ახალი ამბები

ეს უნდა იყოს გაკვეთილი ჩვენი ხელისუფლებისთვის — წულუკიანი ნამახვანჰესზე

22 სექტემბერი, 2021 • 2189
ეს უნდა იყოს გაკვეთილი ჩვენი ხელისუფლებისთვის — წულუკიანი ნამახვანჰესზე

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ “ენკას” გადაწყვეტილება ნამახვანჰესის ხელშეკრულების გაწყვეტაზე ძალიან ცუდი სიგნალია პოტენციური ინვესტორებისთვის.

“მაგრამ ეს არის სამწუხარო შედეგი, რომელიც, ალბათ, უნდა იყოს გაკვეთილიც ჩვენი ხელისუფლებისთვის, ხალხისთვის და  მომავალი განვითარებისთვის გამოყენებული, როგორც ის მაგალითი, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს. ვგულისხმობ იმას, რომ თვითონ ხელშეკრულება, რომელიც თავის დროზე გაფორმდა, შეიძლება უკეთესი ყოფილიყო. ამის შესახებ ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობისას დაიდო დასკვნა, როგორც ამას ითვალისწინებს მთავრობის რეგლამენტი. შეიძლებოდა ქვეყნისთვის უფრო სამართლიანი ხელშეკრულების ხელმოწერა, ამას ვამბობდით მაშინდელ დასკვნაშიც, მაგრამ დაიდო ის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო”, — განაცხადა თეა წულუკიანმა “რუსთავი 2”-ის ეთერში.

ამასთან, წულუკიანი აცხადებს, რომ “დიდი ჰესების დიდი მოყვარული” არც თვითონ არის, მით უმეტეს, სვანეთის კონტექსტიდან გამომდინარე, მაგრამ ყოველთვის უსმენს პროფესიონალების აზრს და იცის, რომ ამ ტიპის პროექტები მნიშვნელოვანია ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.

“ამ ტიპის ჰესები უნდა ვაკეთოთ, რაც არ უნდა არ მოგვწონდეს ვიღაცებს, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი მუშაობა ინვესტორთან და ხალხთანაც, რომ არ გაჩნდეს საფუძვლიანი ან უსაფუძვლო განცდა, რომ რაღაც კეთდება ქვეყნისთვის საზიანოდ”, — დასძინა წულუკიანმა.

მისი თქმით, უფრო სამართლიანი ხელშეკრულების გარდა, ასევე, სჯობდა, ხელისუფლებას უფრო ადრე ეწარმოებინა მოსახლეობასთან სიღრმისეული დიალოგი, რომლის წარმოებასაც შემდეგ შეეცადა.

კომპანია „ენკა“ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის აშენებაზე ხელშეკრულებას წყვეტს, რის მიზეზადაც კონტრაქტის პირობების დარღვევას და ფორსმაჟორული გარემოებებს ასახელებს.

რა ხდება ნამახვანჰესის კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, წაიკითხეთ აქ:

რა ხდება ნამახვანჰესის კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ – 3 სცენარი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი