აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობასთან დაკავშირებით, ასევე, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის დასწრება სასამართლო სხდომებზე.
“ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობას პირველი ოქტომბრიდან, მისი დაკავების დღიდან. ვიწონებთ სახალხო დამცველის მიერ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ციხის საავადმყოფოში სამედიცინო აღჭურვილობის შესაფასებლად დამოუკიდელ ექიმთა ჯგუფის შექმნას.
ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოექცეს მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, ასევე, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები სათანადო მკურნალობის შესახებ.
ჩვენ ასევე, დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის შესაძლებლობა, დაესწროს ყველა სასამართლო სხდომას განხილვაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. მიხეილ სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც გულისხმობს შესაძლებლობას, პირადად დაესწროს სასამართლო პროცესებს”, — აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ნედ პრაისი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 49 დღეა შიმშილობს. ის ამბობს, რომ შეწყვეტს შიმშილობას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.
სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფმა ისევე, როგორც მთავრობის მიერ შექმნილმა და ალტერნატიულმა კონსილიუმებმა, მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს, რასაც მთავრობა ჯერჯერობით არ ასრულებს.
პენიტენციური სამსახური, უსაფრთხოების ზომებიდან და ჯანმრთელობის გაუარესების საფრთხის მოტივით, უარს აცხადებს სააკაშვილის მიყვანაზე სასამართლო პროცესებზე, სადაც ექს-პრეზიდენტის საქმეები განიხილება.