“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებთან ისაუბრა “რიონის ხეობის მცველების” მიერ თბილისში გამართული აქციების ფინანსების შესახებ. მისი განცხადებით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, საიდან ფინანსდება პროტესტი.
“ჩვენ ვიცით, რომ არის დაფინანსებული საკმაოდ დიდი ფულით… როცა დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯება აქციაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ არის სერიოზული როგორც კომერციული ინტერესები, ასევე პოლიტიკური ინტერესები ამ ყველაფრის უკან. თუმცა ამ ყველაფერს, ბუნებრივია, პასუხი უნდა გაეცეს.
როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი პროცესია, ასეთი ტიპის პროტესტია, ბუნებრივია, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია მათ შორის ფინანსებთან დაკავშირებით. თუ ისინი არ მიაწვდიან ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას, ბუნებრივია, ჩვენი ვალია, ამის შესახებ მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია”, — დასძენს კობახიძე.
ჟურნალისტის კითხვას, როგორ მიაწვდის სახელმწიფო ამ ინფორმაციას საზოგადოებას და შესაძლებელია თუ არა, გამოძიება დაიწყოს, კობახიძემ ასე უპასუხა:
“გამოძიებაზე არ არის აქ საუბარი. რა თქმა უნდა, როცა ფინანსდება გარკვეული საპროტესტო აქცია, ეს შეიძლება იყოს ლეგიტიმური, როგორც ასეთი. მაგრამ თუ ამის უკან არის რაიმე სხვა ნიშნები, ბუნებრივია, ამას შეიძლება დასჭირდეს შესწავლა”.
აქციების ფინანსებთან დაკავშირებით 25 მაისს პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა, ჟურნალისტებთან რამდენჯერმე ისაუბრა.
“რა კითხვებიც ისმის დაფინანსების ნაწილზე, რომ ამას რაღაც მსხვილი ბიზნესი უდგას უკან და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად ტყუილი”, — დასძინა მან.
მისივე სიტყვებით, პროტესტს ძირითადად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტები აფინანსებენ, აქციებში უშუალოდ ჩაბმულ მოქალაქეებთან ერთად.
“ზოგადად რაც ვართ რიონის ხეობაში მთელი ეს 200 დღეა, განსაკუთრებულად ჩართულნი არიან ამ პროცესში ემიგრანტები. არაერთი აქციაც ვნახეთ ჩატარებული საზღვარგარეთ, რომლებითაც სოლიდარობას გვიცხადებენ ჩვენ…
ეს ხალხი ფინანსურად მონაწილეობს ამ პროცესში და პრაქტიკულად დიდი წვლილი არის ემიგრანტების. ახლა რასაც ვაკეთებთ ჩვენ და თქვენ რა ფინანსებზეც საუბრობთ, მოდის იქიდან.
თუმცაღა, რაც ყველაზე უფრო სასიამოვნოა, პროტესტი თვითორგანიზდება… დაფინანსებულია ჩვენივე რესურსებით და ემიგრანტების რესურსებით”, — თქვა მან “ტვ პირველის” ეთერში.
გოლეთიანმა ასევე აღნიშნა, რომ არსებული ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსური ნაწილი გასაჯაროვდება პროცესში ჩაბმული ადამიანების პირადი მონაცემების კონფიდენციალობის დაცვით.
რიონის ხეობაში, კარვებში, 208-დღიანი პროტესტისა და ქუთაისში გამართული აქციების შემდეგ, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა 23 მაისს თბილისში გადაინაცვლეს.
“ბრძოლა იწყება აქ და ახლა და ჩვენ მას ბოლომდე მივიყვანთ. მნიშვნელოვანია, განწყობილი ვიყოთ გრძელვადიანი ბრძოლისთვის”, — მიმართა რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა აქცია 4 ძირითადი მოთხოვნით დააანონსეს:
- გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
თუმცა უშუალოდ აქციაზე მოთხოვნებს დაემატა მორატორიუმის გამოცხადება მთელ ენერგოსექტორში მიმდინარე პროცესებზე და ახალი ენერგოპოლიტიკის შემუშავება საზოგადოებრივი ჩართულობით. ასევე, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ყველა პირზე, ვინც ხელს აწერს ნამახვანჰესთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.
აქციის ორგანიზატორებმა სამშაბათს განაცხადეს, რომ 26 მაისიდან ბრუნდებიან რიონის ხეობაში, რათა ადგილზე შეუშალონ ხელი ჰესის მშენებლობას.
ხვალ დავბრუნდებით რიონის ხეობაში, რათა ადგილზე შევუშალოთ ხელი მშენებლობას – გოლეთიანი