ახალი ამბებიეკონომიკა

„ნამახვანი ჰესი“: პირგასამტეხლო და შეუსაბამობები კანონმდებლობასთან

1 ივნისი, 2021 • 5462
„ნამახვანი ჰესი“: პირგასამტეხლო და შეუსაბამობები კანონმდებლობასთან

„ნამახვანი ჰესის“ ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორ კომპანიას ჰესის მშენებლობის დასრულების ვადის დარღვევის გამო მხოლოდ პირგასამტეხლო ეკისრება და არა ზიანის ანაზღაურება, კომპანიას კი მრავალ შემთხვევაში შეუძლია კომპენსაციის მოთხოვნა სახელმწიფოსაგან.

კონტრაქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა პირველი 30 დღის განმავლობაში 55-ჯერ ნაკლები გამოდის, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული ოდენობა.

პირგასამტეხლოს სახით კომპანიას, ნაწილ-ნაწილ, მაქსიმუმ $15 მლნ შეიძლება დაეკისროს; ამასთან, პირგასამტეხლოს სახით გადახდილი თანხა პროექტის $15 მლნ-იან საგარანტიო ფონდს მოაკლდება.

თუმცა სახელმწიფო ვერც ამ $15 მლნ-ის ამოწურვის შემდეგ მოახერხებს კონტრაქტის უპირობოდ გაწყვეტას — კომპანიას კიდევ რამდენიმე პერიოდი აქვს ამის პრევენციისათვის.

ანალიტიკოსების შეფასებით, სხვა მუხლებთან ერთად, სწორედ აქ ვლინდება ხელშეკრულების მხარეთა უთანასწორობა, რადგან სახელმწიფოს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე კომპანიას. იგივე სულისკვეთებისაა იუსტიციის სამინისტროს დასკვნაც.

იუსტიციის სამინისტროს გაჟონილი დასკვნა

ხელშეკრულებას, რომელსაც „რიონის ხეობის მცველები“ და მხარდამჭერი ორგანიზაციები სახელმწიფოსთვის კაბალურად მიიჩნევენ, 2019 წლის აპრილში მოეწერა ხელი.

2021 წლის 25 მაისს, ჰესის წინააღმდეგ მზარდი სოციალური პროტესტის ფონზე, მედიაში გაჟონა იუსტიციის სამინისტროს მომზადებულმა კრიტიკულმა დოკუმენტმა, რომელიც 2019 წლის მარტში დაიწერა, — ხელმოწერამდე ერთი თვით ადრე. დოკუმენტი გამოცემა „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა.

აღნიშნული დასკვნა, სხვა საკითხებთან ერთად, პირგასამტეხლოსაც ეხება და შენიშვნებს გამოთქვამს კონტრაქტისეულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ამ თემაზე.

პირგასამტეხლო, ზოგადად, არის მხარეების შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

იუსტიციის დასკვნის მე-14 მუხლიდან გამომდინარეობს, რომ კონტრაქტის ერთ-ერთი მუხლი უშვებს „კომპანიის მიერ მთავრობის სასარგებლოდ მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდის შესაძლებლობას“ [და არ ითვალისწინებს სახელმწიფოსთვის ზიანის ანაზღაურებას]

სქრინშოტი: იუსტიციის დასკვნის მე-14 მუხლი. წყარო: mtisambebi.ge

კერძოდ, ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების კონტრაქტის 4.4.4 მუხლი ადგენს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს „მთავრობისთვის ხელმისაწვდომ ერთადერთ და ექსკლუზიურ ფინანსურ საშუალებას“ იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანია არასაპატიო მიზეზით დაარღვევს ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ან დასრულების ვადებს [მშენებლობა უკვე დაწყებულია].

სქრინშოტი: ძირითადი კონტრაქტის 4.4.4 მუხლი

არადა, იუსტიციის სამინისტრო თავის დასკვნაში მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კრედიტორს პირგასამტეხლოს გადახდის პარალელურად ყოველთვის აქვს უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუკი ასეთი ზიანი სახეზეა.

სქრინშოტი: სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილი

კონტრაქტის თანახმად კი ისე გამოდის, რომ მთავრობა ვერ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას კომპანიის მიერ ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების და დასრულების ვადის დარღვევის გამო.

ამდენად, სამინისტრო წერს: „მიგვაჩნია, რომ ხელშეკრულების პროექტის ზემოაღნიშნული მუხლი საჭიროებს კორექტირებას, სამოქალაქო კოდექსით კრედიტორისთვის მინიჭებული უფლების შესაბამისად“.

აღსანიშნავია, რომ ეს მუხლი იმპერატიული ნორმა არ არის, — რაც ნიშნავს, რომ მისგან გადახვევა მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია, — თუმცა იუსტიციის სამინისტრო თავის დასკვნაში მაინც მიუთითებდა მისი შეცვლის საჭიროებაზე.

„ინვესტორი არ ეთანხმება“

27 მაისსვე კიდევ ერთ მედიასაშუალებაში, „ნიუპოსტში“ გაჟონა შენიშვნების ფურცლის ერთგვარმა დანართმა, სადაც მითითებულია „გათვალისწინების მდგომარეობა“, ანუ რამდენად და როგორ გაითვალისწინა ეკონომიკის სამინისტრომ ესა თუ ის შენიშვნა, რაც იუსტიციის სამინისტროს დასკვნაში იყო მოცემული.

ამ დოკუმენტის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს დასკვნის მე-14 მუხლით გათვალისწინებული შენიშვნები (პირგასამტეხლოს საკითხზე) „არ არის გათვალისწინებული“, რადგან „ინვესტორი არ ეთანხმება შემოთავაზებულ ცვლილებებს“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, პირგასამტეხლოზე ეს ჩანაწერი ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი დებულებაა, რომლითაც ხელშეკრულების მხარეთა უთანასწორობა ვლინდება.

ორგანიზაციის შეფასებით, მთავრობა ვერ მოითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას კომპანიის მიერ ხელშეკრულების დარღვევის დროსაც კი, მაშინ, როცა კომპანია უფლებამოსილია, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ მთავრობის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობისას, არამედ მაშინაც, როცა კომპანიას ზიანი მიადგება სახელმწიფოს კონტროლს მიღმა არსებული გარემოებებით, პოლიტიკური ფორსმაჟორის დროს თუ სხვა არაერთ შემთხვევაში

ეს მსჯელობა კონტრაქტის 8.2.1 მუხლიდან გამომდინარეობს, რომელიც კომპენსირებად შემთხვევებად ასახელებს სხვადასხვა გარემოებას და რის საფუძველზეც კომპანია უფლებამოსილია, მიიღოს კომპენსაცია მთავრობისგან. ეს შემთხვევებია:

  • პოლიტიკური ფორსმაჟორის ნებისმიერი შემთხვევა (მაგალითად, ომი, გაფიცვა, დემონსტრაცია, რაც პროექტს ხელს უშლის და ა.შ);
  • მთავრობის ან რომელიმე საჯარო დაწესებულების მიერ ნებისმიერი საპროექტო შეთანხმების დარღვევა (საპროექტო შეთანხმებებს მიეკუთვნება, მაგალითად, ძირითადი კონტრაქტი, ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება, ქსელთან მიერთების და მიწის გადაცემის ხელშეკრულებები);
  • ექსპროპრიაცია (ანუ სახელმწიფოს მიერ კომპანიისთვის ქონების ჩამორთმევა);
  • პროექტის ადგილმდებარეობის გეოგრაფიული, გეოლოგიური, ჰიდროგრაფიული მახასიათებლების გამო შემოღებული საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ვრცელდება მხოლოდ კომპანიასა და მის კონტრაქტორებზე;
  • სხვა ნებისმიერი მოვლენა, რომელიც შეთანხმებაში მიჩნეულია კომპენსირებად შემთხვევად (ასეთია, მაგალითად, გადასახადების ზრდა);
  • ამასთან, 8.2.3 მუხლის თანახმად, მთავრობას მოუწევს, კომპანიას აუნაზღაუროს კომპენსირებადი შემთხვევით გამოწვეული ნებისმიერი გაზრდილი ხარჯი, შემცირებული შემოსავალი ან ნებისმიერი სხვა „დანაკარგი“;

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ [ყოფილი EMC-ის] იურისტი სალომე შუბლაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში განმარტავს, თუ რა შეიძლება ყოფილიყო სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი, თუკი კომპანიამ მშენებლობის ვადები დაარღვია:

„დავუშვათ, მთავრობა რაღაც რესურსს გადასცემს კომპანიას იმიტომ, რომ მას შეუთანხმდა, რათა, სიტყვაზე, 2025 წლის 31 დეკემბერს უნდა ჰქონდეს ელექტროენერგიის გარკვეული რაოდენობის გამომუშავება;

შესაბამისად, თუ მთავრობა აკეთებს გათვლას იმაზე, რომ „ენკასგან“ იყიდის 6.2 ცენტად ამ რაოდენობის ელექტროენერგიას, შესაძლოა, წინასწარ აღარ დადოს კონტრაქტი სხვა მომწოდებელთან ამ რაოდენობის ელექტროენერგიის შესყიდვაზე, იმპორტის თადარიგი არ დაიჭიროს და ა.შ. 

ერთი სიტყვით, ის ენერგია, რომელსაც მთავრობა „ნამახვანისგან“ ელოდა და რომელსაც კომპანიის მიერ მშენებლობის ვადის დარღვევის გამო ვერ მიიღებს, შეიძლება გარდაისახოს ზიანში, რადგან მოუწიოს უფრო ძვირად ყიდვა, რადგან ნაჩქარევად იყიდა და ა.შ.“, – ამბობს სალომე შუბლაძე.

თუმცა კონტრაქტი, როგორც აღვნიშნეთ, სახელმწიფოსთვის ზიანის ანაზღაურებას საერთოდ არ ითვალისწინებს არც მშენებლობის ვადების დარღვევის შემთხვევაში.

იურისტის განმარტებით, არსებობდა იმის შესაძლებლობა, რომ კონტრაქტში არსებულიყო ჩანაწერი სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ არა მხოლოდ მშენებლობის დასრულების ვადის დარღვევის გამო, არამედ სხვა ვალდებულებებთან [მაგალითად, მოსამზადებელი სამუშაოების გარკვეული წესებისა და სტანდარტების მიხედვით ჩატარებასთან] დაკავშირებითაც, — მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ისედაც აქვს შიდა კანონმდებლობაში გარემოსდაცვითი რეგულაციები, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც კომპანია დაჯარიმდებოდა.

„ხელშეკრულებითაც შეიძლება გაითვალისწინონ მხარეებმა, რომ რახან მთავრობამ კომპანიას ამ რაოდენობის გარანტია მისცა, თუკი ის ხელშეკრულების პირობებს დაარღვევს და ამით ზიანი მიადგება სახელმწიფოს, კომპანიას დამატებით დაეკისროს ზიანის ანაზღაურება“, – ამბობს იგი.

ეკონომიკის სამინისტროს პასუხი

„ნეტგაზეთმა“ ეკონომიკის სამინისტროს ჰკითხა, რა საფუძვლით დატოვა სახელმწიფომ კონტრაქტში პირგასამტეხლოზე ჩანაწერი არსებული ფორმით, რაზეც სამინისტროდან გვიპასუხეს:

„ხელშეკრულების აღნიშნული მუხლი ეხება არა ზოგადად ზიანის ანაზღაურებას, არამედ პირგასამტეხლოს დაკისრების ვალდებულებას სახელშეკრულებო ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობისთვის… რაც შეეხება ზიანს, ინვესტორი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან გათავისუფლებული არ არის (და ვერც იქნება, რადგან მოქმედი კანონმდებლობა აღნიშნულს არ ითვალისწინებს). ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაწესებულია პირგასამტეხლოს მაქსიმალური ზღვარი, რაც ემსახურება არა ზოგადად ზიანის ანაზღაურებას, არამედ სახელშეკრულებო ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობისთვის დაჯარიმებას“.

დღიურად საშუალოდ $51 903 ნაცვლად $82 700-ისა

პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არსებობს, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობის დათქმებთან. ეს დეტალია პირგასამტეხლოს ოდენობა.

ნამახვანის ხელშეკრულება წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის (მოკლედ – PPP) პროექტს, რაც ნიშნავს, რომ მასში სახელმწიფო და კერძო მხარეები არიან ჩართულები. შესაბამისად, კონტრაქტზე ვრცელდება საქართველოს კანონი საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ.

ამ კანონის 25-ე მუხლი, — იმის პარალელურად, რომ ადგენს, PPP ტიპის ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს კერძო პარტნიორის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას ,— ადგენს, რომ „პირგასამტეხლოს მინიმალური ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით“.

ეს სამართლებრივი აქტი, იმავე კანონის განმარტებით, არის საქართველოს მთავრობის №426 დადგენილება, რომელიც 2018 წლის 17 აგვისტოთი თარიღდება და ეხება საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესს. დადგენილების 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად:

პირგასამტეხლოს მინიმალური ოდენობა უნდა იყოს არანაკლებ პროექტის სრული ღირებულების 0.01%-ისა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ნამახვანის პროექტის სრული ღირებულება, ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია „ენკას“ განცხადებით, არის 827 მლნ აშშ დოლარი.

ზემოხსენებული საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, ქვემო ნამახვანი ჰესის მშენებლობის დასრულების დაგვიანებისას, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს ოდენობა 82 700 აშშ დოლარი გამოდის.

აღსანიშნავია, კონტრაქტის 4.4.1 მუხლით, ვადაგადაცილებულ საწყის 30 დღეზე პირგასამტეხლო $1500-ით განისაზღვრება, შემდეგი 30-30 დღეზე კი — $3000, $6000, $12000 და $24000-ით. ამის შემდეგ, მხოლოდ 151-ე დღიდან, კომპანიას 97500 დოლარის გადახდა ეკისრება დღიურად.

[კონტრაქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა (1500 დოლარი) პირველი 30 დღის განმავლობაში 55-ჯერ ნაკლები გამოდის, ვიდრე კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული ოდენობა (82 700 დოლარი).

პირგასამტეხლოს რაოდენობები. საორიენტაციოდ აღებულია მშენებლობის დასრულების დაგეგმილი თარიღი (მარჯვენა ცხრილი), რადგან პროცესი უკვე დაწყებულია.

იმის გათვალისწინებით, რომ პირგასამტეხლოს ჯამის ჭერი 15 მლნ აშშ დოლარია [ხელშეკრულების 4.4.3 მუხლის შესაბამისად], ქვემო ნამახვანი ჰესის მშენებლობის დასრულების დაგვიანების შემთხვევაში პირგასამტეხლოს რაოდენობა დღიურად საშუალოდ 51 903 დოლარს შეადგენს. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ  პირგასამტეხლოს დაკისრება გაგრძელდება იმ დღემდე, როდესაც $15 მლნ-იანი ფონდი ამოიწურება. PPP კანონმდებლობა საუბრობს თითოეული დღის მინიმალურ პირგასამტეხლოზე და არა გასაშუალოებულ რიცხვზე.

„ნეტგაზეთის“ კალკულაცია: როგორ დავადგინეთ ეს რიცხვი

როგორც ვნახეთ, კონტრაქტში გაწერილია, თუ რამდენია პირგასამტეხლო პირველი 150 დღის განმავლობაში (30-30 დღის შუალედით იზრდება) და შემდეგ 151-ე დღიდან. შესაბამისად:

1500 x 30 = 45 000 აშშ დოლარი

3000 x 30 = 90 000 აშშ დოლარი

6000 x 30 = 180 000 აშშ დოლარი

12 000 x 30 = 360 000 აშშ დოლარი

24 000 x 30 = 720 000 აშშ დოლარი

ამ რიცხვების შეკრებით ვასკვნით, რომ თუკი მშენებლობის დასრულება კომპანიამ 150 დღით დააგვიანა, მოუწევს $1 395 000-ის გადახდა. ამის შემდეგ რჩება $15-მლნ-იანი ჭერიდან 15 000 000 – 1 395 000 = 13 605 000 აშშ დოლარი;

როგორც აღვნიშნეთ, კონტრაქტის თანახმადვე, 151-ე დღიდან ვადის გადაცილებაზე კომპანიას დღიურად $97 500-ის გადახდა უწევს.

„რეზერვში“ დარჩენილი $13 605 000-ის ყოველდღიურად ამ ოდენობის (97500) გახარჯვით ამ თანხას კომპანია 139 დღეში ამოწურავს.

გამოდის, რომ $15 მლნ-იანი ფონდი 150+139=289 დღეში ამოიწურება. ამ რიცხვებიდან შეგვიძლია გამოვიანგარიშოთ საშუალო არითმეტიკული (15 000 000 / 289 = 51 903). მივიღეთ ჩვენ მიერ საშუალოდ გამოანგარიშებული 51 903 აშშ დოლარი).

„830 მლნ საორიენტაციო ღირებულებაა“ – რას ამბობს სახელმწიფო?

„ნეტგაზეთმა“ ეკონომიკის სამინისტროს ჰკითხა, რით არის ეს აცდენა გამოწვეული კონტრაქტსა და PPP კანონმდებლობას შორის, — ასევე, მივწერეთ, რომ თუკი „ნეტგაზეთი“ მსჯელობასა ან კალკულაციაში ცდება, საწინააღმდეგო დაგვისაბუთონ. სამინისტრომ მხოლოდ ის გვიპასუხა, რომ:

„პროექტის ზუსტი ღირებულება ამ ეტაპისთვის ცნობილი არ არის – 830 მილიონი არის საორიენტაციო ღირებულება, რომელიც შესაძლოა დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც დაიდება ორივე სადგურის საბოლოო დიზაინი და გაიცემა ნებართვები სრულად.

პირგასამტეხლოს ოდენობები განსხვავდება და სხვადასხვა ტიპის ვალდებულებისთვის ადგენს განსხვავებულ ოდენობებს, რაც ლოგიკური და სამართლიანია. მაგალითად, პასუხისმგებლობა მშენებლობის დაწყების დაგვიანებისათვის უფრო დაბალია, ვიდრე მშენებლობის დასრულების ვადის დარღვევისთვის

ჯამურად, 20 მილიონის მოცულობის გარანტია არცერთ ენერგეტიკულ პროექტში არ გვხვდება (თუ არ ჩავთვლით ნენსკრას). ერთ მეგავატ დადგმულ სიმძლავრეზე გადათვლით, „ნამახვანის“ შემთხვევაში გარანტიის ოდენობა ძალიან დიდია“.

აღსანიშნავია, რომ დაკორექტირების შემთხვევაში, ერთადერთი შესაძლებლობა, როდესაც კანონისმიერ მოთხოვნებთან შეუსაბამობა არ გამოჩნდება, იქნება, თუკი პროექტის ღირებულება იქნება 150 მლნ აშშ დოლარი, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ვადას 30 დღეზე მეტხანს არ გადააცილებს; იმ შემთხვევაში, თუკი ვალდებულების შეუსრულებლობა 289 დღემდე, ანუ საგარანტიო ფონდის განულებამდე გაიწელება, PPP კანონმდებლობის თანახმად, პროექტის ღირებულება 519 030 000 აშშ დოლარი უნდა იყოს, რომ 0.01%-იანი ჩანაწერი დაკმაყოფილდეს.

„ნეტგაზეთმა“ ეკონომიკის სამინისტროს სთხოვა დაზუსტება, — ამ პასუხით გულისხმობენ თუ არა, რომ პროექტის საბოლოო ღირებულება შესაძლოა არა 830, არამედ 150 მლნ აშშ დოლარი იყოს; ხოლო თუ ეს ასე არ არის, მაშინ ვთხოვეთ, ეპასუხათ ჩვენს პირვანდელ კითხვას — PPP კანონმდებლობასთან არსებული აცდენა როგორ განიმარტება სამინისტროს მიერ. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ეკონომიკის სამინისტრო, პირგასამტეხლოს საკითხზე არგუმენტაციისას, გვწერს, რომ „პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა შემოიფარგლება ინვესტორის მიერ წარმოდგენილი/წარმოსადგენი შესრულების გარანტიის ოდენობით. „ნამახვანის“ შემთხვევაში შესრულების გარანტიები უპრეცედენტოდ მაღალია (სხვა ენერგოპროექტებთან შედარებით) და „ზედა ნამახვანის“ შემთხვევაში შეადგენს 5 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო „ქვედა ნამახვანის“ შემთხვევაში – 15 მილიონს“.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს დასკვნა პირგასამტეხლოსთან დაკავშირებულ ამ საკითხსაც ეხებოდა და მას აკრიტიკებდა.

იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი შენიშვნა

ხელშეკრულების 4.4.3 მუხლის თანახმად, კომპანიისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სახელშეკრულებო გარანტიის ოდენობას.

ქვემო ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით სახელშეკრულებო გარანტიის ოდენობას კი კონტრაქტის 7.2.1 მუხლი განსაზღვრავს 15 მლნ აშშ დოლარად [პირველი მოთხოვნისთანავე განაღდებადი საბანკო გარანტია/მშენებლობის დასრულების გარანტია].

4.4.5 მუხლი ადგენს, რომ სახელმწიფოს პირგასამტეხლოს მიღების ორი საშუალება აქვს, რომლებსაც არსობრივად ერთი და იგივე შედეგი მოაქვთ. კერძოდ: თუ კომპანია არ გადაიხდის პირგასამტეხლოს, მაშინ მთავრობა უფლებამოსილი იქნება, მშენებლობის დასრულების გარანტიიდან გაანაღდოს ეს თანხა; ხოლო თუ კომპანია ჯეროვნად გადაიხდის პირგასამტეხლოს, მაშინ მშენებლობის დასრულების გარანტია შესაბამისი თანხით შემცირდება.

იუსტიციის სამინისტროს დასკვნის მე-13 მუხლი კი ამბობს, რომ ეს გარანტია შესაბამისი [ამ შემთხვევაში, მშენებლობის დასრულების] ფაზის სრული პერიოდის მანძილზე „უნდა უზრუნველყოფდეს კომპანიის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას“;

ამის გათვალისწინებით, სამინისტროს მიზანშეუწონლად მიაჩნია „ხელშეკრულების პროექტის 4.4.5 მუხლის ფარგლებში არსებული რეგულაცია, რომლის შესაბამისად, კომპანიის მიერ პირგასამტეხლოების გადახდის შემთხვევაში უნდა მოხდეს კომპანიის მიერ წარმოდგენილი გარანტიების თანხების შემცირება ამ გადახდების პროპორციულად“.

სამინისტრო ცალსახად მიუთითებს, რომ „აღნიშნული მექანიზმი ამოღებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების ტექსტიდან“.

განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ საკითხი „გათვალისწინებულია“, თუმცა ეს გულისხმობს, რომ „საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საქართველოს მთავრობას“. კონტრაქტის საბოლოო რედაქციაში ეს პრინციპი კვლავ ძალაშია.

რა ხდება $15 მლნ-ის ამოწურვის შემდეგ?

რა ხდება მას შემდეგ, თუკი კომპანიამ 289 დღის შემდეგ კვლავ ვერ დაასრულა მშენებლობა და ამასობაში $15 მლნ-იც განულდა?

ამ საკითხს კონტრაქტის 4.4.3 მუხლი არეგულირებს და ადგენს, რომ თუ პირგასამტეხლო მიაღწევს გარანტიის ოდენობას, კომპანიას დამატებით ეძლევა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, — მაქსიმუმ 18 თვით, — თანაც ისე, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა წყდება და არც სხვა რაიმე ჯარიმა დაეკისრება მას.

რა ხდება, თუკი კომპანიამ ვერც ამ დამატებით დროში შეასრულა ვალდებულებები? ამ შემთხვევაში უკვე მე-9 მუხლით გათვალისწინებული მექანიზმი ირთვება, — კომპანიას დეფოლტი უდგება.

კომპანიის დეფოლტის დადგომის ერთ-ერთი შემთხვევა, 9.1.1 მუხლის თანახმად, დადგება მაშინ, თუკი კომპანია საბოლოოდ 60 თვეში ვერ დაასრულებს მშენებლობას.

კომპანიის დეფოლტი კი, თავის მხრივ, ააქტიურებს სახელმწიფოს უფლებას, შეწყვიტოს ხელშეკრულება (კონტრაქტის 9.2.1.a.i მუხლის საფუძველზე), თუმცა კომპანიას კიდევ ერთი ეტაპი რჩება პროექტიდან გამოთიშვის დასაზღვევად:

სახელმწიფოს ეს უფლება მხოლოდ მაშინ გააქტიურდება, ანუ მთავრობას ხელშეკრულების შეწყვეტა მხოლოდ მაშინ შეეძლება, თუკი (კონტრაქტის 9.2.1.a.i.A მუხლის საფუძველზე) კომპანია არ გამოასწორებს ამგვარ დეფოლტს „გამოსწორების გეგმით“.

„გამოსწორების გეგმა“, თავის მხრივ, 9.2.1.b მუხლითაა განსაზღვრული. ამ მუხლის i ნაწილიდან გამომდინარეობს, რომ თუკი სახეზეა კომპანიის დეფოლტის შემთხვევა, კომპანიას შეუძლია, დეფოლტის ცნობიდან 45 დღის ვადაში შესთავაზოს მთავრობას გამოსწორების გეგმა; მთავრობამაც შემდეგი 45 დღის ვადაში უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ უარყოფს ამ გეგმას.

თუ მთავრობამ მოიწონა გამოსწორების გეგმა, კომპანია ვალდებულია, „გულმოდგინედ შეასრულოს“ ის, თუმცა თუ ვერ ასრულებს, კონტრაქტი მხოლოდ ამის შემდეგ შეწყდება.

თუ მთავრობამ უარყო გეგმა, არც ეს გახდება კონტრაქტის უპირობო შეწყვეტის საფუძველი: მთავრობის მიერ გეგმის უარყოფის შემდეგ, კომპანიას კიდევ აქვს 30-დღიანი ვადა, გამოასწოროს დეფოლტის შემთხვევა.

მხოლოდ ამის შემდეგ გაწყდება კონტრაქტი.

აქტივების ყიდვის ვალდებულება სახელმწიფოს

თუმცა ყველაფერი არც ამით მთავრდება: თუ მთავრობა, ამ ყველაფრის შემდეგ კონტრაქტს შეწყვეტს, მაშინ მან უნდა იყიდოს გადაცემადი აქტივები [კონტრაქტის 9.4.1.a მუხლის თანახმად].

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის ეს ვალდებულებაც კი, — გადაიხადოს ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისთვის დადგენილი პირგასამტეხლო, — ქრება ნებისმიერი სახის ფორსმაჟორისას, რადგან ორივე ტიპის ფორსმაჟორი კომპანიას ვალდებულების შესრულებისგან ათავისუფლებს და, შესაბამისად, მას ვერც პირგასამტეხლო დაეკისრება.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა სახელმწიფო კომპანია „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორს, გიორგი ჩიქოვანს კითხვით, რა საფუძვლით დატოვა სახელმწიფომ აღნიშნული ჩანაწერები კონტრაქტში.

[მისი მოადგილე, რევაზ ტყავაძე „რიონის ხეობის მცველებთან“ შეხვედრისას აცხადებდა, რომ ის წარმოადგენდა GEDF-ს კონტრაქტის შემუშავების ბოლო ეტაპზე და, შესაბამისად, შეეძლო ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხი გაეცა, თუმცა „რიონის ხეობის მცველები“ და ექსპერტების ნაწილი GEDF-თან არ საუბრობდნენ, რადგან არაუფლებამოსილ სუბიექტად მიიჩნევდნენ].

GEDF-ის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა გვიპასუხა, რომ ჩვენს კითხვებზე პასუხი სცდება ფონდის კომპეტენციას, რადგან „ფონდი ჩართული იყო ინვესტორთან მხოლოდ სს „ნამახვანჰესის“ აქტივების გაყიდვის ფარგლებში [მოლაპარაკებებზე]“ და ეკონომიკის სამინისტროსთან გადაგვამისამართა.

„ნეტგაზეთი“ ელოდება ეკონომიკის სამინისტროსგან დამატებით კითხვებზე პასუხს. უწყების პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

„ნეტგაზეთი“ სტატიების ამ სერიაში შემოგთავაზებთ „ნამახვანი ჰესის“ კონტრაქტის სხვადასხვა მნიშვნელოვანი ასპექტის შესახებ მომზადებულ მასალებს. ამ ეტაპზე გირჩევთ, წაიკითხოთ:

ნამახვანჰესის ფორსმაჟორი

მასალების გადაბეჭდვის წესი