ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, დაფინანსების შესახებ დოკუმენტებს უახლოეს პერიოდში გაასაჯაროებენ. ამის შესახებ გოლეთიანმა “TV პირველთან” ისაუბრა.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ აქციის ორგანიზატორებს მოუწოდა, რომ გაესაჯაროებინათ დამფინანსებლების ვინაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად გააკეთებდნენ ამას. სწორედ კობახიძის ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხა ჟურნალისტმა ვარლამ გოლეთიანს, რაზეც მან უპასუხა, რომ აქციის ორგანიზატორები დოკუმენტებს გაასაჯაროებენ იურისტებთან კონსულტაციების შემდეგ და თქვა, რომ მოძრაობა გამოდის ინიციატივით, ყველამ გაასაჯაროოს დაფინანსებებთან დაკავშირებული დეტალები:
“ჩვენ აუცილებლად დავდებთ ამას [დაფინანსების დეტალებს], უბრალოდ, აქამდე ვერ მოვახერხეთ, რადგან გავდივართ იურისტებთან ამ საკითხს იმიტომ, რომ ხშირად მოგვმართავდნენ ჩვენ მოქალაქეები, ვინც ამ თანხებს რიცხავს, არ უნდათ მათი სახელი გამოჩნდეს, არაერთ ადამიანს უთქვამს ეს. არ გვინდა, ისე გამოგვივიდეს, დავდოთ ცხრილები და შემდეგ იმ ადამიანებმა უფლებების დარღვევისთვის შემოგვჩივლონ. ამიტომ გავიარეთ ეს საკითხები, როგორ უნდა იქნას ამა თუ იმ პერსონის კონფიდენციალურობა დაცული და შემდეგ განვათავსებთ ამ ინფორმაციას.
გამოვდივართ ასევე ინიციატივით, რომ როცა დავდებთ ამ შემოწირულობების ნუსხას, შემდეგ ყველა იმ ადამიანმა გაასაჯაროოს თავიანთი შემოწირულობების შესახებ, ვინც ააგორა ეს კამპანია ჩვენი მისამართით. ზოგადად, სასურველია, რომ ფინანსების ნაწილი ამ ქვეყანაში გახდეს გამჭვირვალე, საიდან ფინანსდებიან ესა თუ ის ორგანიზაციები, მათ შორის მედიასაშუალებები ან საერთოდ პერსონები, ვინც ააგორა, რომ ჩვენ ამა თუ იმ პარტიისგან ვფინანსდებით”, – განაცხადა გოლეთიანმა.
მისი თქმით, თბილისში აქციის მოსაწყობად, მათ შორის სცენისა და აპარატურისთვის, დაახლოებით 25 ათასი ლარი დაიხარჯა. გოლეთიანის განცხადებით, ამ თანხაზე ცოტა მეტიც არის ჩარიცხული აქციებისთვის, რომელიც უცხოეთსა და საქართველოში მცხოვრებმა მხარდამჭერებმა შემოწირულობების სახით შეაგროვეს.
რიონის ხეობაში, კარვებში, 208-დღიანი პროტესტისა და ქუთაისში გამართული აქციების შემდეგ, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა 23 მაისს თბილისში გადაინაცვლეს.
“ბრძოლა იწყება აქ და ახლა და ჩვენ მას ბოლომდე მივიყვანთ. მნიშვნელოვანია, განწყობილი ვიყოთ გრძელვადიანი ბრძოლისთვის”, — მიმართა რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა აქცია 4 ძირითადი მოთხოვნით დააანონსეს:
- გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
თუმცა უშუალოდ აქციაზე მოთხოვნებს დაემატა მორატორიუმის გამოცხადება მთელ ენერგოსექტორში მიმდინარე პროცესებზე და ახალი ენერგოპოლიტიკის შემუშავება საზოგადოებრივი ჩართულობით. ასევე, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ყველა პირზე, ვინც ხელს აწერს ნამახვანჰესთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.
გუშინ, 26 მაისს კი აქციის მონაწილეები დედაქალაქიდან კვლავ რიონის ხეობაში დაბრუნდნენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებდნენ, ხეობაში ჰესის მშენებლობის ხელშესაშლელად გადაინაცველს.