საზოგადოება

თელავის საკრებულოსა და „ოცნების“ წევრი რუსული კანონის გაწვევას ითხოვს: „ნუ უღალატებთ ქვეყანას“

26 აპრილი, 2024 • 1288
თელავის საკრებულოსა და „ოცნების“ წევრი რუსული კანონის გაწვევას ითხოვს: „ნუ უღალატებთ ქვეყანას“

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ბერძენაშვილი თავისსავე პარტიას მოუწოდებს, გაიწვიოს რუსული კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც თავად ამბობს, ფიცს დებს, რომ დატოვებს პარტიას და თანამდებობასაც.

ლევან ბერძენაშვილმა ეს განცხადება დღეს, 26 აპრილს, თელავის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი სიტყვებს ტაში მოჰყვა.

ნეტგაზეთი სრულად გთავაზობთ ლევან ბერძენაშვილის სიტყვას თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში:

„მინდა, რომ ერთი პოლიტიკური განცხადება გავაკეთო, რომელიც ეხება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ, გამჭვირვალობის შესახებ კანონს:

მე, როგორც იურისტი, მე როგორც ორი შვილის მამა, მე, როგორც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი, მე, როგორც თქვენი შვილების დამცველი, ცალსახად ვეწინააღმდეგები ამ კანონის ბოლომდე გატანას და მიღებას. ვინაიდან თეთრი სახლი, ევროკავშირი მოგვიწოდებს, 425 ხმით 25-ის წინააღმდეგ, 30-მა თავი შეიკავა; ყველა პარტნიორი, ევროკავშირის ლიდერი ქვეყნების წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შესაძლოა დაკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, დაკარგავთ კანდიდატის სტატუსს, დაკარგავთ ყველაფერს, რაც ევროპას უკავშირდება.

ამიტომ, მე ცალსახად ვემიჯნები ამას და უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, ეს კანონი გაითხოვოს უკან.

და თქვენ წინაშე ვდებ ფიცს, თუ ეს არ მოხდება, დავტოვებ პარტია “ქართულ ოცნებას”, დავტოვებ ფრაქცია “ქართულ ოცნებას”, დავტოვებ თანამდებობას. ამას გპირდებით. ეს არის ჩემი თხოვნა საქართველოს მთავრობასთან და ხელისუფლებასთან.

უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დაარღვევთ საქართველოს კონსტიტუციას, ნუ წახვალთ ანტიკონსტიტუციური გზით, ნუ უღალატებთ თქვენს ქვეყანას. კიდევ არის შანსი. გთხოვთ ადამიანურად, როგორც ერთი თქვენი დეპუტატი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან. მოგმართავთ, გთხოვთ, ეს კანონი უკან გაიწვიოთ“, — თქვა ლევან ბერძენაშვილმა.


მესამე კვირაა მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით, უკვე მიიღო 17 აპრილს. თუმცა საბოლოოდ ძალაში შესასვლელად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენით მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი