ახალი ამბები

9 დარღვევა, რომელიც ნინოწმინდის პანსიონში რეგულირების სააგენტომ გამოავლინა

23 ივნისი, 2021 • 1417
9 დარღვევა, რომელიც ნინოწმინდის პანსიონში რეგულირების სააგენტომ გამოავლინა

ჯანდაცვის სამინისტრომ მოკლვევის შედეგად ნინოწმინდის პანსიონს 9 შენიშვნა წარუდგინა, რომელიც დაწესებულებამ მიმდინარე წლის 4 ივლისამდე უნდა გამოასწოროს.

მათ შორის საუბარია ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა ძალადობისგან დამცავი შიდა მექანიზმის არარსებობა, ერთ ოთახში 4 ბავშვზე მეტის განთავსება და სხვა.

ამის შესახებ ინფორმაცია დეპუტატმა და „ლელოს“ წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა სამინისტროსგან გამოითხოვა. ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შესწავლით დადგინდა, რომ დაწესებულებაში დარღვეულია „ტექნიკური რეგლამენტი – ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“  დადგენილების რამდენიმე მუხლი.

კერძოდ:

  1. ვერ იქნა წარმოდგენილი სტანდარტის დანართით 1.1 გათვალისწინებული საინფორმაციო ფურცელი;
  2. დაწესებულებაში არსებული შინაგანაწესი არ მოიცავს: ბენეფიციართა მხრიდან სოციალურად მიუღებელი ქცევების მართვის წესებსა და მეთოდებს; უკუკავშირის და გაპროტესტების პროცედურებს, კონფიდენციალურობის დაცვის საკითხებს;
  3. ვერ იქნა წარმოდგენილი დასაქმებული პერსონალის ნასამართლეობის ცნობები;
  4. ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული კვირის მენიუს მიხედვით, რიგ შემთხვევებში სადილი არ არის 3-კომპონენტიანი;
  5. არ არის უზრუნველყოფილი ბენეფიციართა ჯგუფური დასვენება საქართველოს კურორტებზე წელიწადში არანაკლებ 12 დღის განმავლობაში;
  6. ადგილზე არ ინახებოდა და პერსონალი არ იყო ინფორმირებული მთავრობის დადგენილების „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ (N437, 12/09/2016წ.) შესახებ;
  7. არ აქვთ შემუშავებული ძალადობისაგან დაცვის შიდა ინსტრუქცია;
  8. რიგ შემთხვევებში შშმ ბავშვები ერთ ოთახში იმყოფებიან სხვა ჯანმრთელ ბავშვებთან ერთად და მათი რიცხვი აღემატება 4-ს;
  9. დაგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენი თავსახურის გარეშე აღინიშნებოდა როგორც შენობაში არსებულ სათავსებში, ასევე, ეზოში. მომსახურე პერსონალის განცხადებით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ ნარჩენების გატანას და ჩატვირთვას ეზოს გარეთ განთავსებულ მუნიციპალურ ნარჩენების კონტეინერში.

ზემოაღნიშნული დარღვევების გამო შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 46-ე ტერცია მუხლით – სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა. აღნიშნული დარღვევა 3 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ნინოწმინდის პანსიონში 15 ბავშვი რჩება, გამოყვანილია 38 არასრულწლოვანი – „რომელთა ნაწილი გაყვანილია ბიოლოგიურ ოჯახში, ნაწილი კი, სახელმწიფო ზრუნვის სხვადასხვა სისტემაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები),“.


გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თქმით, ეს რიცხვი სოცმუშაკის შესვლამდე (დაახლოებით, აპრილამდე) 53-ს უტოლდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უწყებამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

პარალელურად, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაიწყო კონსულტაციები სამინისტროს, UNICEF-ს, ორგანიზაცია Worldvision-სა და საპატრიარქოს შორის, გამოსავლის მოსაძებნად. ვრცელდება ცნობები, რომ არსებობს შეთავაზება პანსიონის საოჯახო ტიპის სახლად გადაქცევის შესახებაც.

სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.

17 ივნისს მთავარეპისკოპოს იაკობთან შეხვედრის შემდეგ, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ საპატრიარქოს წევრებთან ნინოწმინდის პანსიონს მომდევნო კვირის ბოლოს მოინახულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი