ახალი ამბები

დემონსტრანტები არ უნდა დაემუქრონ დასაქმებულებს – თურქეთის ელჩი „ნამახვანზე“

7 ივნისი, 2021 • 1045
დემონსტრანტები არ უნდა დაემუქრონ დასაქმებულებს – თურქეთის ელჩი „ნამახვანზე“

თურქეთის ელჩი საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანი აცხადებს, რომ „ნამახვანი ჰესის“ მოწინააღმდეგეებს აქვთ პროტესტის უფლება, თუმცა, ამავე დროს, პროექტზე დასაქმებულებს „უნდა ჰქონდეთ წვდომა სამუშაო ადგილთან“ და მათ „არ უნდა დაემუქრონ“.

„მივმართავ პროტესტში ჩართულ მეგობრებს: დიახ, მათ აქვთ პროტესტის უფლება, მაგრამ უფლებას თან ახლავს პასუხისმგებლობაც. ამიტომ ისინი არ უნდა დაემუქრონ თურქ თუ ქართველ დასაქმებულებს. მათ უნდა ჰქონდეთ წვდომა სამუშაო ადგილთან“, – განუცხადა თურქეთის ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს 5 ივნისს. ელჩის კომენტარის თარგმანი პირველ არხს ეკუთვნის.

ელჩმა იაზგანმა განაცხადა: „რაც მე მაშფოთებს, არის ის, არის თუ არა პროტესტთან დაკავშირებული რაიმე სახის დისკრიმინაცია. ვგულისხმობ კომპანიის წარმომავლობას. თუ ეს ასეა, მაშინ მე მაქვს პრობლემა, რადგან ეს არის კომპანია, რომლითაც ვამაყობთ. ის კარგი კომპანიაა. ამ კომპანიის მიმართ დისკრიმინაციას იმის გამო, რომ თურქულია, ნამდვილად გავასაჩივრებ და ნამდვილად მოვითხოვ ქართველი ხალხის, ჩემი მეგობრების, თანამშრომლობას“.

თურქეთის ელჩმა ასევე განაცხადა:

„უნდა აშენდეს თუ არა „ნამახვანჰესი“ ან სხვა რომელიმე პროექტი, ეს საკითხი საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგიას ეხება. ჩვენ გვჭირდება მდგრადი ენერგია, რომელიც იქნება გარემოს დაცვაზე გათვლილი. თუ „ნამახვანი“ ასეთია, მაშინ რეგიონის ხალხმა, რომელიც მიიღებს სარგებელს ამ პროექტით და იმ ხალხმა, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დაილაპარაკონ“.

„ნამახვანი ჰესის“ პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს დასავლეთ საქართველოში, მდინარე რიონზე, რასაც მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება. ბოლო თვეებში პროექტის წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობა გაძლიერდა.

უკანასკნელ პერიოდში პროტესტის ფონზე, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტი თუ აქტივისტი ამბობს, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტი მნიშვნელოვან კითხვის ნიშნებს აჩენს სხვადასხვა — გარემოზე ზემოქმედების შეფასების, ეკონომიკურ-ენერგეტიკული სარგებლიანობისა თუ კონტრაქტის — ნაწილში.

„ნამახვანი ჰესის“ ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორ კომპანიას ჰესის მშენებლობის დასრულების ვადის დარღვევის გამო მხოლოდ პირგასამტეხლო ეკისრება და არა ზიანის ანაზღაურება, კომპანიას კი მრავალ შემთხვევაში შეუძლია კომპენსაციის მოთხოვნა სახელმწიფოსაგან.

„ნეტგაზეთი“ სტატიების ამ სერიაში შემოგთავაზებთ „ნამახვანი ჰესის“ კონტრაქტის სხვადასხვა მნიშვნელოვანი ასპექტის შესახებ მომზადებულ მასალებს. ამ ეტაპზე გირჩევთ, წაიკითხოთ:

„ნამახვანი ჰესი“: პირგასამტეხლო და შეუსაბამობები კანონმდებლობასთან

ნამახვანჰესის ფორსმაჟორი

როგორ ავრცელებენ “ნამახვანჰესზე” ერდოღანისა და თურქეთის ელჩის ყალბ კომენტარებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი