სამართალი

ვარლამ გოლეთიანი და კიდევ 5 დაკავებული სასამართლომ სრულად გაამართლა

29 ნოემბერი, 2023 • 5545
ვარლამ გოლეთიანი და კიდევ 5 დაკავებული სასამართლომ სრულად გაამართლა

მოსამართლე დავით წერეთლის გადაწყვეტილებით, 18 ნოემბერს გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავებული 6 აქტივისტი სრულად გამართლდა.

ორი აქტივისტი, გელა ქეთელაური და ოთარ ლობჯანიძე, მოსამართლემ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დამრღვევად ცნო, თუმცა სანქციის სახედ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა. ეს მუხლი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ვარლამ გოლეთიანი © სალომე სიმონია

დღეს, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სრულად გამართლდნენ შემდეგი ადამიანები: რატი რატიანი, გიორგი ჟამურელი, დავით გოგრიჭიანი, ვარლამ გოლეთიანი, გელა გოგრიჭიანი, გალაქტიონ გოგრიჭიანი.

29 ნოემბერს სასამართლომ განიხილა  8 დაკავებული აქტივისტის საქმე. 3 აქტივისტის შესახებ სასამართლო, 30 ნოემბერს იმსჯელებს.

რატი რატიანი “მაუწყებლის” ჟურნალისტია.

თბილისში, გარემოს დაცვის სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 18 ნოემბერს პოლიციამ არაერთი მომიტინგე დააკავა.

პოლიცია დაუპირისპირდა რაჭის პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კარვის გაშლას ცდილობდნენ.

დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ამბროლაურიდან ჩამოსულ მომიტინგეებს სამართალდამცველები არ აძლევდნენ სამინისტროს ეზოში შესვლისა და კარვის გაშლის უფლებას.

ვარლამ გოლეთიანი, მაკა სულაძე და სხვები გარემოს დაცვის სამინისტროსთან საღამოს ჩამოვიდნენ. მოძრაობის წევრებმა მსვლელობა ამბროლაურიდან 18 ნოემბერს დაიწყეს და დაასრულეს მარშალ გელოვანის გამზირზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. მოძრაობა “რიონის ხეობის გადასარჩენად” და რაჭის ადგილობრივი მოსახლეობა 27 სექტემბრიდან უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებული კომპანიისთვის 49-წლიანი ლიცენზიის გადაცემას რაჭის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად.

მასალების გადაბეჭდვის წესი