საზოგადოება

“მთავარი ფაქტორი ალბათ ეს [ხოშტარია] იყო” – კობახიძე გორის ჰოსპიტლის წინადადებაზე

19 ნოემბერი, 2021 •
“მთავარი ფაქტორი ალბათ ეს [ხოშტარია] იყო” – კობახიძე გორის ჰოსპიტლის წინადადებაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი მოშიმშილეების, მათ შორის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი იყო კონკრეტული ადამიანების, მოშიმშილეების, სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა. მაგალითად, ელენე ხოშტარია, რომელიც ორ კვირაზე მეტია შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო გაუარესებული, იყო სერიოზული რისკები და ამ შემთხვევაში ჩვენ აღარ დავაყოვნეთ და მივიღეთ ასეთი რაციონალური, პრაგმატული გადაწყვეტილება. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი იყო სწორედ ეს, კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

მთავარი ფაქტორი ალბათ ეს [ხოშტარია] იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე ხანგრძლივი შიმშილობის ისტორია მას ჰქონდა”, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მან განმარტა მიზეზიც, თუ რატომ შეაჩერა ხელისუფლებამ გორის სამხედრო ჰოსპიტალზე არჩევანი. მისი თქმით, აღნიშნული კლინიკა ყველა სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი, ასევე, კლინიკას ჰყავს კვალიფიციური პერსონალიც. ამასთან, “ქართული ოცნებისთვის” პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებაც. კერძოდ, დღეს კობახიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში ოპოზიცია მის გათავისუფლებას შეეცდებოდა.

“[უსაფრთხოების] რისკები ყველგან არის, თუნდაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში, თუმცა სწორედ გორის ჰოსპიტალში ბევრად უფრო მეტად ვიქნებით დაზღვეული უსაფრთხოების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადა კობახიძემ.

ცოტა ხნის წინ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სამინისტრო სააკაშვილს სთავაზობს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას. ამ დროისთვის უცნობია ამ საკითხთან დაკავშირებით სააკაშვილის გადაწყვეტილება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. გუშინ, 18 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის გლდანის ციხის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, მან გონება დაკარგა.

სააკაშვილი ამბობდა, რომ შიმშილობას შეწყვეტდა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი