ახალი ამბები

როგორ გადაუწიეს „ენკას“ სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა 2022 წლამდე

8 ივნისი, 2021 • 2256
როგორ გადაუწიეს „ენკას“ სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა 2022 წლამდე

ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ კომპანია „ენკას“ ნამახვანი ჰესის სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა, რომელიც აპრილში იწურებოდა, თითქმის ერთი წლით გაუხანგრძლივა.

ახალი დოკუმენტებით ირკვევა, რომ სახელმწიფომ ჯერ კიდევ თებერვალში იცოდა, რომ კომპანია აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებას ვერ ასრულებდა. ამის შემდეგ, მარტში, სახელმწიფომ ჰესის ძირითადი ნაგებობების აშენებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

სპეციალისტების შეფასებით, ეს ახლად გამოვლენილი გარემოება უჩვენებს, რომ სახელმწიფოს მიერ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობაზე 9-12-თვიანი მორატორიუმის გამოცხადება არ ყოფილა დემონსტრაციების პასუხად გადადგმული რეალური კომპრომისული ნაბიჯი.

ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ (ყოფილმა EMC-მ) გაავრცელა სამინისტროდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„პირობიანი ნებართვა“

„ნამახვანი ჰესის“ პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს დასავლეთ საქართველოში, მდინარე რიონზე, რასაც მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება. ხელშეკრულებას, რომელსაც „რიონის ხეობის მცველები“ და მხარდამჭერი ორგანიზაციები სახელმწიფოსთვის კაბალურად მიიჩნევენ, 2019 წლის აპრილში მოეწერა ხელი.

ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლისთავზე, 2020 წლის 22 აპრილს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, რიონის ხეობაში ქვემო ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა გასცა.

თუმცა ეს ნებართვა, — რომელიც 333 მგვტ-იან ქვემო ნამახვან ჰესს ეხება, — პირობიანი იყო. ეს ნიშნავს, რომ ინვესტორს ჰესის მშენებლობის დაწყების უფლება მიეცა ისე, რომ ჯერაც არ ჰქონდა საბოლოო სამშენებლო დოკუმენტი და საექსპერტო დასკვნა წარდგენილი, თუმცა ამ დოკუმენტების გარკვეულ ვადაში წარდგენის ვალდებულება აიღო.

[„ნამახვანი ჰესის“ აშენების მომხრე ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ პირობიანი ნებართვების გაცემა ჩვეულებრივი პრაქტიკაა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში, თუმცა სპეციალისტები ამ პრაქტიკას „ნამახვანთან“ მიმართებაში აკრიტიკებენ].

კერძოდ, „ნამახვანი ჰესის“ მშენებელ ინვესტორს, „ენკა რინიუებლზს“ სრული საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო დასკვნების წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრა 2021 წლის 13 აპრილი.

ამ თარიღმა უკვე ჩაიარა. ჯერჯერობით კომპანიას ეს დოკუმენტები კვლავ არ წარუდგენია სამინისტროში. როგორც აღმოჩნდა, გარკვეული ცვლილების წყალობით, ინვესტორმა ამ ვადის უპრობლემოდ გადაცილება მოახერხა.

როგორ გადაიდო „დედლაინი“

როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (ყოფილი EMC-ის) მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის სახით მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა:

  • „ენკამ“ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ ჯერ კიდევ 2021 წლის 15 თებერვალს მიმართა თხოვნით, ამ დოკუმენტაციის წარდგენის ვადა გადასწეოდა;
  • კომპანიამ სამშენებლო ნებართვის პირობების ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის მიზეზად „პროექტის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა“ დაასახელა;
  • „ენკამ“, აღნიშნული წერილით დოკუმენტაციის წარდგენისთვის ახალ ვადად 2022 წლის 28 თებერვალი მოითხოვა;
  • 2021 წლის წლის 19 მარტს სააგენტო დაეთანხმა კომპანიის მოთხოვნას და „ენკას“ სრულყოფილი სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად 2022 წლის 28 თებერვალი განუსაზღვრა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, „ენკას“ შუამდგომლობა დაუსაბუთებელი და ბუნდოვანი იყო, თუმცა, ამის მიუხედავად, სახელმწიფომ ლოიალური მიდგომა გამოიჩინა და მოთხოვნა დაუკმაყოფილა.

როგორ ასაბუთებს „ენკა“ „დედლაინის“ გადავადების საჭიროებას

როგორც ზემოთაც არის მითითებული, მიზეზი, რის გამოც „ენკამ“ მოითხოვა აღნიშნული დროის თითქმის 1 წლით გახანგრძლივება, „პროექტის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა“ იყო.

უფრო ზუსტად, წერილში, რომელშიც ეს დასაბუთებაა დასახელებული, „ენკას“ ნებართვებისა და ლიცენზიების დეპარტამენტის უფროსი, ვოლქან ქაბაქლი წერს:

„გვსურს, განვმარტოთ, რომ კომპანია ითავისებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა ვალდებულებას, გამოთქვამს მზაობას მათ დროულად და ჯეროვნად შესრულებაზე, აქტიურად მუშაობს ყველა საჭირო დოკუმენტსა თუ ნებართვის მოპოვებაზე კანონით გათვალისწინებული პირობების დაცვით, თუმცა ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო პროექტის ირგვლივ შექმნილმა მდგომარეობამ საგრძნობლად შეაფერხა #60-04 ბრძანების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების ვადაში განხორციელების პროცესი“ [ანუ საბოლოო სამშენებლო დოკუმენტისა და საექსპერტო დასკვნის მომზადება].

ენკას წერილი სააგენტოს. 15.02.2021. წყარო: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“/ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით

„ნეტგაზეთმა“ 8 ივნისს კომპანიას ჰკითხა, თუ რას გულისხმობენ ამ ფორმულირებაში და კონკრეტულად რა გახდა დოკუმენტების მომზადების პირობის შეუსრულებლობის და თარიღის გადავადების საფუძველი.

„ნეტგაზეთი“ ამ საკითხზე დაუკავშირდა ეკონომიკის სამინისტროსაც, თუმცა ჯერჯერობით კომპანიისგან და სამინისტროსგან პასუხები არ მიგვიღია.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, ეს გადაწყვეტილება „ენკასთვის“ მინიჭებული „კიდევ ერთი დაუსაბუთებელი შეღავათია“:

„იმ პირობებში, როდესაც რიონის ხეობა პოლიციას თითქმის მთლიანად ჩაკეტილი აქვს, აღმართულია ბარიკადები, ადამიანებს, მათ შორის, რიონის ხეობის მცხოვრებლებს, ხეობაში თავისუფლად შესვლისა და გადაადგილების უფლება შეზღუდული აქვთ, ხოლო კომპანიის სამშენებლო სამუშაოებს საპოლიციო ძალები იცავენ, სრულიად გაუგებარია, რამ შეუშალა ხელი კომპანიას სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში და რა გახდა სამშენებლო დოკუმენტაციის მოუმზადებლობის საფუძველი და რატომ უკავშირებს „ენკა“ საკუთარი ვალდებულებების დარღვევას პროექტის ირგვლივ შექმნილ მდგომარეობას“.

[ამ თემაზე, გირჩევთ, წაიკითხოთ: „საშიში პრეცედენტი“ – ბლოკპოსტი და ბარიკადები რიონის ხეობაში]

მორატორიუმთან კავშირი?

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, უწყებისგან მიღებულმა ამ საჯარო ინფორმაციამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი გამოკვეთა: კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობაზე 9-12-თვიანი „მორატორიუმის“ გამოცხადების „რეალური მოტივი“.

საქართველოს მთავრობამ, კომპანიასთან მოლაპარაკების შემდეგ, პირველად 12 მარტს გამოაცხადა, რომ ნამახვანჰესის ძირითადი ნაგებობების, ანუ კაშხლისა და წყალსაცავის, მშენებლობა 9-12 თვით გადაიდო [თუმცა გარკვეული სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს, რაც კვლავ კამათის საფუძველია].

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ეს განცხადება, EMC-ის თანახმად, საზოგადოებას დღემდე მიეწოდება, როგორც კომპრომისული ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ პროტესტის საპასუხოდ გადადგა. ახალი ინფორმაციის გავრცელების ფონზე კი „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ ფიქრობენ, რომ:

„კაშხლის ნაგებობის მშენებლობის გადავადება სინამდვილეში უკავშირდება არა მთავრობისა და კომპანიის კომპრომისს, არამედ იმ ფაქტს, რომ კომპანიამ სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაციის ჩაბარება თავად დააგვიანა“.

EMC-ის თანახმად კი, სინამდვილეში, „ენკას“ შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობის გამო კაშხლის მშენებლობის უფლება ისედაც არ ჰქონდა:

„მეტიც, სამინისტროსთვის უკვე ცნობილი იყო, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის მომზადებას ენკა ვერ ასწრებდა და, შესაბამისად, ჰესის ძირითადი ობიექტების მშენებლობის უფლებას კომპანია კიდევ მინიმუმ ერთი წელი ვერ მოიპოვებდა“, – წერია ორგანიზაციის მიერ 8 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

ამის გათვალისწინებით, ორგანიზაცია ასკვნის, რომ გარემოება, რომ კომპანიამ ჰესის მშენებლობისთვის კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში მომზადება ვერ შეძლო, „ხელისუფლებამ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით გამოიყენა და პერიოდი, რომლის განმავლობაშიც „ენკას“ კაშხლის მშენებლობის უფლება ისედაც არ ექნება, საზოგადოებრივი აზრის მიმართ დათმობად წარმოაჩინა“.


გირჩევთ, წაიკითხოთ:

მხარს ვუჭერ ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტს – ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი

ნამახვანჰესის ფორსმაჟორი

ნამახვანჰესის ფორსმაჟორი

სახელმწიფო კომპანია ₾199,000-ს დახარჯავს ჰესების პროპაგანდაში

მასალების გადაბეჭდვის წესი