ახალი ამბები

გუმათიდან ნამახვანისკენ მიმავალი გზა გახსნილია

17 ივნისი, 2021 • 1642
გუმათიდან ნამახვანისკენ მიმავალი გზა გახსნილია

გუმათიდან ნამახვანისკენ მიმავალი გზა, რომელიც რკინის ჯებირებით იყო გადაკეტილი, ამ დროისთვის თავისუფალია. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთმა მონაწილემ სალომე სიმონიამ განუცხადა.

მისი თქმით, აქტივისტები ამჟამად სოფელ გუმათთან რჩებიან, თუმცა შესაძლოა პროტესტი ნამოხვანში გააგრძელონ:

“რკინის ჯებირები აიღეს რამდენიმე საათია. ახლა გუმათში ვართ, სავარაუდოდ, წავალთ ნამოხვანში და მშვიდობიანი პროტესტი იქ გაგრძელდება. ამჟამად ველოდებით, პროკრუატურა რა განცხადებებს გააკეთებს დაკავებულებზე, რის შემდეგაც გაიმართება მომდევნო შეხვედრა სამუშოების შეჩერებაზე პირობების შესრულების შემდგომ”, – ამბობს სალომე სიმონია “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

აქტივისტის თქმით, აქციის მონაწილეებს ამ დრომდე არ უცდიათ ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილება, თუმცა არ აქვთ მოლოდინი, რომ პოლიციის მხრიდან რაიმე სახის დაბრკოლება ექნებათ.

დღეს, 17 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ სოფელ გუმათთან დადგმული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებენ. ამას გარდა, შსს აცხადებს, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, პოლიციის თანამშომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში კვლავ დარჩებიან.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს”,-აცხადებენ შსს-ში.

12 ივნისს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ხელმძღვანელმა, დირკ ბუშლემ მთავრობასთან და რიონის ხეობის მცველებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „ვიმედოვნებთ, რომ უკვე მომავალი კვირისთვის დავინახავათ მთავრობისა და პოლიციის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, რაც ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც პროტესტის საკუთარ უფლებას იყენებენ, თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას მისცემთ“.

ვარლამ გოლეთიანმა კი თქვა, რომ პირობის თანახმად, პარასკევისთვის, 18 ივნისისთვის, შესაბამისმა უწყებებმა უნდა აიღონ რიონის ხეობაში განთავსებული ბარიკადები.

მასალების გადაბეჭდვის წესი