ახალი ამბები

როგორ ავრცელებენ “ნამახვანჰესზე” ერდოღანისა და თურქეთის ელჩის ყალბ კომენტარებს

7 ივნისი, 2021 • 1385
როგორ ავრცელებენ “ნამახვანჰესზე” ერდოღანისა და თურქეთის ელჩის ყალბ კომენტარებს

“მითების დეტექტორის” ინფორმაციით, ერთ-ერთ Facebook ჯგუფში ნამახვანჰესთან დაკავშირებით თურქეთის ელჩისა და პრეზიდენტის ყალბი ციტატა გაარცელეს. საუბარია “ჩვენ გვიყვარს საქართველოზე”, სადაც ფეისბუქ მომხმარებელმა, მაკა გუწაძემ გამოაქვეყნა თურქეთის ელჩის ფოტო და  ციტატა “ან ნამახვანჰესი აშენდება… ან ქართველ ერს დავასრულებთ.” ფოტოს აღწერაში გუწაძე წერდა, რომ ელჩმა ეს განცხადება თურქულ მედიაში გააკეთა. ამავე ჯგუფში კიდევ ერთმა Facebook-ის მომხმარებელმა იოსე-თაღლაურ მაღალჭრიანმა რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვარლამ გოლეთიანის ციტატები გაავრცელა.

“ჯგუფში ატვირთული ფოტოს მიხედვით, ერდოღანმა თითქოს თქვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო ვიზიტისას მას გარანტია მისცა, რომ ნამახვანჰესი აუცილებლად აშენდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პასუხს ქართველი ერი აგებს. რაც შეეხება ვარლამ გოლეთიანს, ფოტოს მიხედვით, მან აღნიშნა, რომ დღევანდელ საზოგადოებაში ლგბტ აქციას უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე ქართული მიწის დამცველ სახალხო მოძრაობას. ჯგუფში — “ჩვენ გვიყვარს საქართველო” — გამოქვეყნებული ამ პოსტების გავრცელება 6 ივნისის საღამოდან დაიწყო”, — წერს “მითების დეტექტორი”.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში თურქეთის ელჩის, თურქეთის პრეზიდენტის და ვარლამ გოლეთიანის ციტატები, რომლებიც ჯგუფში “ჩვენ გვიყვარს საქართველო” გავრცელდა, გაყალბებულია. მსგავსი შინაარსის კომენტარები ღია წყაროებში არ იძებნება. თურქეთის ელჩის ბოლო განცხადებაში, რომელიც თურქულ მედიაშიც გავრცელდა, ნათქვამია, რომ ნამავანჰესის აშენების საკითხი ქვეყნის შიდა საქმეა. ოფიციალური წყაროების თანახმად, პირველ ივნისს გამართულ  შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს ნამახვანჰესის საკითხზე არ უსაუბრიათ.

როგორც “მითების დეტექტორი” წერს, თურქეთის ელჩის ციტატის გამავრცელებელი არის ყალბი ანგარიში და მაკა გუწაძის სახელი განსხვავდება მისი URL მისამართისგან, სადაც elene.dedashvili.7-ია მითითებული. მაკა გუწაძის პროფილზე ატვირთულ სამივე მაიდენტიფიცირებელ ფოტოზე სხვადასხვა ადამიანია გამოსახული. იოსე-თარლაურ მაღალჭერიანი ინსტაგრამ მომხმარებლის Manu Baumgartner-ის იდენტობას იპარავს.

როგორც “მითების დეტექტორი” აცხადებს, თურქეთის საელჩომ მათთან კომენტარში დაადასტურა, რომ საქართველოში თურქეთის ელჩს, ფატმა ჯერენს მსგავსი განცხადება ნამოხვარჰესთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი