საზოგადოებასამართალი

კიდევ ერთი მოსამართლე, რომელმაც აქტივისტები გაამართლა

5 დეკემბერი, 2023 • 3386
კიდევ ერთი მოსამართლე, რომელმაც აქტივისტები გაამართლა

“…მხოლოდ პოლიციელის ჩვენება არ შეიძლება გახდეს პირის პასუხისგებაში მიცემის საფუძველი”.

“ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება, კანონის შესაბამისად, წყდება ბრალდებულის სასარგებლოდ”.

ეს განცხადებები მოსამართლე დავით წერეთელმა გააკეთა 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული სხდომის დასასრულს, სადაც მიმდინარეობდა  რაჭის პროტესტის მონაწილეების ადმინისტრაციული საქმეების განხილვა, რომლებიც გარემოს დაცვის სამინისტროსთან დააკავეს.

მოსამართლემ პოლიციის მიერ დაკავებული 6 აქტივისტი სრულად გაამართლა, 2 კი მხოლოდ ნაწილობრივ ცნო სამართალდამრღვევებად, თუმცა მათ მიმართ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზი ტაშით შეხვდა.

დაკავებულთა ადვოკატებისთვის ეს გადაწყვეტილება სასიხარულო, თუმცა გასაკვირი აღმოჩნდა. გასაკვირი იმიტომ, რომ საპროტესტო მოძრაობების მიმდინარეობისას დაკავებული აქტივისტები და მათი ინტერესების დამცველები იშვიათად არიან განებივრებული მოსამართლის მხრიდან გამამართლებელი გადაწყვეტილებებით.

იმ შემთხვევაშიც კი, როცა დაკავებულთა წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს, მოწმე პოლიციელები კი ჩვენებებში საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან, მოსამართლეებს ხშირად ის განაჩენი გამოაქვთ, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ითხოვს. 

გამონაკლისი სცენარით წარიმართა რაჭის ტყეების პროტესტის მონაწილეთა სასამართლო. მოსამართლე დავით წერეთელი გავრცელებული პრაქტიკის საწინააღმდეგო გზით წავიდა და 18 ნოემბერს დაკავებული აქტივისტები არ გაუმტყუნებია. 

ნეტგაზეთი ამ სასამართლო სხდომებიდან რეპორტაჟს გთავაზობთ.

აქტივისტების დაკავების დღე – რა მოხდა 18 ნოემბერს

“რიონის ხეობის გადასარჩენად” მოძრაობამ და რაჭის ადგილობრივმა მოსახლეობამ 27 სექტემბერს უწყვეტი პროტესტი დაიწყო ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებული კომპანიისთვის რაჭის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად 49-წლიანი ლიცენზიის გადაცემის წინააღმდეგ.

პროტესტი ონში დაიწყო, შემდეგ აქტივისტებმა ამბროლაურში გადაინაცვლეს. პროტესტის მთელი მიმდინარეობის მანძილზე არაერთი დაპირისპირება მოხდა აქტივისტებსა და ხელისუფლების, პოლიციის წარმომადგენლებს შორის. თუმცა ყველა დაპირისპირება საბოლოოდ მშვიდობიანად სრულდებოდა.

როცა რაჭის პროტესტმა ამბროლაურიდან თბილისში გადმოინაცვლა, 18 ნოემბერს, დაძაბულობამ მნიშვნელოვნად იმატა. აქტივისტებმა მსვლელობა 12 საათზე ამბროლაურში დაიწყეს და საღამოს, დაახლოებით 18 საათისთვის, დედაქალაქში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დაასრულეს, რომლის ეზოშიც კარვის გაშლა იგეგმებოდა.

მოძრაობა “რიონის ხეობის გადასარჩენად” ფეისბუკ გვერდიდან თითქმის უწყვეტად, პირდაპირ ეთერში გადასცემდა პროცესის მიმდინარეობას. აქტივისტები უშედეგოდ ითხოვდნენ სამინისტროს ეზოს ტერიტორიაზე ცენტრალური შესასვლელიდან შესვლას და შენობიდან კანონით დაშვებულ დისტანციაზე კარვის გაშლის უფლებას, სადაც ღამის გატარებას და ცუდი ამინდისას თავის შეფარებას შეძლებდნენ. დაახლოებით შვიდი საათიდან ვითარება დაიძაბა, როცა სამინისტროს ეზოში ცენტრალური შესასვლელის წინ მდგომმა მოძრაობის წევრებმა კარვის გასაშლელად საჭირო კონსტრუქციის ნაწილები ხელში დაიკავეს და მისი გაშლა სცადეს. იმავე წუთს სამინისტროს ცენტრალური შესასვლელის შიგნით და გისოსებს გარეთ მობილიზებული პოლიცია მათკენ მწყობრად და ფიზიკური ძალის გამოყენებით დაიძრა. ვარლამ გოლეთიანი ამ დროს ზუსტად შესასვლელთან იდგა, ოდნავ მოშორებით იმ აქტივისტებისგან, რომლებიც კარვის კონსტრუქციის გაშლას ცდილობდნენ. 

მარიტა მუსელიანი. 18 ნოემბრის ღამე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. © ნინო ბაიდაური/ნეტგაზეთი

დაახლოებით 5 წუთში პოლიციამ აქტივისტებს კარვის გასაშლელი კონსტრუქციის ნაწილები წაართვა და დაუზიანა. პოლიციის ნაკადმა აქტივისტები სამინისტროს ეზოში შესასვლელის წინ არსებული ტროტუარიდან გზის სავალი ნაწილისკენ მიწოლით გადარეკა. მანქანების მოძრაობა დაახლოებით 5 წუთის მანძილზე შეფერხდა. ჩანაწერებში ჩანს, როგორ სჭარბობენ პოლიციელები გზის სავალ ნაწილზე მყოფ ადამიანებს. აქვე ჩანს ეპიზოდი, როგორ ურტყამს მანქანაზე ხელს ერთი პოლიციელი შეფერხებულ მანქანას, რომლის მძღოლიც ასიგნალებს.

კარვის კონსტრუქციის გაშლის მცდელობისას დაწყებული შეხლა-შემოხლიდან დაახლოებით 15 წუთის მანძილზე დააკავეს პროტესტის მონაწილეები, როგორც მოგვიანებით შსს-მ განაცხადა, 11 ადამიანი.

“ადამიანია თუ ძაღლი, რანაირად იქცევით?!” აქვე ისმის პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე ქალის ხმა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი დაკავების პროცესში. “ვინ წაიყვანეს?” – ერთმანეთში კითხულობენ და არკვევენ პროტესტის მონაწილეები.

“დაუყენებენ ახლა მოწმეებად პოლიციელებს, ვითომ იგინებოდნენ და არ ემორჩილებოდნენ”, – ამბობს მარიტა მუსელიანი და ითხოვს დაკავებულთა ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას.

მეორე დღემდე პროტესტის მონაწილეებმა, არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, სრულად არ იცოდნენ არც დაკავებულთა ვინაობა და არც მათი ადგილსამყოფელი.

დაკავებულების ნაწილი, ვარლამ გოლეთიანი და კიდევ 7 ადამიანი, მათ შორის “მაუწყებლის” ჟურნალისტი რატი რატიანი, 19 ნოემბერს გაათავისუფლეს და მათი პროცესი 29 ნოემბერს დანიშნეს. 

სასამართლოს ქრონიკა

“ჩვენს გულშემატკივრებს მინდა მოგმართოთ, რაც არ უნდა ისეთი რამე მოისმინოთ აქ, რაც ყურში არ შეიშვება, ემოციები არ გამოხატოთ, ძალიან გთხოვთ. შეიძლება ხელის შემშლელი იყოს პროცესისთვის”, – დარბაზში მოსამართლის შემოსვლამდე მარიტა მუსელიანმა, “რიონის ხეობის გადასარჩენად” მოძრაობის წევრმა და ვარლამ გოლეთიანის დედამ პროცესზე დამსწრეებს მიმართა.

“ვინ ბრძანდებით, ქალბატონო?” – იკითხა მოსამართლის მდივანმა.

“ბოდიში. განსასჯელის თუ არ ვიცი, როგორ ჰქვია, მისი მშობელი ვარ.”

“არა, რატომ ბოდიში. დაგვეხმარეთ, პირიქით.”

უჩა წითლანაძე, პოლიციელი, რომელიც ჩვენების მიცემისას ამტკიცებდა, რომ მან პირადად აიყვანა ვარლამ გოლეთიანი © ნინო ბაიდაური/ნეტგაზეთი

პროცესი ბრალდების მხარემ, შსს-ს წარმომადგენლებმა გახსნეს. ყველა დაკავებულის მიმართ მათ იდენტური ბრალდებები ჰქონდათ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევას ედავებოდნენ:

  • კარვის გაშლის მცდელობა, რაც სამინისტროს შესასვლელს დაბლოკავდა.
  • დაუმორჩილებლობა პოლიციის კანონიერი მოთხოვნების მიმართ, რომელთაც შსს-ს მხარის თქმით, მოუწოდეს აქტივისტებს, რომ კარავი არ გაეშალათ, რასაც მოჰყვა შეხლა-შემოხლა.
  • გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა. თავად პოლიციის აღიარებით, “ხალხის ნაწილი ინერციის ძალით წამოვიდა გზის სავალი ნაწილისკენ და მოხდა გზის გადაკეტვა აქციის მონაწილეთა მხრიდან”, რასაც მოჰყვა დაკავება.
  • ბრალდების თქმით, ყველა დაკავებული “იგინებოდა და ილანძღებოდა, ავლენდა აგრესიას, უპატივცემულობას, ცდილობდა ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელის ბლოკირებას, კარვის გაშლას და სავალი გზის ბლოკირებას”.

სამართლის პრინციპია, რომ მტკიცების ტვირთი ბრალმდებელს ეკისრება. ეს ნიშნავს, რომ ბრალმდებელმა უნდა დაამტკიცოს დანაშაული და არა ბრალდებულმა ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა.

პოლიციის მხრიდან მტკიცებულებად წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებში მხოლოდ ორი აქტივისტის, გელა ქეთელაურისა და ოთარ ლობჯანიძის იდენტიფიცირება მოხერხდა.

ჯერი მოწმეთა დაკითხვაზე მიდგა. შსს-ს მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები ჰყავდა მოწმეებად წარმოდგენილი – თითო პოლიციელი თითო დაკავებულის წინააღმდეგ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათ პირადად დააკავეს ბრალდებულები, რომლებიც იგინებოდნენ და არ ემორჩილებოდნენ.

  • პოლიციელი უჩა წითლანაძე ვარლამ გოლეთიანის წინააღმდეგ
  • პოლიციელი  გიორგი ჭიღლაძე “მაუწყებლის” ჟურნალისტ რატი რატიანის წინააღმდეგ
  • პოლიციელი მამუკა ლებანიძე გიორგი ჟამურელის წინააღმდეგ
  • პოლიციელი როინ ჯანიაშვილი დავით გოგრიჭიანის წინააღმდეგ
  • პოლიციელი  ნიკა შიუკაშვილი გელა გოგრიჭიანის წინააღმდეგ
  • პოლიციელი გიგა მოდებაძე გალაქტიონ გოგრიჭიანის წინააღმდეგ
  • პოლიციელი ლუკა გოგოტიშვილი გელა ქეთელაურის წინააღმდეგ
  • პოლიციელი გიორგი საათაშვილი ოთარ ლობჯანიძის წინააღმდეგ

მოწმედ მოხმობილ პოლიციელებს თითქმის იდენტური ტექსტი ჰქონდათ. თითოეული ამბობდა, რომ აქტივისტები მათ პირადად არ ლანძღავდნენ, მაგრამ იგინებოდნენ უმისამართოდ და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჯერ გაუშლელი კარავი, რომლის ასაწყობი კონსტრუქცია აქტივისტებს მიწაზეც არ დაუდგამთ და რომლის გადაადგილება შესაძლებელი იყო, სამინისტროში შესასვლელს ბლოკავდა.

გიორგი ჭიღლაძე ჟურნალისტ რატი რატიანს უსმენს, რომელმაც სასამართლოზე, პოლიციელის მხრიდან ჩვენების მიცემის მერე მას მიმართა: “თქვენ დამაკავეთ? რატომ ტყუით?” 29 ნოემბერი. © ნინო ბაიდაური/ნეტგაზეთი

თითოეული აქტივისტი და მათი ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ არცერთ სასამართლოში მყოფ და ზემოთ ჩამოთვლილ პოლიციელს აქტივისტები პირადად არ დაუკავებია და მათ ისინი იზოლატორებში გაიცნეს, სადაც დაკავების ოქმები შეადგინეს.

არცერთ ჩანაწერში, მათ შორის პოლიციის მხრიდან წარმოდგენილ ვიდეომასალებში, არ ისმის გინება. ჟურნალისტი რატი რატიანი ამბობს, რომ პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა. პოლიციელის თქმით, ჟურნალისტობის დაბრალება ყველას შეუძლია, თუმცა რატი რატიანისთვის არავის მოუთხოვია მისი პროფესიული საქმიანობის მაიდენტიფიცირებელი ნიშნის ჩვენება, რაც მისი თქმით, ჯიბეში ედო. გზის სავალ ნაწილზე კი აქციის მონაწილეები პოლიციის მხრიდან მიწოლის შედეგად აღმოჩნდნენ და არა საკუთარი ინიციატივით, რასაც ფაქტობრივად არ უარყოფდა პოლიციის მხარეც და აპელირებდა იმაზე, რომ შემდგომში ზოგიერთმა აქტივისტმა სავალი ნაწილის დატოვების ბრძანება არ შეასრულა.

აქტივისტების ადვოკატები სვამდნენ კითხვას, თუ ახლა (კარავი რაჭის პროტესტის მონაწილეებმა სამინისტროსთან 25 ნოემბერს გაშალეს) სამინისტროს შესასვლელის სიახლოვეს აქტივისტების კარავი გაშლილია და ის კანონს არ არღვევს, რა შეიცვალა და რას არღვევდა კარვის გაშლის მცდელობა 18 ნოემბრის საღამოს. ვარლამ გოლეთიანი კი საერთოდ არ იმყოფებოდა გასაშლელად მომზადებულ კარვის კონსტრუქციასთან, რაც ასევე ჩანს ჩანაწერებში და დაადასტურეს დაცვის მხრიდან წარმოდგენილმა მოწმეებმა. 

მაკა სულაძე და “რიონის ხეობის გადასარჩენად” მოძრაობის სხვა წევრები ვერდიქტის მოლოდინში. 29 ნოემბერი. © ნინო ბაიდაური/ნეტგაზეთი

უჩვეულო ვერდიქტი

მოწმეთა ჩვენების შემდეგ პროცესზე რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოცხადდა და მოსამართლე გადაწყვეტილებით დაბრუნდა: ავთო ლობჯანიძე და გელა ქეთელაური სამართალდამრღვევებად ცნო მხოლოდ ნაწილობრივ – პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში, როდესაც ისინი გზის სავალ ნაწილზე აღმოჩნდნენ და შემდეგ ტერიტორია მყისიერად აღარ დატოვეს. თუმცა “მცირე მნიშვნელობის დარღვევის” გამო სასამართლომ მათ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. დანარჩენი ექვსი დაკავებული კი, ჟურნალისტი ატი რატიანი, ვარლამ გოლეთიანი, გიორგი ჟამურელი, დავით გოგრიჭიანი, გელა გოგრიჭიანი და გალაქტიონ გოგრიჭიანი სრულად გამართლდნენ.

“ვიდეოზე ჩანს მხოლოდ ორი პიროვნება, გელა ქეთელაური და ოთარ ლობჯანიძე. ასევე ჟურნალისტი რატი რატიანი, რომელიც ახორციელებდა თავის საქმიანობას. დანარჩენებზე ვიდეომტკიცებულებები არ გაგვაჩნია. გვაქვს მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები. ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მიმართ მოქმედებს იგივე სტანდარტი, რაც სისხლის სამართლის საქმეების წარმოებისას. შესაბამისად, განმარტებული აქვს სასამართლოს, რომ მხოლოდ პოლიციელის ჩვენება არ შეიძლება გახდეს პირის პასუხისგებაში მიცემის საფუძველი. ეს ლოგიკურიცაა. პოლიციელი მიკერძოებულია, სამსახურებრივ საქმიანობას ასრულებდა და ის არ მისცემს ჩვენებას, რომლითაც თავს ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდებს. შეგახსენებთ, რომ ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონის შესაბამისად, წყდება ბრალდებულის სასარგებლოდ”, – აღნიშნა მოსამართლე წერეთელმა პროცესის დასასრულს.

სასამართლოს დარბაზი. მოსამართლე, დაცვისა და ბრალდების მხარეები ვიდეომტკიცებულებებს განიხილავენ. 29 ნოემბერი. © ნინო ბაიდაური/ნეტგაზეთი

მოსამართლეს სიტყვა ტაშით გააწყვეტინეს. “სასამართლოში ვართ და არა თეატრში”, – აღკვეთა ოვაციები დავით წერეთელმა და სარეზოლუციო ნაწილით დაადასტურა უკვე ნათქვამი.

დაკავებული აქტივისტების ნაწილთა ინტერესებს იცავდნენ “უფლებები საქართველოს” ადვოკატები მარიამ მაღრაძე და დიმიტრი ნოზაძე. ადვოკატები ნეტგაზეთთან ამბობენ, რომ სასამართლო სისტემის ნაკლოვანებებიდან და მათი საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე, პროცესის მიმართ მაღალი მოლოდინი არ ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცედ იყვნენ დარწმუნებული, პოლიციის მხარე მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენდა და საერთოდაც, 18 ნოემბერს პოლიცია თავად არღვევდა წესრიგს.

“პრაქტიკიდან, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რაც ხდება სასამართლოს სისტემაში, ამ შედეგის მოლოდინი შეიძლება რეალისტური არ ყოფილიყო. ასეთი შედეგი მართლა არ მახსოვს და ძალიან კმაყოფილი ვარ. გვქონია საქმის ნაწილობრივ შეწყვეტის პრეცედენტები, მაგრამ სრულად რომ შეეწყვიტა და სამართალდამრღვევებად არ ცნობილიყვნენ აქტივისტები, ასეთი შემთხვევა არ გვქონია”, – გვეუბნება მარიამ მაღრაძე და იხსენებს თავისი პრაქტიკიდან ბოლო შემთხვევებს, როცა დაკავებული აქტივისტების ინტერესებს იცავდა.

“მარტის აქციებზე [“რუსული კანონის” წინააღმდეგ] დაკავებულ პირებსაც არ უდგინდებოდათ სამართალდარღვევის ფაქტი, არც მაშინ იყო მტკიცებულებები, მაგრამ სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო აქტივისტების ძირითადი ნაკადი და 2000-ლარიანი ჯარიმები დააკისრა. [დავით წერეთელმა] მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიიღოს მოსამართლემ, რომელსაც აცვია ეს მანტია, იცავს ადამიანის უფლებებს და ხელმძღვანელობს კანონით. თუმცა ვიცნობთ მოსამართლეთა ისეთ ნაკადსაც, რომლებისთვისაც არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად არგუმენტირებულად ისაუბრებ და რა მტკიცებულებებს წარადგენ. ამ შემთხვევაში ობიექტურად და სამართლიანად იმსჯელა სასამართლომ და მე ეს გამიკვირდა, სამწუხაროდ. სამწუხაროდ, იმიტომ, რომ ეს გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს, ეს უნდა იყოს სწორედ სტანდარტი”, – ამბობს მარიამ მაღრაძე.

“უფლებები საქართველოს” კიდევ ერთი ადვოკატი, დიმიტრი ნოზაძე, რომელიც დაკავებულთა ინტერესებს იცავდა, ამბობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებაში ყველაზე სწორი ის იყო, რომ არ შეიძლება მხოლოდ პოლიციელის ჩვენება გახდეს მტკიცებულება, რომ პირს პასუხისმგებლობა დაეკისროს.

დიმიტრი ნოზაძე სასამართლოს სხდომის დარბაზში ვარლამ გოლეთიანს ესაუბრება. 29 ნოემბერი. © ნინო ბაიდაური/ნეტგაზეთი

ვინ არის მოსამართლე, რომელმაც რაჭის ტყის პროტესტის მონაწილეები გაამართლა

დავით წერეთელი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2015 წლის 1 აგვისტოდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2018 წლიდან დანიშნულია უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე.

მოსამართლე დავით წერეთლისთვის რაჭის პროტესტის მონაწილეთა საქმე ერთადერთი შემთხვევა არაა, რის გამოც სამოქალაქო სექტორის ყურადღების ცენტრში მოექცა და სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ მოლოდინს გადააჭარბა.

მოსამართლე დავით წერეთელი

დავით წერეთელი “კლანგარეშე” მოსამართლედ განიხილება. ის ერთ-ერთია იმ 23 მოსამართლიდან, რომლებიც გაემიჯნნენ მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების წინააღმდეგ. კარლ ჰარცელი და აშშ-ის საელჩო 2021 წლის ოქტომბერში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევას აფასებდნენ როგორც არაკონკურენტულს, არაგამჭვირვალეს, ნაჩქარევს, უკან გადადგმულ ნაბიჯს და მიანიშნებდნენ ასოცირების ხელშეკრულებაზე. პასუხად მოსამართლეებმა, რომლებსაც ე.წ. კლანის წევრებად მიიჩნევენ, ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენელთა შეფასებებს დაუსაბუთებელი, გადაჭარბებული და წინააღმდეგობრივი უწოდეს და სახელმწიფოს საქმეებში ჩარევად შეაფასეს მათი მხრიდან კრიტიკა.

“ჩვენი კანონმდებლობა, მათ შორის სასამართლო ხელისუფლება, უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ამის რევიზიის უფლება აქვს ევროპის კავშირს და აშშ-ს. ეს არ არის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ეს სამართლებრივი პროცესია, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მას. ეს მიგვიყვანს დემოკრატიულ, ლიბერალურ სახელმწიფომდე, სადაც არ იქნება ადგილი მლიქვნელების, უსინდისობის, უტიფრობის, დესპოტობის, მონობის, გაუნათლებლების, უსამართლობის, არაკვალიფიციურობის, კორუფციის და ა.შ. ამრიგად, გარდა ევროკავშირის და აშშ-ს მიმართ მადლიერებისა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ თვითონ ავიღეთ ვალდებულება, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ საქართველოს კანონმდებლობა, რაც უნდა უზრუნველვყოთ, და უადგილოა, არასერიოზულია საუბარი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხელყოფაზე. ვფიქრობ, რომ ვინც არ იზიარებს ქართველი ხალხის არჩევანს, მათი ადგილი არ არის სახელმწიფო სამსახურში!” – წერდა მაშინ დავით წერეთელი პირად გვერდზე ფეისბუკზე, სადაც ხაზგასმით ავლენს ხოლმე ანტიკრემლისტურ განწყობებს როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მიმართ მის აგრესიაზე და გავლენაზე დაყრდნობით.

როგორ განვითარდება ბრალდებული აქტივისტების საქმეები და რას უნდა ველოდოთ სასამართლოსგან

“მოსამართლე დავით წერეთელმა ნათლად ახსნა, რომ არ არსებობდა მტკიცებულებები, რა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩავიდინეთ ამ 8 ადამიანმა. ვერც ერთმა მოწმემ ვერ დაადასტურა ბრალდება. არცერთი ეს პოლიციელი ჩვენს დაკავებაში მონაწილეობას არ იღებდა. მტკიცებულებად მათი მხრიდან წარმოდგენილ ვიდეოებშიც არ ვჩანდით დამრღვევებად. ეს იყო პოლიტიკური პროცესი. ჩვენ რომ ჩამოვედით, ხელისუფლებას არ უნდოდა, რომ კარავი დაგვედგა და დაშინების ყველა ღონეს მიმართეს. ამჯერად სამართლიანი განაჩენი დადგა. თუმცა ველოდებით კიდევ სამი პირის განაჩენს. იმედი გვაქვს, რომ მოსამართლეების ცვალებადობა გავლენას არ მოახდენს პროცესზე”, – გვითხრა ვარლამ გოლეთიანმა 29 ნოემბერს პროცესის დასრულების შემდეგ.

ვარლამ გოლეთიანი სასამართლო დარბაზის წინ ადვოკატს ესაუბრება. 29 ნოემბერი. © ნინო ბაიდაური/ნეტგაზეთი

18 ნოემბერს დაკავებული კიდევ 3 აქტივისტის პროცესი 30 ნოემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა გადაიდო. ამ დრომდე უცნობია, როდის გაიმართება “რიონის ხეობის გადასარჩენად” მოძრაობის წევრი ნუგზარ გოდოლაძის, “მაისის სტუდენტური მოძრაობის” წევრი საბა ქერქაძის, მოძრაობა “ხმის” წევრი გიორგი ხასაიას პროცესი.

ამ სამი აქტივისტის საქმეებზე მოსამართლე მერი გულუაშვილი იმსჯელებს. ნუგზარ გოდოლაძის ინტერესებს კვლავ “უფლებები საქართველოს” ადვოკატები დაიცავენ. ქერქაძისა და ხასაიას ინტერესებს კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები წარმოადგენენ.

