ახალი ამბები

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 • 774
ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით გამოცხადდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სატენდერო დოკუმენტაცია ე.წ. „დიდი ოთხეულის“ კომპანიებს (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) გაეგზავნათ.

სამინისტროს განცხადებით, პორტის საზღვაო სამუშაოების დიდი წილი მოდის ფსკერის დაღრმავებაზე, ხოლო აღნიშნულ კომპანიებს საზღვაო სამუშაოების პროექტირების და წარმოების მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ და გლობალური დაღრმავების/დამაღრმავებელი ფლოტის 80%-ს ფლობენ.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, სამუშაოების შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციის ევროპულ კომპანიებთან („დიდი ოთხეული“) გაგზავნის მიზანშეწონილობა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია HAEDES B.V.-სთან კონსულტაციის შედეგად გამოიკვეთა. აღნიშნული კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ დაიქირავა.

„შესყიდვისთვის გამოყენებული იქნება ერთეტაპიანი შესყიდვის პროცედურა, ლიმიტირებული საერთაშორისო საბაზრო მიდგომების გამოყენებით. მოწვეულმა პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ტექნიკური და ფინანსური მიმართულებით. გამარჯვებულად გამოვლინდება წინადადება, რომელიც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს/შერჩევის კრიტერიუმებს და ექნება ჯამური (ტექნიკური წინადადების ქულას პლიუს ფინანსური წინადადების ქულა) უმაღლესი ქულა“, — აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დამაზუსტებელი კითხვების დასასმელად და კონკურენტუნარიანი სატენდერო წინადადებების მოსამზადებლად (წარმოსადგენად) მონაწილეებს მიეცათ 45-დღიანი ვადა.

პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი წინადადებების ტექნიკურ და ფინანსურ ნაწილში შეფასებას უზრუნველყოფს შპს ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ სპეციალურად შექმნილი სატენდერო კომისია, საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად.

შპს ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურს“, რომელიც 2023 წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნდა, კაპიტალშენატანის სახით, გადაეცა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი. კომპანიამ განახორციელა მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით — შეიქმნა ძირითადი საპროექტო დოკუმენტაცია, დაქირავებულ იქნა საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მონაწილეობდა სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში და ამჟამად მონაწილეობს გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის წარმართვაში, რომლის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული და დაიწყება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ნაწილის სამშენებლო პროცესი. დოკუმენტაციის განახლება და პორტისთვის აუცილებელი გარკვეული სამუშაოები, სამინისტროს ცნობით, კერძო პარტნიორის შერჩევის პარალელურად განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად კერძო ინვესტორს არჩევს, რომელთან ერთადაც უნდა დაფუძნდეს პორტის მშენებელი ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო 51%-ის მფლობელი იქნება, ხოლო კერძო პარტნიორი — 49%-ის.

კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა, რომელსაც მთავრობა არ ასახელებს. თუმცა, ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს შვეიცარიულ-ლუქსემბურგული და ჩინურ-სინგაპურული კომპანიები არიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი