ახალი ამბებიეკონომიკა

ნამახვანჰესის ფორსმაჟორი

31 მაისი, 2021 • 4400
ნამახვანჰესის ფორსმაჟორი

ნამახვანჰესის მშენებლობის ხელშეკრულების შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული შენიშვნების დასკვნა ხაზს უსვამს, რომ ფორსმაჟორული გარემოების დროს მიზანშეუწონელია, ფინანსური პასუხისმგებლობა მიემართებოდეს ხელშეკრულების მხოლოდ ერთი მხარის – საქართველოს მთავრობისკენ.

დასკვნა მიუთითებს იმაზეც, რომ “არაფიზიკური” ფორსმაჟორის დროს კომპანია სრულად თავისუფლდება მის წინაშე არსებული პასუხისმგებლობებისგან, სახელმწიფო – არა.

იუსტიციის სამინისტროს დასკვნის თანახმად, ფორსმაჟორის პირობები ხელშეკრულების ერთი მხარის – საქართველოს მთავრობის დასჯის მექანიზმად გამოიყენება.

ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, კონკრეტულად რას გულისხმობს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული დასკვნა და საქართველოს მთავრობასა და ჰესის მშენებელ კომპანიას შორის გაფორმებული კონტრაქტი ფორსმაჟორის მდგომარეობებთან და ამ დროს მხარეების ვალდებულებებთან დაკავშირებით. ასევე, შევეცადეთ დაგვედგინა, თუ რატომ შეიძლებოდა მოხვედრილიყო აღნიშნული საკითხი დადებულ ხელშეკრულებაში. ასევე, რატომ მიიჩნევენ მას იუსტიციის სამინისტრო და სხვა კრიტიკოსები პრობლემურად.

რა წერია იუსტიციის სამინისტროს მომზადებულ დასკვნაში ფორსმაჟორის შესახებ

ფორსმაჟორი, მისი კლასიკური განმარტებით, არის გადაულახავი ძალა, ანუ გარემოება, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია და რომელიც ხელშეკრულების (კონტრაქტის) ვადის გადატანის (გაგრძელების) შესაძლებლობას იძლევა, ან საერთოდ ათავისუფლებს მხარეებს გარიგებით ნაკისრი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებისგან.

სახელშეკრულებო სამართალში მხარეები წინასწარ თანხმდებიან იმაზე, თუ როგორ დაარეგულირებენ ურთიერთობებს იმ შემთხვევაში, თუ ესა თუ ის გარემოება, – იქნება ეს სტიქიური უბედურება თუ პოლიტიკური აქტი, – ხელმომწერ მხარეებს ხელს შეუშლის ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.

ასეა ნამახვანჰესის შემთხვევაშიც, სადაც, ერთი მხრივ, სახელმწიფო, მეორე მხრივ კი, მშენებელი კომპანია ფორსმაჟორულ შემთხვევებზე პასუხისმგებლობებს წინასწარ განსაზღვრავენ. ნამახვანჰესის კონტრაქტში ფორსმაჟორი 2 კომპონენტისაგან შედგება. პირველი, ეს არის პოლიტიკური ფორსმაჟორი, როგორიცაა, მაგალითად, ომი, ტერაქტი, საპროტესტო აქციები, რომელიც ხელს შეუშლის მშენებლობას და სხვა. მეორეა ფიზიკური ფორსმაჟორი, რომელიც სტიქიურ უბედურებებს მოიცავს (მეწყერი, მიწისძვრა და სხვა).

ფორსმაჟორის გამო ვალდებულებების შესრულებისაგან გათავისუფლების პირობაა, რომ ეს მდგომარეობა დროში გაწელილი უნდა იყოს.

ხელშეკრულების კრიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ მაგალითად, პოლიტიკური ფორსმაჟორის დროს კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფომ კომპანიას კომპენსაცია უნდა გადაუხადოს, ხოლო არაპოლიტიკური ფორსმაჟორისას კონტრაქტის შეწყვეტისას, მართალია, სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდის ვალდებულება არ აქვს, მაგრამ ვალდებულია, კომპანიისგან გამოისყიდოს აქტივები. კრიტიკოსების შეფასებით, ამგვარი კონტრაქტი კომპანიას ყველანაირ რისკს უზღვევს სახელმწიფოს მხრიდან გაზრდილი ვალდებულებების ხარჯზე.

იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის დასკვნაში, რომელიც “მთის ამბებმა” გაავრცელა, პოლიტიკური ფორსმაჟორის ნაწილში მიზანშეუწონლად მიაჩნია ის, რომ მიუხედავად იმისა, ამ მოვლენებსა და გარემოებებზე არცერთ მხარეს არ აქვს კონტროლი, ასევე, მათ წარმოქმნაში ბრალი არცერთ მხარეს მიუძღვის, პასუხისმგებლობა მაინც მიემართება ერთი მხარის – სახელმწიფოს მიმართ. დასკვნის თანახმად, ამგვარი დაშვება გამოიყენება ერთი მხარის დასჯის მექანიზმად.

ფორსმაჟორის შემთხვევაში, ყურადღება მახვილდება იმაზეც, რომ “არაფიზიკური ფორსმაჟორი” (პოლიტიკური) ცალკეულ შემთხვევებში არ ათავისუფლებს საქართველოს მთავრობას დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისგან, მაშინ, როდესაც იგივე პირობები ათავისუფლებს კომპანიას თავისი ვალდებულებების შესრულებისაგან.

25 მაისს მედიასაშუალება NEWPOST.GE-მ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც, მედია-საშუალების თქმით, ასახავდა იმას, გაითვალისწინა თუ არა მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს შენიშვნები საბოლოო კონტრაქტში, რომელიც ნამახვანჰესის მშენებელ კომპანიასთან გააფორმა.

აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, მე-16 პუნქტით გათვალისწინებული შენიშნვები “არ გაუთვალისწინებიათ, რადგან ინვესტორი არ ეთანხმებოდა აღნიშნულ ცვლილებებს”.

პოლიტიკური ფორსმაჟორი

პოლიტიკური ფორსმაჟორის ყველა პუნქტი საქართველოს მთავრობის მხრიდან კომპენსირებადია.  მათ შორისაა ომის, სამხედრო გადატრიალების, ნებისმიერი ემბარგოს, ბლოკადის, გაფიცვისა ან პროტესტის შემთხვევები, რა დროსაც “საფრთხე ექმნება პროექტს”. კომპენსირებადია იმის მიუხედავად, რომ ის შეიძლება არ იყოს გამოწვეული მთავრობის მიერ. უფრო მეტიც, ამ მოვლენებმა შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს მთავრობის ცვლილება ან ჩამოგდება, ან სხვა ტიპის ზიანის მიყენება.

პოლიტიკური ფორსმაჟორი გულისხმობს:

  • ნებისმიერ საომარი მოქმედება, იქნება ეს გამოცხადებული თუ არა, ან მოხდება თუ არა საქართველოს მთავრობის ბრალეულობით, შემოსევა და ტერორისტულ აქტი;
  • ნებისმიერი რევოლუცია, ამბოხება, აჯანყება, სამოქალაქო არეულობა, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ან სამხედრო გადატრიალება;
  • ნებისმიერი გაფიცვა, რომელიც პროტესტის ფორმად ირჩევს ეფექტურობის/წარმოების შემცირებას, რომელიც სცდება “სადგურს” და არის პოლიტიკური ხასიათის;
  • ნებისმიერი ბლოკადა, ემბარგო და საქართველოსკენ მომავალი გზების გადაკეტვა;
  • იმპორტ-ექსპორტის შეზღუდვა;
  • “სადგურების” წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი საბოტაჟი, რომელიც არ არის თანამშრომლის, კონტრაქტორის ან მისი აგენტის, ან კომპანიის აფილირებული პირის, ან პარტნიორის მიერ განხორციელებული;
  • რადიოაქტიური დაბინძურება ან იონიზირებული რადიაცია, რომლის წყაროც საქართველოს შიგნითაა;
  • დაბინძურება, რომლის წყაროც საქართველოს შიგნითაა და გავლენას ახდენს წყლის ხარისხზე;
  • ნებისმიერი საჯარო აგიტაცია ან პროტესტი, რაც ხელს უშლის მშენებლობას ან “პროექტის” ოპერირებას, ან ზოგადად, “პროექტს” და ხანგრძლივობით აღემატება 21 დღეს, ჯამში, 6- თვიან პერიოდში;
  • “ნებისმიერი დაკავშირებული შემთხვევა”.

არაპოლიტიკური ფორსმაჟორი

ფიზიკური [იგივე არაპოლიტიკური] ფორსმაჟორის დროს კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ან სავარაუდო მოგების დანაკარგების ანაზღაურება სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება, თუმცა გახანგრძლივებული ფორსმაჟორის დროს კომპანიას აქვს უფლება შეწყვიტოს ხელშეკრულება, სახელმწიფო კი ვალდებულია მისგან აქტივები გამოისყიდოს. 

გადასაცემი აქტივები აერთიანებს: ”ფიზიკურ აქტივებს, რომლებიც ერთობლიობაში ქმნიან სადგურებს; ნებისმიერ სადგურთან დაკავშირებულ იმ გზებს, რომლებიც არ არის გადაცემული მთავრობისთვის; ნებისმიერ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ უფლებას, რომელიც საჭიროა სადგურების მშენებლობის, ოპერირებისა და საკუთრებისთვის და გზების მშენებლობისთვის და ამჟამად ეს უფლებები მიემართება კომპანიას; ნებისმიერ ლიცენზიებსა და ნებართვებს, რომლებიც თავისუფლად გაიცემა; ენერგიის გაყიდვა-გადაცემასთან და სადგურების აშენებასთან, ოპერირებისა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით გაფორმებულ ხელშეკრულებებს.

მაშინ, როდესაც არაპოლიტიკური ფორსმაჟორის დროს დაზიანებული მხარე არის კომპანია, ხელშეკრულების 8.1.7. პუნქტის თანახმად, მას შეუძლია მიმართოს სადაზღვევო კომპანიას ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელთანაც შეთანხმება საკუთარი ნება-სურვილით გააფორმა.

ფიზიკური ფორსმაჟორი გულისხმობს:

  • ხანძარი, აფეთქება ან დატბორვა, მიუხედავად იმისა, გამოწვეულია თუ არა ბუნებრივი კატასტროფით, ან სხვა გარემოებით;
  • ეპიდემია ან პანდემია;
  • სამშენებლო მოედანზე არქეოლოგიური ნამარხების აღმოჩენა;
  • ნებისმიერი გაფიცვა, რომელიც პროტესტის ფორმად ირჩევს ეფექტურობის/წარმოების შემცირებას, რომელიც სცდება “სადგურს”, მაგრამ არ არის პოლიტიკური ხასიათის;
  • რადიოაქტიური დაბინძურება ან იონიზირებული რადიაცია, რომლის წყაროც საქართველოს გარეთაა;
  • დაბინძურება, რომლის წყაროც საქართველოს ფარგლებს გარეთაა და გავლენას ახდენს წყლის ხარისხზე.

ხელშეკრულების 8.1.6 პუნქტის თანახმად, არც მთავრობასა და არც სხვა საჯარო დაწესებულებას [რომელიც ასევე წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს] არ აქვს უფლება მოითხოვოს საკუთარი ვალდებულებებისგან განთავისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ფორსმაჟორული შემთხვევა გავლენას ახდენს მისი ამ ვალდებულებების შესრულებაზე. იუსტიციის სამინისტროს დასკვნის თანახმად, მათ შორის სწორედ ეს გარემოებაა მიზანშეუწონელი და აღიქმება, როგორც მხარის – საქართველოს მთავრობის დასჯის მექანიზმად.

მეორე მხრივ, ხელშეკრულების 8.1.8 პუნქტის თანახმად, გახანგრძლივებული ფორსმაჟორის ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური, კომპანიას აქვს უფლება განაცხადოს საკუთარ უფლებამოსილებების შესრულებაზე უარი, ხოლო სახელმწიფო ვალდებული ხდებ,ა წინასწარ დადგენილი წესით გამოისყიდოს გადასაცემი აქტივები.

გახანგრძლივებული ფორსმაჟორი ომის შემთხვევაში გულისხმობს 270 დღეს, ხოლო სხვა შემთხვევებში- 180 დღეს.

ხანგრძლივი პოლიტიკური ფორსმაჟორის შედეგად შეწყვეტილი ხელშეკრულების დროს გადასაცემი აქტივების გამოსასყიდად კომპანიისთვის გადასახდელი თანხა უტოლდება იმ თანხას, რაც იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა დაარღვევდა კონტრაქტის პირობებს, რასაც მოჰყვებოდა ხელშეკრულების შეწყვეტა. ხოლო არაპოლიტიკური ფორსმაჟორის დროს გადასახდელი თანხა შეადგენს საბაზისო თანხას, ნებისმიერ გადასახადს, რაც გადახდილ იქნა გადასაცემი აქტივის გადაცემასთან დაკავშირებით, კაპიტალში ინვესტიციასა და საგადასახადო gross-up გადასახადს. პოლიტიკური ფორსმაჟორის დროს საკომპენსაციო თანხის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ზიანი მიადგა კომპანიას, ან/და რა მოცულობის მოგების მიღება ვერ შეძლო.

“რატომ არის ფორსმაჟორის ნაწილში ხელშეკრულება პრობლემური”

სოციალური სამართლიანობის ცენტრის [ყოფილი EMC] იურისტი სალომე შუბლაძე განმარტავს რამდენიმე ძირითად შენიშვნას, რომელიც მას აღნიშნული ხელშეკრულების შესახებ ფორსმაჟორის მდგომარეობის ნაწილში უჩნდება, მათ შორის:

  • “პასუხისმგებლობების არათანაბარი გადანაწილება სახელმწიფოს საზიანოდ”

იურისტის თანახმად, ფორსმაჟორი არის იმგვარი მოვლენა, რომელიც სცილდება მხარეთა კონტროლს, ხოლო ნამახვანჰესის მშენებლობის ხელშეკრულებაში ჩადებული პირობები ქმნის პოლიტიკური ფორსმაჟორის ძალიან ფართო განმარტებას.

“რისკზე პასუხისმგებლობის აღება გამომდინარეობს იქიდან, რომ ეს კონკრეტული მხარე ამ რისკს უფრო მეტად აკონტროლებს. ზოგადად ლოგიკურია, რომ პოლიტიკური ფორსმაჟორი დაზღვეული იყოს, თუმცა ნამახვანჰესის ხელშეკრულება მაინც შეიცავს პოლიტიკური ფორსმაჟორის ძალიან ფართო განმარტებას, რადგან მასში შედის საგარეო საკითხებიც [ომი და ა.შ.], რომელზეც ქართულ სახელმწიფოს საერთოდ არ აქვს გავლენა. მიუხედავად ამისა, ეს რისკი მაინც გადმოდის სახელმწიფოს მხარეს”, – განაცხადა სალომე შუბლაძემ.

  • “არა მხოლოდ ზიანის, არამედ შესაძლო მოგების ანაზღაურება კომპანიის სასარგებლოდ”

“ჩვეულებრივი წესი არის ის, რომ სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს მხოლოდ გაზრდილი ხარჯების ნაწილი, ანუ ის, რაც უშუალოდ დააკლდება კომპანიას, თუმცა ამ ხელშეკრულებით ეს საკითხი გაცილებით შორს მიდის და გულისხმობს ისეთ გარემოებებს, როგორიც შეიძლება იყოს გაშვებული ბიზნესშესაძლებლობები, მიუღებელი შემოსავლები და ასე შემდეგ, რაც პრობლემურია”, – აცხადებს ნეტგაზეთთან საუბრისას ორგანიზაციის ადვოკატი.

  • “კომპანია თავისუფლდება ვალდებულებებისგან, სახელმწიფო- არა, მაშინაც კი, როდესაც მას ვალდებულებების შესრულება არ შეუძლია”

იურისტის განცხადებით, პოლიტიკური ფორსმაჟორის დროს სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ მისი სტრუქტურები შეიძლება პარალიზებული იყოს, მაინც აგრძელებს ვალდებულებების შესრულებას ჰესის პროექტის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, რომ მას შესაძლოა ეს აღარ შეეძლოს [მაგალითად, ომის შემთხვევა], წინააღმდეგ შემთხვევაში კი დგება კომპანიისთვის კომპენსირების გადახდის ვალდებულება.

“იმ შემთხვევაში, თუ დადგება პოლიტიკური ფორსმაჟორი, ეს, ბუნებრივია, გავლენას ახდენს სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციონირებაზეც. მაგალითად, თუ მოხდება ტერორისტული თავდასხმა ან ომი, ბუნებრივია, შესაძლოა,სახელმწიფოს ორგანოებმა ვეღარ შეძლონ დაკისრებული ვალდებულებების ჩვეულებრივად შესრულება, თუმცა, ამ ხელშეკრულების თანახმად, მთავრობა არ თავისუფლდება ვალდებულებების შეუსრულებლობისგან. ჩვენი სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ფორსმაჟორის დროს ორივე მხარე თავისუფლდება ვალდებულებებისგან, თუმცა ამ შემთხვევაში ეს ასე არ არის.

ვალდებულებებისგან სრულად თავისუფლდება კომპანია, მაგრამ არ თავისუფლდება სახელმწიფო. ამ დროს ერთი საკითხია ის, რომ პოლიტიკური ფორსმაჟორი თავადაა კომპენსირებადი შემთხვევა, თუმცა, თუ სახელმწიფო ვერ შეასრულებს თავის ვალდებულებებს [მაგალითად, მეზობელ სახელმწიფოსთან ომის გამო, რომელიც მეზობელმა სახელმწიფომ წამოიწყო], ის დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს, რაც ასევე არის ცალკე კომპენსირების შემთხვევა”, – აცხადებს შუბლაძე.

  • მონეტარული ვალდებულებები 

შუბლაძის განცხადებით, ჩანაწერი, რომ ფორსმაჟორის დროს არცერთი მხარე არ თავისუფლდება მონეტარული ვალდებულებებისგან, სინამდვილეში ცალმხრივია სახელმწიფოს საზიანოდ.

“ხელშეკრულება არცერთ მხარეს ათავისუფლებს მონეტარული ვალდებულებებისგან, რაც თანხის გადახდის ვალდებულებაა. თუ რომელიმე მხარეს ევალება ფულის გადახდა მეორე მხარისთვის, ფორსმაჟორი როგორიც არ უნდა იყოს, ამ ვალდებულებისგან ვერ გაათავისუფლებს მხარეს. ამავდროულად, ეს პრობლემური და ცალმხრივი არის იმიტომ, რომ თანხის გადახდის ვალდებულება, როგორც წესი, არის სახელმწიფოს მხარეს. როგორც ვიცით, ორივე ტიპის ფორსმაჟორი კომპანიას ვალდებულებების შესრულებისგან ათავისუფლებს.

კომპანიას ერთადერთი ფულადი ვალდებულება, რაც შეიძლება ჰქონდეს, ეს არის პირგასამტეხლო [რომელსაც იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ თავის ვალდებულებებს ვერ ასრულებს], მაგრამ ფორსმაჟორის დროს ის ამისგანაც გათავისუფლებულია. სახელმწიფო, რომელიც თავის მხრივ არ თავისუფლდება ვალდებულებებისგან, კვლავ ვალდებულია, მაგალითად, “ესკოს” [ელექტოენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი] სახით, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვითარებაა ქვეყანაში, კომპანიას მაინც გადაუხადოს ფული. ეს ჩანაწერი ერთი შეხედვით ნეიტრალურია, თუმცა სინამდვილეში მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ”, – მიაჩნია მას.

  • გადასაცემი აქტივების გამოსყიდვის წესი

იურისტის განცხადებით, გადასაცემი აქტივების გამოსყიდვის წესიც პრობლემურია.

“ფიზიკური [არაპოლიტიკური] ფორსმაჟორის შემთხვევა არ არის კომპენსირებადი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც რისკებს საკუთარ თავზე ღებულობს სახელმწიფო. თუ ეს მდგომარეობა გაგრძელდება 180 დღეზე მეტი, ხოლო კომპანიისთვის აზრი აღარ ექნება კონტრაქტის ძალაში დატოვებას, მას შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება, ხოლო სახელმწიფოს შეეძლება გადასაცემი აქტივების გამოსყიდვა. იმისათვის, რომ ქონება გადმოეცეს სახელმწიფოს, მან უნდა გადაიხადოს არა ქონების ღირებულება, არამედ კომპანიის მიერ აღებული სესხი, კაპიტალური ინვესტიცია, იმ დროს დარიცხული გადასახადები და საგადასახადო ნამატი. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური ფორსმაჟორი, წყალდიდობა და ხანძარი და ასე შემდეგ, შესაძლოა არ იყოს სახელმწიფოს მიერ გამოწვეული.

პრობლემურია ისიც, რომ პოლიტიკური ფორსმაჟორის დროს კომპენსირების რეჟიმი, თუ ხელშეკრულება შეწყდება [კომპანიის გადაწყვეტილებით], უთანაბრდება სახელმწიფოს მიერ ხელშეკრულების დარღვევის დროს გადასახდელ თანხას”, – ეუბნება სალომე შუბლაძე ნეტგაზეთს.

  • “მოქალაქეთა კანონიერი უფლებების რეალიზაციის სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდა”

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტის თქმით, გაფიცვის დროს, რაც ხელშეკრულების თანახმად შეიძლება იყოს პოლიტიკური ფორსმაჟორი, სახელმწიფო იღებს კომპენსირების ვალდებულებას, რაც კანონიერი უფლების რეალიზებისთვის კომპენსაციის გადახდას გულისხმობს.

კონტრაქტში ჰესის მშენებლობაზე დასაქმებული პირების ორი ტიპის გაფიცვა არსებობს: ერთის მიხედვით გაფიცვა “პოლიტიკურია”, ხოლო მეორე შემთხვევაში – არაპოლიტიკური. დაკონკრეტებული არ არის, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს თანამშრომლების გაფიცვა პოლიტიკურად, რაც პოლიტიკური ფორსმაჟორის სამართლებრივ მდგომარეობას აყენებს.

“სახელმწიფო თანხმდება კომპანიას, რომ მოქალაქეების კანონიერი უფლების რეალიზება წარმოშობს კომპენსირების შემთხვევას. ეს ბოლომდე სწორი არ არის, რადგან მესმის, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება კომპანიას მუშაობაში ხელი შეეშალოს, მაგრამ სახელმწიფო თავისი მოქალაქეების შრომითი უფლებების რეალიზებას არ უნდა უკავშირებდეს კომპენსირების ვალდებულებას” ,- აცხადებს იგი.

იურისტის განცხადებით, ფორსმაჟორული გარემოებები მოწესრიგებულია იმგვარად, რომ თუ რაიმე სასურველი სცენარით არ განვითარდება, სახელმწიფო მძიმე ფინანსურ პასუხისმგებლობას იღებს.

“ეს რისკები უნდა ყოფილიყო დათვლილი და შეფასებული ფინანსთა სამინისტროს მიერ. ეს შეფასება არის სავალდებულო და მათი დასკვნის გათვალისწინებაც ასევე სავალდებულოა. ამ პროექტში, როგორც ჩანს, საერთოდ არ არსებობს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა, რაც ალბათ, მთავარი პრობლემაა”, – უთხრა ნეტგაზეთს სალომე შუბლაძემ.

“სხვა კომპანია უარეს პირობებს გვთავაზობდა”

იმის გასარკვევად, თუ რატომ გაჩნდა კონტრაქტში ისეთი ჩანაწერები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შეფასებითაც არის “მიზანშეუწონელი”, ვესაუბრეთ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორს, გიორგი ჩიქოვანს.

სწორედ ამ სახელმწიფო კომპანიის, “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” მიერ შექმნილმა კომისიამ, შეისწავლა ჰესის აშენების კონკურსში თითოეული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და 2017 წლის 16 იანვარს გამარჯვებულად „CLEAN ENERGY GROUP GEORGIA“ LLC გამოავლინა, რომელსაც შემდგომში “ენკა რინიუებლზი” ეწოდა.

ჩიქოვანმა განაცხადა, რომ სხვა კომპანიებს, რომლებიც პროექტის მშენებლობის შესარჩევ ეტაპებს გადიოდნენ, სახელმწიფოს უფრო “ცუდ პირობებს სთავაზობდნენ, ვიდრე ის, რომელიც საბოლოოდ შეირჩა და კონტრაქტი გაფორმდა.

“შემდეგი პრეტენდენტი, რომელიც იყო ამ აუქციონში, ითხოვდა გარანტირებული შესყიდვის 100%-იან დაზღვევას [ენკა – წელიწადში 8 თვეს], 8 ამერიკულ ცენტს კილოვატ საათში და შემდეგ კიდევ უფრო უარესდებოდა პირობები”, – განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

ამჟამინდელი ხელშეკრულებით ტარიფი განსაზღვრულია კილოვატ საათზე 6.2 ამერიკული ცენტით, რომელიც ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულების (PPA-ის 15- წლიანი პერიოდი) ამოწურვამდე. სადგურების ფაქტობრივი ფუნქციონირების დაწყებიდან 15 წლისთავზე ტარიფი ერთ კილოვატ საათზე დაახლოებით 9.66 ცენტი იქნება.

მისი განცხადებით, კონტრაქტი დაბალანსებულია და შეესაბამება მსოფლიო ბანკის PPP [საჯარო-კერძო თანამშრომლობის] გაიდლაინებს.

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, თუ რატომ ღებულობს პოლიტიკური ფორსმაჟორის დროს სახელმწიფო ყველა ვალდებულებაზე პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ის თავად არაა პასუხისმგებელი შექმნილ გარემოებებზე და შესაძლოა თავადვეც ზიანდებოდეს ფორსმაჟორული ვითარებით, ხოლო კომპანია თავისუფლდება დაკისრებული მოვალეობებისგან და შეუძლია ისარგებლოს კომპენსირებადი პირობებითაც, ჩიქოვანი პასუხობს, რომ დიდი ინვესტიციის დროს ასე ხდება.

“პოლიტიკურ ფორსმაჟორს იმიტომ ვაზღვევთ, რომ საქართველოში ოთხჯერ მოხდა ომი და ნორმალური ინვესტორი მოითხოვს ამის დაზღვევას. ფიზიკურ ფორსმაჟორს აზღვევს სადაზღვეო კომპანიები და ბანკები.

დღეს ვარლამი [გოლეთიანი] რომ დგას და გადაკეტილი აქვს [გზა], ეს სახელმწიფოს ბრალეულობით არ ხდება, თუმცა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თავის ქვეყანაში, რომ არ მოხდეს ანალოგიური შემთხვევები. ეს პირველ რიგში სახელმწიფოს ბრალია, აბა, ვისი ბრალია?!”, – განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

ჩიქოვანის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს დასკვნაში მოყვანილი დებულებები მხოლოდ “ტექნიკური, იურიდიული ხასიათისაა” და უბრალოდ ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს მთავრობას.

“მაგაზე იყო მსჯელობა და იუსტიციის სამინისტრო დაგვეთანხმა. ადამიანი დებს 800 მილიონ დოლარს და იღებს პასუხისმგებლობას, რომ მოიზიდავს თანხებს, შექმნის ინფრასტრუქტურას, დებს 20- მილიონიან [აშშ დოლარი, პირგასამტეხელო] გარანტიას, რომ თუ რამეს დაარღვევს, სახელმწიფოს შეუძლია ეს თანხები აიღოს, არ ჩანს შენიშნვებში. მანდ არის წმინდა იურიდიული შენიშვნები და უბრალოდ მითითებაა, რომ ეს “განსახილველია” და ყურადღება მიაქციეთ, და არ ნიშნავს, რომ [ხელშეკრულების ეს პუნქტები] ცუდია”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

შეკითხვაზე, ამ ხელშეკრულებით უფრო მეტად გათვალისწინებულია სახელმწიფო ინტერესი თუ კერძო კომპანიის ამოცანა, ჩიქოვანი პასუხობს, რომ რისკებისა და პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება სახელმწიფოს მიერ მსოფლიო პრაქტიკაა.

“მოდი, შევხედოთ ასე, თქვენ მიდიხართ რომელიღაც ქვეყანაში, რომელშიც ახლო წარსულში მოხდა 4 ომი. თქვენ დებთ 800 მილიონს, იღებთ რისკს, რომ ელექტროენერგიის ნახევარს გაყიდით თავისუფალ ბაზარზე, გაგყავთ გვირაბები, მოგაქვთ კაპიტალი, ამიტომ მე ვიტყოდი, რომ ეს კონტრაქტი ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებულია PPP-გაიდლაინების მიხედვით, სადაც კომპანია რაღაც რისკებს იღებს, სახელმწიფო – რაღაც რისკებს”.

სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, წლის განმავლობაში, გარდა მაისისა და ზაფხულის თვეებისა, სახელმწიფო გარანტირებულად შეიძენს ჰესის მიერ გამომუშავებულ ენერგიას. მაისსა და ზაფხულის თვეების განმავლობაში საქართველოში ადგილობრივი გამომუშავების ხარჯზე ელექტროენერგიის ჭარბი მიწოდებაა. ამ დროის განმავლობაში კომპანიას ეძლევა უფლება, ენერგია ექსპორტზე გაიტანოს.

ნამახვანჰესის ფაქტობრივი ამუშავებიდან 15 წლის გასვლის შემდეგ კი კომპანიას ეძლევა უფლება, წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს გაიტანოს ენერგია ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ნეტგაზეთი ამ საკითხზე მომზადებულ მასალას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის [ყოფილი EMC] იურისტის, სალომე შუბლაძის განცხადებით კი, სახელმწიფოსა და ნამახვანჰესის მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება ასიმეტრიული და უთანასწოროა, მათ შორის ფორსმაჟორული ვითარებების დროს პასუხისმგებლობათა და მოვალეობათა გადანაწილების საკითხშიც.

“ფორსმაჟორული სიტუაციების გამო ხელშეკრულების შეწყვეტა შეუძლია მხოლოდ კომპანიას. მთავრობას ამის შესაძლებლობა არ აქვს. ფორსმაჟორით გათვალისწინებული რისკები არ არის განაწილებული მხარეებს შორის სამართლიანად. პოლიტიკური ფორსმაჟორის დროს ეს არის ყველა ზღვარს გადასული, რადგან სახელმწიფო მიუღებელ შემოსავალსაც კი უნაზღაურებს კომპანიას, ხოლო ფიზიკური ფორსმაჟორის დროს კონტრაქტის შეწყვეტისას სახელმწიფოს მაინც აქვს გადასაცემი აქტივების გამოსყიდვის ვალდებულება”, – აცხადებს სალომე შუბლაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი