ახალი ამბები | საზოგადოება | , , , , , , ,

„საშიში პრეცედენტი“ – ბლოკპოსტი და ბარიკადები რიონის ხეობაში

15 აპრილი, 2021 | | 1732
„საშიში პრეცედენტი“ – ბლოკპოსტი და ბარიკადები რიონის ხეობაში

უკვე თითქმის ორი კვირაა, რაც პოლიციას გუმათჰესთან ბლოკპოსტი აქვს აღმართული და გადაადგილებას ზღუდავს, ხოლო რამდენიმე დღეა, „რიონის ხეობის მცველებს“ საერთოდ აღარ უშვებს სოფელ ნამოხვანამდე, სადაც პროტესტის გაგრძელება სურთ. სულ ცოტა ხნის წინ ბლოკპოსტთან რკინის ჯებირები აღიმართა.

უფლებადამცველების შეფასებით, პოლიციის ეს ქმედებები უხეშად არღვევს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებებს, ოფიციალურ დასაბუთებებს მიღმა კი იმალება სურვილი, კომპანიის სიახლოვეს პროტესტი შეწყდეს.

შექმნილი ვითარება ამწვავებს ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ თვეებით ადრე დაწყებულ პროტესტს, რისი ძირითადი მიზეზიც სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული კონტრაქტია.

რა ხდება?

„ნამახვანი ჰესის“ პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს მდინარე რიონზე. მისი ღირებულება 800 მილიონ აშშ დოლარზე მეტია [თუმცა ქვეყანაში აქედან 527 მლნ იხარჯება] და აშენებს კომპანია „ენკა რინიუებლზ“ [მისი წილების 90%-ზე მეტს თურქული კომპანია „ენკა“ (Enka Insaat ve Sanayi) ფლობს, 10%-ს კი ნორვეგიული „ქლინ ენერჯი ჯგუფი“].

ჰესის პროექტზე არაერთი კუთხით არსებობს კითხვები, — ინვესტორთან დადებულ კონტრაქტზე, მის დეტალებზე, მათ შორის მიწისა და რესურსების გადაცემის ნაწილში, კვლევებსა თუ სხვა ასპექტებზე [ამ ეტაპზე, გირჩევთ წაიკითოთ: სამინისტროსა და EMC-ის არგუმენტები ნამახვანის ჰესის კონტრაქტზე].

რიონის ხეობის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა უკვე 5 თვეზე მეტია, თანდათანობით მომატებულ მხარდამჭერებთან ერთად, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პერმანენტულ აქციებს მართავს და კარვებში რჩება. გაზრდილ პროტესტთან ერთად, „რიონის ხეობის მცველების“ თანახმად, მათი პროტესტის შეზღუდვაც დაიწყო.

ვითარება 2021 წლის პირველი კვარტლის ბოლოსკენ დაიძაბა: 3 აპრილს კომპანიაში ახალდანიშნული დირექტორი მერაბ ლომინაძე [რომელიც ეთნიკური ნიშნით დანიშნეს, — ეკონომიკის მინისტრ თურნავასა და კომპანიის შეთანხმების შედეგად] ხეობაში საპოლიციო ძალის ფონზე ჩავიდა და განაცხადა, რომ კომპანიას უნდა გაეგრძელებინა მოსამზადებელი სამუშაოები.

იმავე დღეს ხეობაში შეიზღუდა გადაადგილების თავისუფლება. მეორე დღისთვის, 4 აპრილისთვის, გუმათჰესთან, — რომელიც სოფელი ნამოხვანიდან (სადაც კარვები იყო გაშლილი) დაახლოებით 18 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, –  უკვე აღმართული იყო საპოლიციო ბლოკპოსტი, რასაც მოსახლეობა ასევე პროტესტით შეხვდა. 14 აპრილს პოლიციამ უკვე რკინის ბარიკადები აღმართა გუმათჰესთან.

 

რა არგუმენტით იზღუდება გადაადგილება?

შსს აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, გარკვეულ მიმართულებებზე გადაადგილების შეზღუდვა დროებით რჩება ძალაში, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი საფრთხეები და სიტუაციის შემდგომი ესკალაცია“.

პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლი ამბობს, რომ:

  • პოლიციელი უფლებამოსილია, პირს მოსთხოვოს გარკვეული ადგილის განსაზღვრული დროით დატოვება ან აუკრძალოს მას კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა, თუ ეს აუცილებელია საფრთხის თავიდან ასაცილებლად;
    • კანონში დაზუსტებული არ არის, რა შეიძლება იყოს ეს საფრთხე.
  • ეს შეზღუდვა შესაძლებელია გაგრძელდეს „საფრთხის აღმოფხვრამდე“.

ამავე კანონის 26-ე მუხლი კი პოლიციას ანიჭებს უფლებამოსილებას, დროებით შეზღუდოს პირის გადაადგილება:

  • თუკი ის თავისი ქმედებით „საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“;
  • თუკი ის არ ასრულებს ზემოხსენებული 25-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას;
  • დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით.

„დაუსაბუთებელია“ – სახალხო დამცველი შეზღუდვაზე

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ხეობაში ჩასვლისას, 8 აპრილს, განაცხადა, რომ დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა დაუსაბუთებელი და არაპროპორციული იყო:

„ვერ დავინახეთ დასაბუთება იმისა, თუ რა საჭიროება იყო, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, მით უმეტეს, რომ არანაირი წინაპირობა, — ან მინიშნება, ან მოწოდება, — ძალადობასთან დაკავშირებით არ ყოფილა“, – განაცხადა მან.

ნინო ლომჯარია გუმათჰესთან, ვარლამ გოლეთიანთან და მირზა ნოზაძესთან. 8 აპრილი. ფოტო: მთავარი არხი

სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი ლიკა წიკლაური „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ პირველადი შეფასების შემდეგ, სახალხო დამცველმა შსს-გან საჯარო ინფორმაციის სახით გამოითხოვა კონკრეტული დასაბუთება აღნიშნული ღონისძიების გამოყენებისა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ. ამასთან, სახალხო დამცველმა შსს-ს ამ დასაბუთების გასაჯაროებისკენ მოუწოდა.

„დისკრეციის ფარგლებში, თუკი არსებობს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან რეალური დაპირისპირების მყისიერი საფრთხე, ამ შემთხვევაში პოლიცია აფასებს, ეს საფრთხეები რაც შეიძლება იყოს, რამდენად რეალურია, მყისიერია და რამდენად შეიძლება მიიღოს დროებითი საპოლიციო ღონისძიება, რაც იქნება ეფექტიანი ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.

დასახელებული მუხლი კი ითვლისწინებს მსგავს შესაძლებლობას, მაგრამ კონკრეტულად ამ ზომას რომ იყენებს შსს, რეალურად უნდა იყოს დასაბუთებული კონკრეტული მიზეზები. მუხლზე აბსტრაქტულად მითითება არ არის დასაბუთება. ამიტომ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულად რა იყო. მხოლოდ მუხლზე მითითება არ კმარა“, – ამბობს ლიკა წიკლაური, სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

ამასთან, ლიკა წიკლაური იმეორებს ნინო ლომჯარიას შეფასებას, რომ იმ პირობებში, როდესაც „აქციები მიმდინარეობდა მშვიდობიანი ფორმით და არ იკევეთბოდა ძალადობირივი მოწოდებები“, პოლიციის ქმედებები დაუსაბუთებელი იყო.

„გამოხატვის თავისუფლებას არ ვზღუდავთ“ – პოლიციის უფროსი

ამ საპოლიციო ღონისძიების გამოყენების კონკრეტულ საფუძვლებზე მითითებას რიონის ხეობის მცველებიც არაერთი დღეა ითხოვენ. მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა არაერთხელ მოითხოვა ახსნა-განმარტება. 13 აპრილს პოლიციის სამხარეოს უფროსმა სულხან თამაზაშვილმა მას ასე უპასუხა:

„პოლიცია იქ ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და დროებით, ზემოთ აღნიშნული მუხლის საფუძველზე, ვზღუდავთ იქ შესვლას. დროებითია ეს. გამოხატვის თავისუფლებას არცერთ შემთხვევაში არ ვზღუდავთ და პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე, თქვენ აქ შეგიძლიათ გააგრძელოთ მშვიდობიანი პროტესტი“.

დამატებით კითხვაზე, კონკრეტული გარემოება დაესახელებინა, თქვა, რომ „ბევრი გარემოებაა“ და შემდეგ დასძინა:

„საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პოლიცია ვერ უზრუნველყოფს. თქვენ იცით, თვეების განმავლობაში აქციის მონაწილეები არიან დაპირისპირებაში ინვესტორი კომპანიის მიერ დასაქმებულ ადგილობრივ მცხოვრებლებთან, რომლებმაც ლუკმა-პურის სარჩო ნახეს არა სხვაგან, ქვეყნიდან გასვლით, ადგილზევე მოახერხეს დასაქმება“…

რატომ არ არის დასაბუთებული?

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორი, მერაბ ქართველიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამ დასაბუთებასაც არასაკმარისად მიიჩნევს:

„ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად ეს აქცია არის არაძალადობრივი და მშვიდობიანი. თუ ვსაუბრობთ, რომ კონკრეტული პირი, ერთეული პირები, კონკრეტულ გადაცდომას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას თუ დანაშაულს ჩაიდენს, ამისთვის არსებობს კონკრეტული ქმედებები პოლიციის მხრიდან. ასეთ დროს, როდესაც პასუხი არის, რომ ერთმა ადამიანმა თუ ვიღაცას რაღაც უთხრა, მთლიანად გიზღუდავ რაიმე უფლებას, დასაბუთებად ვერ ჩაითვლება“.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი ლიკა წიკლაურიც ამბობს: „ამა თუ იმ ზომას რომ იყენებ, ეს უნდა იყოს პროპოციული ამა თუ იმ კონკრეტული საფრთხის. რაიმე ინფორმაცია ჰქონდათ, რომ რამე ეგეთი დაპირისპირება ძალიან რეალური და მოსალოდნელი იყო? პროტესტი თვეების განმავლობაში გრძელდება და ამ დროში განსხავებული მოსაზრებები შეიძლება ჰქონდეს მოსახლეობას, ეს ხომ აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ძალადობაში გადაიზრდება პროცესები“?

ამასთან, ლიკა წიკლაურის მითითებით, შსს-მ სწორედ იმიტომ უნდა გაასაჯაროოს გადაწყვეტილების კონკრეტული საფუძველი, რომ მოხდეს შეფასება, „შესაძლო უკანონო ქმედების აღკვეთა თუ არის უფრო მარტივი, ნაკლებად მზღუდავი საშუალებით შესაძლებელი. და ეს თუ ასეა, ცხადია, ნაკლებად მზღუდავი საშუალება უნდა იქნას გამოყენებული“.

„ჰიპოთეტურად, ამ შემთხვევაში, თუ კონკრეტულად ერთი ან რამდენიმე პირის მხრიდან არსებობდა ძალისმიერი მოწოდებები, მუქარები და დანაშაულის საფთრთხე, სხვა მექანიზმებიც არსებობს, რომ ის თავიდან იქნას აცილებული“, – ამბობს იგი.

„საშიში პრეცედენტი“

საიას ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორის, მერაბ ქართველიშვილის თანახმად, პოლიციის მიერ ამ პროცესზე მსგავსი ლოგიკის მისადაგება, — გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის პირობებში, — სარისკო პრეცენდეტი შეიძლება იყოს:

„ამავე ლოგიკით შეიძლება პოლიციამ ნებისმიერ დროს იგივე არგუმენტები გამოიყენოს და თქვას, რომ „აქ ვერ გააპროტესტებთ, იმიტომ, რომ შეიძლება ვიღაცამ რაღაცა უთხრას ვიღაცას“ და პარლამენტთან შეკრების უფლება მაგ საფუძვლით არ მისცეს. ან ნებისმიერ სხვა დაწესებულებასთან“, – ამბობს იგი.

აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციის შესახებ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ასევე ამბობს, რომ აღნიშნული შეზღუდვა „არ უნდა იწვევდეს პირის უფლების ხანგრძლივ შეზღუდვას, ისარგებლოს საკუთარი საცხოვრებელი ადგილით“, — რის დარღვევაზეც ადგილობრივები მიუთითებენ ხოლმე; ხოლო ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი კი ამბობს, რომ „დროებითი შეზღუდვა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ აღარ არსებობს ამ ღონისძიების განხორციელების საფუძველი“.

ამასთან, აღნიშნული ღონისძიება თავისი არსით დროებითია. „დროებითობას გულისხმობს ეს მუხლები, მაგრამ შსს არ ასახელებს, თუ რა ხნით იყენებს აღნიშნულ ღონისძიებას“, – ამბობს მერაბ ქართველიშვილი.

მთავარი ამოცანა: „პროტესტის ადგილის ცვლილება“

3-4 აპრილს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და ბლოკპოსტის აღმართვასა და 14 აპრილს ბლოკპოსტთან ჯებირების აღმართვას შორის მოვლენები ასე განვითარდა:

10 აპრილს სოფელ ნამოხვანში, დემონსტრანტების ბანაკის სიახლოვეს, მდინარე რიონში ახალგაზრდა კაცი გაუჩინარდა, რომელსაც დღემდე ეძებენ;

11 აპრილს პოლიცამ სოფელ ნამოხვანში გაშლილი კარვები აშალა, რაც ოფიციალურ განცხადებაში მდინარე რიონის ადიდების საფრთხით დაასაბუთა.

ეს დასაბუთება არადამაჯერებლად მიიჩნიეს ხეობის მოსახლეობამაც და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმაც. „თუ რიონის ადიდებაა რისკი და ამ რისკისგან ხალხის დაცვაა მოტივი, ჩვენ ვიცით, რომ იქვე ჩაყოლებაზე არის „ენკას“ ოფისი, მდინარესთან. ის ოფისი აიღეს თუ არ აიღეს? შეაჩერეს სამუშაოები თუ არა“? – კითხულობს მერაბ ქართველიშვილი.

მისი თქმით, შსს-ს ამ ნაბიჯის დაუსაბუთებლობას უჩვენებს ისიც, რომ ოფიციალური განცხადება და ადგილზე პოლიციის წარმომადგენლის გაკეთებული განმარტებები აცდენილი იყო ერთმანეთისგან:

„ერთ მხრივ, განცხადებაში ეწერა, რომ რიონის ადიდების რისკის გამო უნდა ავიღოთ კარვებიო, მეორე მხრივ კი ადგილზე პოლიციის უფროსმა განუცხადა, კარვების აღების საფუძველია, წინა დღით დაკარგული პირის გამო დაწყებულ საგამოძიებო სამუშაოებში ხელი არ შეგვეშალოსო/ და, მესამე მხრივ, თქვენს უსაფრთხოებას ვერ უზრუნველვყოფთ და ეს არის პრობლემაო“…

აღსანიშნავია ისიც, რომ კარვების აშლის შემდეგ დილას, 12 აპრილს, — როდესაც აქციამ გუმათჰესთან გადაინაცვლა და ნამოხვანში დემონსტრანტები არ იყვნენ, — საბანაკე ადგილი კომპანიის ტრაქტორებმა გადახნეს.

საია-ს წარმომადგენლის, მერაბ ქართველიშვილის თქმით, ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ პოლიციისთვის მთავარი ამოცანა იყო, პროტესტის ადგილი შეცვლილიყო და დემონსტრანტებს არ მისცემოდათ საშუალება, ნამოხვანში გაეპროტესტებინათ ჰესის მშენებლობა, რათა კომპანიას დისკომფორტი არ შეჰქმნოდა.

„ფაქტია, რომ რეალურად მოხდა სხვადასხვა [დაუსაბუთებელი] არგუმენტით კარვების აღება და იმ ტერიტორიაზე, ალტერნატიულ ადგილზე, აქციის გაგრძელების შესაძლებლობა მათ აღარ მისცემიათ. და ახლაც ფაქტია, რომ არ ეძლევათ შესაძლებლობა, განახორციელონ სურილისამებრ პროტესტი“, – ამბობს ლიკა წიკლაური, სახალხო დამცველის წარმომადგენელი.

? ნამოხვანში რიონის ხეობის მცველები კარვების ტერიტორიას ყოველდღე ალამაზებდნენ. ასეთი იყო 11 აპრილს, ვიდრე პოლიცია იქიდან…

Posted by მთის ამბები / mtisambebi.ge on Monday, April 12, 2021

აღნიშნული შეზღუდვების გათვალისწინებით, მერაბ ქართველიშვილის (საია) თანახმად, იზღუდება არა მხოლოდ გადაადგილების თავისუფლება, არამედ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, რადგან ადამიანებს „არ შეუძლიათ აირჩიონ, რომელ ტერიტორიაზე რას გააპროტესტებენ“.

რა ხდება ახლა?

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 14 აპრილს ქუთაისში მორიგი მასშტაბური დემონსტრაცია გამართეს, ღამე კი პროტესტის ნიშნად ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათიეს.

15 აპრილის დილას ისინი გუმათჰესის მიმდებარედ დაბრუნდნენ, სადაც პოლიციას კვლავ რკინის ჯებირები აქვს აღმართული.

ეკონომიკის სამინისტროს შეთავაზებაზე, „დიალოგს დაუბრუნდნენ“, დემონსტრანტების ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ დიალოგის სივრცის შესაქმნელად აუცილებელია შემდეგი ნაბიჯები:

„აიღონ ეს რკინის კედელი, დავბრუნდეთ ნამოხვანში, კარვებში, გავაგრძელოთ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი და გადაწყვეტილების მიმღები მოვიდეს ჩვენთან და შემოვიდეს შინაარსობრივ დიალოგში“…


გარეკანის ფოტოზე: „რიონის ხეობის მცველი“ მაკა სულაძე გუმათჰესთან აღმართულ ბარიკადებთან. ფოტოს ავტორი: დათო სიმონია

მასალების გადაბეჭდვის წესი