ჯგუფის შექმნას მიესალმა და მთავრობას მათი რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი თამთა მურადაშვილი არ გამორიცხავს, რომ 19 ნოემბრის შუადღეს ხელისუფლებაში უკვე იცოდნენ ან წინასწარ ივარაუდეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

“როდის მიეწოდა მთავრობას [სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება], არ ვიცით. არ არის გამორიცხული, ან ჩვენზე ადრე მიიღო და თავიდანვე იცოდნენ, ან იმ დამატებითი დოკუმენტების საფუძველზე, რაც ჩვენ გავუგზავნეთ სასამართლოს და სასამართლომ მიაწოდა მთავრობას. შეიძლება მათ ივარაუდეს და გათვალეს, რომ სასამართლო გვერდს ვეღარ აუვლიდა სამედიცინო დასკვნას და დაასწრეს შეთავაზება”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” თამთა მურადაშვილმა.

იუსტიციის სამინისტროში არ უპასუხეს “ნეტგაზეთის” კითხვებს, როდის მიიღო იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისი წერილი და რატომ არ გაასაჯაროვა ამ დრომდე. მოგვიანებით, იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის კომენტარი, რომლის თანახმადაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან ოფიციალური წერილი სამინისტრომ 19 ნოემბრის საღამოს, მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

ბექა ძამაშვილის განცხადებით, აღნიშნულ წერილში სტრასბურგის სასამართლომ მომჩივანს შიმშილობის „დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა“, ხოლო საქართველოს მიუთითა, რომ მკურნალობის პროცესში გაეთვალისწინებინა ექიმთა ჯგუფის მიერ 17 ნოემბერს გამოცემული მოსაზრება.

“სასამართლომ, აგრეთვე, დააზუსტა, რომ ორივე მხარის მიმართ დაკისრებული ღონისძიებები იყო ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და უპირობო, რითაც მიანიშნა მომჩივანი, რომ შიმშილობის შეწყვეტისთვის რამე წინაპირობის დაწესება დაუშვებელი იყო. მას შემდეგ, რაც პატიმარი გადაყვანილია გორის ჰოსპიტალში და წარმატებით მიმდინარეობს მისი შიმშილობის შემდგომი პერიოდის მკურნალობა, ევროპული სასამართლოს მიერ ორივე მხარის მიმართ გაკეთებული მითითებები შესრულებულია. იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს უკვე ორჯერ გაუგზავნა შუალედური ინფორმაცია და საბოლოო ინფორმაცია გაიგზავნება დათქმულ ვადაში [24 ნოემბრამდე]”, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დაგვიანებით, 22 ნოემბრის ღამეს გაავრცელა სააკაშვილის დაცვის მხარემ. თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ წერილი 19 ნოემბერს გვიან მიიღეს, ხოლო შემდეგ ფაქსს ელოდებოდნენ.

“სასამართლომ გამოაგზავნა ჩვენთან დოკუმენტაცია იმეილით და ფაქსით. ჩვენ მეილით წერილი მივიღეთ 19 ნოემბერს, ოღონდ გვიან, როცა უკვე ყველაფერი დასრულებული იყო — მთავრობასაც ჰქონდა შეთავაზება გაკეთებული და მიხეილ სააკაშვილს თანხმობა გაცხადებული და ტრასნპორტირებაზე მიდიოდა საუბარი. მაგრამ ფაქსი არ გვქონდა მიღებული. ფაქსი მოვიდა ორშაბათს (22 ნოემბერს) და როცა მოვიდა, ჩვენ დავწერეთ. მაგრამ ნიშანდობლივია, რომ იუსტიციის სამინისტროს ხმა არ ამოუღია აქამდე და, როგორც წერილიდან იკვეთება, ჩვენ მიერ  18 ნოემბრის ღამით და 19 ნოემბერს დილით მიწოდებული განახლებული ინფორმაცია უკვე გადაგზავნილი იყო მთავრობასთან, ხოლო თვითონ 19 ნოემბრის მეორე დროებითი ღონისძიება ჩვენთან გვიან მოვიდა. იმ მომენტში ისედაც ფოკუსირებული ვიყავით მის უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე და მთავარი მიზანი მიღწეული იყო. მერე ადვოკატები არ ვიყავით ხელმისაწვდომები და თან ველოდებოდით ფაქსს — ვფიქრობდით, შეიძლება სრულყოფილად მოწოდება ყოფილიყო ფაქსით, მაგრამ ფაქსითაც მხოლოდ ეს წერილი მივიღეთ და სხვა დოკუმენტაცია არ ყოფილა”, — განმარტავს თამთა მურადაშვილი.

 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა — თამთა მურადაშვილმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა და ბექა ბასილაიამ — 10 ნოემბერს მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი ღონისძიების გამოყენების თხოვნით.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის (დროებითი ღონისძიება) თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარის ან ნებისმიერი შესაბამისი პირის მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, მიუთითოს მხარეეებს ნებისმიერი დროებითი ღონისძიება, რომლის გამოყენებასაც გადაწყვეტს მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე ან სამართალწარმოების ჯეროვნად განხორციელების მიზნით. პალატას შეუძლია მოსთხოვოს მხარეებს ინფორმაცია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია დროებითი ღონისძიების განხორციელებასთან.

დროებითი ღონისძიების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება არაა საქმეზე საბოლოო ვერდიქტი. დროებითი ღონისძიების გამოყენება [საბოლოო გადაწყვეტილებამდე] ხდება მკაფიოდ განსაზღვრულ პირობებში, მაშინ, როდესაც კონვენციის სერიოზული დარღვევის საშიშროება არსებობს.

შენიშვნა: მასალა განახლდა იუსტიციის სამინისტროს მიერ ბექა ძამაშვილის კომენტარის გავრცელების შემდეგ [14:03].

ამ თემაზე:

რა წერია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში სააკაშვილის მოთხოვნაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი