ახალი ამბები

გაერომ ხელისუფლებას ნინოწმინდის პანსიონატის შემოწმება დაავალა — სახელმწიფო დუმს

10 მაისი, 2021 •
გაერომ ხელისუფლებას ნინოწმინდის პანსიონატის შემოწმება დაავალა — სახელმწიფო დუმს

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველყოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია არავის აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს, მათ შორის, სახალხო დამცველს.

მიმდინარე წლის 16 აპრილს სახალხო დამცველის ოფისმა განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებში მყოფი “ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში” ომბუდსმენის წარმომადგენლები არ შეუშვეს.

პანსიონატთან დაკავშირებით ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტს საჩივრით მიმართა. აღნიშნული საჩივარი არაერთ პრობლემურ საკთხს მოიცავს და მისი განხილვა, შესაძლოა, წლები გაგრძელდეს. სანამ დავა დასრულდება, გაერომ საქართველოს ხელისუფლებას დროებითი ღონისძიების სახით, პანსიონატის მონიტორინგის უზრუნველყოფა დაავალა.

გაეროს მიმართვაში აღნიშნულია:

„კომიტეტი მოითხოვს სახელმწიფოსგან, მიაწოდოს კომიტეტს სრული ინფორმაცია და მოსაზრება განაცხადის დასაშვებობისა და შინაარსთან დაკავშირებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოსაზრებისა და კომენტარების მიწოდების ვადები მხარეებისთვის, COVID-19-ით გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე, გახანგრძლივდა 2 თვით. შესაბამისად, საგამონაკლისო წესით, სახელმწიფოს მიეცა 8 თვის ვადა.

დამატებითი ოქმის მე-6 მუხლისა და კომიტეტის საპროცედურო წესების მე-7 წესის თანახმად, კომიტეტი სახელმწიფოსგან მოითხოვს: დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სახელმწიფო მონიტორინგის შესაბამისი ინსტიტუტებისათვის დაწესებულებაში (ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში) შესვლა, რათა შეამოწმონ იქ მცხოვრები ბავშვების პირობები და მათ მიმართ არსებული მოპყრობა. კომიტეტის მოთხოვნის შესრულება არ არის დამოკიდებული განაცხადის დასაშვებობის და არსის განხილვაზე.“

ნეტგაზეთთან საუბარში PHR-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი და ბავშვთა ადვოკატი, ანა არგანაშვილი განმარტავს, რომ წერილის გამოცემის დღიდან (7 მაისიდან) სახელმწიფომ დაუყონებლივ უნდა მისცეს ყველა შესაბამის ინსტიტუტს ბავშვების მდგომარეობის შესწავლის საშუალება.

„ეს განცხადება მოიცავს როგორც მონიტორინგის ფუნქციის მქონე ყველა უწყებისთვის ამის უფლებას მიცემას, ასევე, დამოუკიდებელი მონიტორინგის უზრუნველყოფას. სახელმწიფო უწყებებიდან მონიტორინგის ფუნქცია აქვს ჯანდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, რეგულირების სააგენტოს…

რაც შეეხება დამოუკიდებელ მონიტორინგს, ეს არის საქართველოს სახალხო დამცველი, რომელსაც კონსტიტუციითა და ორგანული კანონით, ასევე ბავშვთა უფლებების კოდექსით, აქვს მონიტორინგის ფუნქცია და სწორედ ამას ამბობს გაერო თავის დროებითი ღონისძიების ფარგლებში, რომ ყველა მონიტორინგისთვის ეს პროცესი ხელმისაწვდომი იყოს“, — ამბობს არგანაშვილი.

გაეროს დროებითი ღონისძიება ნიშნავს იმას,  რომ სანამ ორგანიზაცია ნინოწმინდაში სიტუაციას შეისწავლის, ბავშვების ინტერესი არ დაზიანდეს. არგანაშვილის განმარტებით, საქმეების შესწავლა შესაძლოა წლები გაგრძელდეს, მსგავსი ღონისძიებები კი დაუყონებლივ შესასრულებელია ბავშვთა უფლებებისა და ინტერესების დაცვისთვის.

„ბავშვთა პანსიონის იურიდიული ფორმა არის ა(ა)იპ-ი  [არასამეწარმეო იურიდიული პირი] — იგივე არასამთავრობო სტრუქტურა. შესაბამისად, არასამთავრობო ამ შემთხვევაში ახორციელებს ბავშვზე ზრუნვის სერვისს.

ეს არასამთავრობო ამ სერვისს იმიტომ ახორციელებს, რომ სახელმწიფომ მისცა ამის უფლება, ანუ ლიცენზირება გაიარა. ბავშვზე ზრუნვა არის ექსკლუზიურად სახელმწიფოს ვალდებულება და თავისი ნება-სურვილით სახელმწიფოსგან დელეგირების გარეშე ამას ვერავინ გააკეთებს. შესაბამისად, იქ თუ რამე ირღვევა (და ასეთი დარღვევაა თუნდაც ის, რომ მონიტორინგი იქ ვერ ხორციელდება), ეს არის სახელმწიფოს ბრალეულობა იმ კუთხით, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ასეთ დაწესებულებაში ბავშვების უფლებების დაცვა“, – განმარტავს არგანაშვილი და დასძენს, რომ გაერომ სწორედ სახელმწიფოს დაავალა მონიტორინგის უზრუნველყოფა.

ნეტგაზეთის კითხვაზე, რა მოხდება, თუ სახელწიფო არ დაუშვებს მონიტორინგს, იურისტი პასუხობს, რომ „ეს იქნება ბავშვთა კონვენციის ძალიან უხეში დარღვევა. გაჩნდება კითხვა, რატომ არ ასრულებს სახელმწიფო იმ კონვენციას, რომელიც რატიფიცირებული აქვს. არც კი წარმომიდგენია, რომ ეს არ ქნან. ეს სავალდებულოა“.

ნეტგაზეთი ამ თემაზე დაუკავშირდა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.


სახალხო დამცველის ინფორმაციით, 16 აპრილის მონაცემებით, პანსიონატში 57 არასრუწლოვანი ირიცხებოდა, მათგან ყველაზე პატარა კი 5 წლის იყო. უწყების ცნობით, დაწესებულებაში მონიტრონგის შესაძლებლობა არ ეძლეოდა არც მას და არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს, რომელიც პანსიონში 2020 წლის ივნისის შემდეგ არ შესულა.

სახალხო დამცველი 16 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში წერდა, რომ სააგენტოს მიერ მიწოდებული ოფიციალური კორესპონდენციის თანახმად, მეუფე სპირიდონი პანსიონში სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგი იყო. უწყების ცნობით, ეს ადგილზე სოციალურმა მუშაკმაც დაადასტურა.

PHR: გაერომ მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა

მასალების გადაბეჭდვის წესი