„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა „ფეიკია“.
მისი თქმით, ექსპერტთა ჯგუფს უნდა მოემზადებინა დასკვნა სააკაშვილის შიმშილობის შემდგომი მკურნალობის შესახებ და ის, რომ ეს არ გააკეთეს, მათ პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე მიუთითებს.
„თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება ნინო ლომჯარიას და მის მიერ შექმნილი კონსილიუმის მიმართ, რომლის წევრთა უდიდესი უმრავლესობა პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულია, რასაც ისინი თვეების განმავლობაში არ მალავდნენ, მათ შორის საკუთარი საჯარო განცხადებებით. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ნდობის ხარისხი არის ძალიან დაბალი. წინასწარ ადვილად პროგნოზირებადი იყო ის ე.წ. დასკვნა, რომელიც მათ მოამზადეს.
სინამდვილეში, მათ დასკვნა უნდა მოემზადებინათ შიმშილობის შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას პოლიტიკური მოთხოვნა აღარ აქვს, ის პოლიტიკური მოთხოვნით აღარ შიმშილობს. მისი ერთადერთი მოთხოვნა ეს არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. მისი თქმით, თუ მას შიმშილობის შემდგომი სათანადო მკურნალობა უზრუნველყოფილი ექნება, ამ შემთხვევაში ის შიმშილობას წყვეტს. აქედან გამომდინარე, ამ ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა არა შიმშილობის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ შიმშილობის შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით და ეს რომ არ გააკეთა, ეს კიდევ ერთი მარტივი დასტურია მისი პოლიტიკური მიკერძოებულობის, ანუ იმთავითვე „ფეიკია“ ის, რაც გააკეთა ამ ე.წ. კონსილიუმმა “, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, თუ ამ „ფეიკ“ დასკვნას გაგრძელება მოჰყვა და ის სცენარი დადგა, რისიც მმართველ გუნდს „ეშინია“, გამორიცხული არ არის, სახალხო დამცველისა და ამ ჯგუფში შემავალი ექიმების პასუხისმგებლობა დადგეს.
„ამ ეტაპზე ეს არის ერთი მორიგი „ფეიკი“, მაგრამ თუ ამას მოჰყვა გაგრძელება და გაგრძელება არის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში და მას მოჰყვა ის სცენარი, რომლისაც ჩვენ გვეშინია, ამ შემთხვევაში ეს მორიგი „ფეიკი“ ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირი პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის, ომბუდსმენის და კონკრეტული ექიმების“, – განაცხადა კობახიძემ.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა კონსენსუსის საფუძველზე მოამზადა.
სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას თქმით, დასკვნა შედგება ორი ნაწილისგან: პირველი, საჯარო ნაწილი ეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას და რეკომენდაციებს, ხოლო მეორე ნაწილი არის კლინიკური გასინჯვების შედეგები, რაც დახურულია და მხოლოდ შესაბამის პირებს გააცნობენ.
რაც შეეხება გლდანის ციხის საავადმყოფოს აღჭურვილობას, ექიმთა შეფასებით, დაწესებულება ცუდად აღჭურვილი არ არის, 2 კვირის წინ გახსნილია საკმაოდ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი რეანიმაციული ოთახი, გადაყვანილია მორიგე ბრიგადა რესპუბლიკური საავადმყოფოდან და დაწესებულებაში ყოველდღე მორიგეობს ზოგადი პროფილის (თერაპევტი ან ქირურგი) ერთი ექიმი, ერთი რეანიმატოლოგი და ერთი ექთანი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 49-ე დღეა შიმშილობს.
ის მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.