გურამ იმნაძე, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ ქართული მართლმსაჯულების პირობებში პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, ვინაიდან ძალიან ბევრი მდგენელი მოქმედებს, რაც გავლენას ახდენს საბოლოო გადაწყვეტილებებზე. შესაბამისად, ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება დარჩენილი სამი აქტივისტის საქმეების განხილვა.

“ნამდვილად უსამართლობა იქნება იმის თქმა… თუ ვიტყვით, რომ დავით წერეთელი მართული მოსამართლეა, ან გავლენიან ჯგუფთან, კლანთან არის დაკავშირებული. ასე ნამდვილად არ არის. არაერთი ღირსეული გადაწყვეტილება მიუღია მას. მაგრამ რატომ დაეწერა მას ეს საქმე? სასამართლოს კლანის ხელშია, ვინ განიხილავს ამა თუ იმ საქმეს, რეალურად. რაკი ამ მოსამართლეს დაეწერა ეს საქმეები განსახილველად, ესეც აჩვენებს, რომ კლანის, ხელისუფლების ინტერესი არც ყოფილა, რომ ეს აქტივისტები განსაკუთრებული სიმკაცრით დასჯილიყვნენ და მიკერძოებული მართლმსაჯულება ყოფილიყო”, – გვეუბნება გურამ იმნაძე.

იმნაძე ვარაუდობს, რომ რადგანაც რაჭის ტყეების პროტესტს და “რიონის ხეობის გადასარჩენად” მოძრაობას პარტიული მიკუთვნებულობა არ აქვს, ხელისუფლებისთვის სტრატეგიული ნაბიჯი იყო, სწორედ ამ საქმეზე გამოეჩინა მეტი სირბილე და ეჩვენებინა, რომ თითქოს სასამართლო თავისუფალია.

პრობლემები, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზაციას ეხება, არ გადაწყვეტილა და ეს ამ გამონაკლისი ვერდიქტების შემთხვევაშიც ჩანს. ამის დასტურია, როცა შეკრების დროს ადამიანების უსაფუძვლოდ დაკავება ხდება და არ არსებობს ამაზე ეფექტიანი კონტროლი სასამართლოს მხრიდან, არ ფასდება პოლიციის ქმედება, როგორც დაუსაბუთებელი და უკანონო. იმ შემთხვევაშიც, როცა სასამართლო წყვეტს, რომ პირმა სამართალდარღვევა ჩაიდინა, მაგრამ მის მიმართ გაფრთხილებით იფარგლება, ასევე გამოწვევაა. ადამიანი მთლიანად ჯდება მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში, მაგრამ ის მაინც სამართალდამრღვევია, თუნდაც ჯარიმის გარეშე. ამით სასამართლო ფაქტობრივად გზას უხსნის პოლიციის მხრიდან თვითნებობას”, – აღნიშნავს გურამ იმნაძე.

“კლანად” არასამთავრობო ორგანიზაციები მოიაზრებენ გავლენიან ჯგუფს სასამართლოში, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოპოვებული გავლენების წყალობით სისტემას მართავს. თავად ეს მოსამართლეები უარყოფენ “კლანის” არსებობას და არასამთავრობოებს სდებენ ბრალს სისტემის დისკრედიტაციაში. ე.წ. კლანის ლიდერები, ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე მიმდინარე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვებით დაასანქცირა.

გურამ იმნაძის აზრით, მოლოდინი, რომ ამ და მსგავსი გამონაკლისი გადაწყვეტილებებით მშვიდობიანი შეკრების მიმართულებით არსებული პრობლემები მოგვარდება და გამოსწორებისკენ დაიწყებს სვლას, არ უნდა გვქონდეს. მისი თქმით, არ არსებობს არავითარი ხელჩასაჭიდი ნიშანი იმისა, რომ მსგავსი გამონაკლისი შემთხვევებით თავისუფლდება სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან, განსაკუთრებით, პოლიტიკური შინაარსის შეკრებების დროს.

დავით წერეთელი არ არის ერთადერთი მოსამართლე, რომელმაც ბოლო პერიოდში აქციაზე პოლიციელების მხრიდან დაკავებული აქტივისტები გაამართლა. მსგავსი შემთხვევა მოხდა გურჯაანის სასამართლოშიც, რის შესახებაც ნეტგაზეთის სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოყვანილ ბმულზე.


სტატია მოამზადა ნეტგაზეთმა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია  ნეტგაზეთი  და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

USAID

მასალების გადაბეჭდვის წესი