ნეტგაზეთი | ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონში ეპისკოპოს იაკობთან ერთად ჩავა ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონში ეპისკოპოს იაკობთან ერთად ჩავა – Netgazeti
Batumelebi | RU

ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონში ეპისკოპოს იაკობთან ერთად ჩავა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მომავალ კვირაში ჩავა მთავარეპისკოპოს იაკობთან ერთად, ამის შემდეგ კი ომბუდსმენის აპარატი მონიტორინგს განახორციელებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილისა და ნინო ლომჯარიას შორის დღეს, 17 ივნისს, გამართულ შეხევდრაზე მიიღეს.

“ვაპირებთ, რომ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში. ვინაიდან ბავშვებსაც აქვთ გარკვეული გაუცხოვება სახალხო დამცველის მიმართ და მინდა მონიტორინგი ისე ჩავატაროთ, რომ ჩვენ შორის არსებობდეს ნდობა და მტრულად განწყობილი არ იყვნენ იქ მყოფი პირები ჩვენ მიმართ. ეს ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს. ამის შემდგომ ჩემი წარმომადგენლები უკვე დაიწყებენ იქ შესწავლას”, – განაცხადა ლომჯარიამ.

სწორედ მთავარეპისკოპოსი იაკობი დაინიშნა 14 ივნისსს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად. მანამდე ამ პოზიციას მთავარეპისკოპოსი სპირიდონი იკავებდა.


გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევდა უფლებას, პანსიონატში შესულიყო. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თქმით, ეს რიცხვი სოცმუშაკის შესვლამდე (დაახლოებით, აპრილამდე) 53-ს უტოლდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უწყებამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

პარალელურად, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაიწყო კონსულტაციები სამინისტროს, UNICEF-ს, ორგანიზაცია Worldvision-სა და საპატრიარქოს შორის, გამოსავლის მოსაძებნად. ვრცელდება ცნობები, რომ არსებობს შეთავაზება პანსიონის საოჯახო ტიპის სახლად გადაქცევის შესახებაც.

სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი