საზოგადოებასამართალი

რაჭის ტყეების სამი დამცველის საქმე სასამართლოში -რისი ეშინიათ აქტივისტებს?

11 დეკემბერი, 2023 • 2097
რაჭის ტყეების სამი დამცველის საქმე სასამართლოში -რისი ეშინიათ აქტივისტებს?

მოსამართლე მერი გულუაშვილმა რაჭის ტყეების პროტესტის მონაწილეების საქმეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანა 15 დეკემბრისთვის გადადო. “რიონის ხეობის გადასარჩენად” მოძრაობის წევრის ნუგზარ გოდოლაძის, “მაისის სტუდენტური მოძრაობის” წევრის საბა ქერქაძის, მოძრაობა “ხმის” წევრის გიორგი ხასაიას პროცესი ჯერ 30 ნოემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი საბოლოოდ 11 დეკემბერს შედგა.

გარემოს დაცვისა და სოფლის სამინისტროს ეზოში შესასვლელთან პოლიციის წარმომადგენლებთან 18 ნოემბერს მომხდარი შეხლა-შემოხლის დროს დაკავებული 11 აქტივისტიდან რვა მათგანის საქმეები მოსამართლე დავით წერეთელმა 29 ნოემბერს განიხილა. 6 დაკავებული მაშინ სრულად გამართლდა, 2-ს კი მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.

შსს-ს წარმომადგენლის თქმით, მაშინ მოსამართლე შეცდომაში იქნა შეყვანილი. ამ განცხადებას თავის სიტყვაში გამოეხმაურა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ნინო ხუციშვილი, რომელიც პროცესზე გიორგი ხასაიასა და საბა ქერქაძის ინტერესებს იცავდა, – “ესე იგი, მოსამართლის კომპეტენტურობასთანაც აქვთ შსს-ს წარმომადგენლებს პრეტენზიები”.

რაჭის ტყეების სხვა აქტივისტების პროცესის მსგავსად, რამდენიმე საათს გაგრძელდა გოდოლაძის, ხასაიასა და ქერქაძის საქმეების განხილვა. პროტესტის მონაწილეები თვლიან, რომ მოსამართლე გულუაშვილის მხრიდან გადაწყვეტილების გამოცხადების გადადება შესაძლოა იმას მიანიშნებდეს, რომ ამ სამ აქტივისტთან დაკავშირებით სხვა გეგმები არსებობს.

“არ იყო ეს ჩვენთვის კარგის ნიშანი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დღესვე არ გამოცხადდა. კუდის მოქნევას ჰგავს მათი მხრიდან. ვასილ გედევანიშვილს [გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი] შეხვედრისას ვუთხარით, ხომ ხედავთ, რომ გაგვამართლა სასამართლომ, რატომ იქცევით ასე? დაველოდოთ მორიგ სასამართლოს, რა ვიცით, რა მოხდებაო, ასე გვიპასუხა. რომ არ წარმოჩინდნენ, რომ უსაფუძვლოდ დაგვაკავეს, ამ სამ ადამიანზე შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიიღონ”, – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

ბრალდების მხარემ, შსს-ს წარმომადგენლებმა, იდენტური ბრალდებები წარმოადგინეს სამი აქტივისტის მიმართ, რაც დანარჩენი 8 აქტივისტის მიმართ ჰქონდათ: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა, ლანძღვა გინების სახით) და 173-ე (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა, კარვის გაშლისა და გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის სახით) მუხლების დარღვევა.

შსს-ს განზრახული ჰქონდა, მოწმეებად დაკითხულიყვნენ ის პოლიციელები, რომელთაც სამი აქტივისტის დაკავების ოქმი შეადგინეს და, როგორც შსს ირწმუნება, დააკავეს პროტესტის მონაწილეები. პოლიციელი ზვიად კაპანაძე სასამართლოს წინაშე უნდა წარმდგარიყო გიორგი ხასაიას წინააღმდეგ, როგორც მისი დამკავებელი. მამუკა არენდაული – საბა ქერქაძის წინააღმდეგ, დავით ფოცხვერაშვილი – ნუგზარ გოდოლაძის წინააღმდეგ. თუმცა მოსამართლე გულუაშვილი დაეთანხმა ნუგზარ გოდოლაძის ინტერესების დამცველ დიმიტრი ნოზაძეს და აღნიშნა, რომ იმ პოლიციელების მოწმის სახით დაკითხვა, რომელნიც ესწრებოდნენ პროცესს, როდესაც 11 დაკავებული 19 ნოემბერს გაათავისუფლეს, პროცესუალურად სწორი არ იქნებოდა.

შსს, როგორც ბრალდების მხარე, მოწმეების გარეშე დარჩა. პოლიციელებს უფლება მისცეს, როგორც მხარის წარმომადგენლები, ისე დასწრებოდნენ პროცესს. მათგან ერთ-ერთმა, მამუკა არენდაულმა, მოსამართლის წინაშე კიდევაც აღნიშნა, რომ უშუალო დამკავებელი ის არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ დაკავების ოქმში დამკავებლად არის იდენტიფიცირებული.

სიტყვის თქმის საშუალება მიეცათ პროტესტის მონაწილეებსაც. როგორც გოდოლაძე, ისე ხასაია და ქერქაძე უარყოფენ მათი მხრიდან ლანძღვა-გინების ფაქტს. როგორც წინა პროცესზე, ამჯერადაც ხაზგასმით აღინიშნებოდა, რომ კარავი არ გაშლილა, იყო მხოლოდ კონსტრუქციის გაშლის მცდელობა. კონსტრუქციის ნაწილები პროტესტის მონაწილეებს ხელში ეკავათ და გამართვის შემდეგ გვერდით გადატანას აპირებდნენ. ზუსტად იქ, სადაც კარავი 25 ნოემბრის მერე დგას და კანონდარღვევად აღარ ითვლება. თუმცა ამ სამი აქტივისტიდან კარვის გაშლას არცერთი ცდილობდა.

შესვენებისას დარბაზი ნუგზარ გოდოლაძემ და მისი ოქმის შემდგენმა პოლიციელმა ერთად დატოვეს.

“არ იჩხუბო ახლა”, – ეუბნება პოლიციელი ფოცხვერაშვილი გოდოლაძეს.

“საჩხუბარი რა მაქვს, კაცო”, – სიცილით პასუხობს გოდოლაძე, – “მაგრამ ნუ მაბრალებთ ტყუილებს”.

როგორც 29 ნოემბრის პროცესზე, შსს-ს მხრიდან 11 დეკემბერს წარმოდგენილ ვიდეომასალებშიც არ ისმის ლანძღვა და გინება. განსხვავებით წინა პროცესიდან, სადაც ორი პირის იდენტიფიცირება მოხერხდა გზის სავალ ნაწილზე (სადაც ხალხის ნაკადი პოლიციის მხრიდან მიწოლის შედეგად აღმოჩნდა) და ისინი მყისიერად არ დამორჩილდნენ პოლიციის მოწოდებას, გადასულიყვნენ ტროტუარზე, 11 დეკემბერს მტკიცებულებებად წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებში მხოლოდ ის ჩანს, რომ სამი აქტივისტი სამინისტროს წინ ტერიტორიაზე იმყოფებოდა. “მაგენი რესტორანშიც ხომ არ დადიოდნენო”, – ამ დროს ისმის დარბაზიდან მხარდამჭერების თავშეუკავებელი რეპლიკა. 

პროტესტის სამივე მონაწილემ დეტალურად გაიხსენა დაკავების ეპიზოდი, რაც მათი მხრიდან წარმოდგენილმა მოწმეებმაც დაადასტურეს:

  • გოდოლაძე იმყოფებოდა ზუსტად სამინისტროს ეზოში შესასვლელთან და ცდილობდა პოლიციის მხრიდან ზეწოლისგან დაეცვა [მასა და პოლიციას შორის ჩამდგარიყო] კესო სამანიშვილი, მისი დაკავების მოწმე. “ვყვიროდი, მანდილოსნები არიან-მეთქი. მანდ ამიყვანეს და შეურაცხყოფას აქეთ მაყენებდნენ. შეაგდეთ ეს, მოაცილეთ აქედანო”, – ჰყვება გოდოლაძე.
  • პოლიციის მანქანაში შეუძლოდ გამხდარი ერთ-ერთი აქტივისტი პოლიციელებმა საბა ქერქაძესა და მისი დაკავების მოწმე ვახტანგ შენგელიას გადმოსცეს. შეუძლოდ გამხდარი აქტივისტის მოსულიერების შემდეგ ქერქაძე და შენგელია დაუბრუნდნენ იმ ადგილებს, სადაც მანამდე იდგნენ. ამას ქერქაძის დაკავება მოჰყვა.
  • გიორგი ხასაიას თქმით, ის დააკავეს მაშინ, როცა პოლიციის მანქანებთან მიახლოება სცადა და “მაუწყებლის” დაკავებულ ჟურნალისტზე, რატი რატიანზე, პოლიციელებს უთხრა, რომ ის ჟურნალისტი იყო.

მარიამ მაღრაძე, “უფლებები საქართველოს” იურისტი და ნუგზარ გოდოლაძის ინტერესების დამცველი, აღნიშნავს, რომ პროცესზე შექმნილი შთაბეჭდილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის აქციაზე დგომაც კი სამართალდარღვევაა.

მოსამართლე მერი გულუაშვილის გადაწყვეტილება 15 დეკემბერს, 16:00 საათზე გახდება ცნობილი.

“იმედი გვაქვს, რომ ეს მოსამართლეც ისეთივე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორიც წინა მოსამართლემ მიიღო. თან არ დადგება ისეთ უცნაური პრეცედენტი, რომ ერთსა და იმავე სიტუაციაში ორი მოსამართლე სხვადასხვა გადაწყვეტილებას იღებს”, – ამბობს მარიტა მუსელიანი.

რაჭის პროტესტის 8 მონაწილის 29 ნოემბრის სასამართლოს ქრონიკა იხილეთ აქ:

კიდევ ერთი მოსამართლე, რომელმაც აქტივისტები გაამართლა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი