ახალი ამბები

კონსერვატორიის რექტორად გიორგი ვაჩნაძე აირჩიეს

12 მარტი, 2024 • 2133
კონსერვატორიის რექტორად გიორგი ვაჩნაძე აირჩიეს

თბილისის კონსერვატორიის რექტორად გიორგი ვაჩნაძე აირჩიეს.

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ვაჩნაძეს და კონსერვატორიას ულოცავს ამ გადაწყვეტილებას.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა და ვაჩნაძე ერთხმად აირჩიეს რექტორად. გიორგი ვაჩნაძე ამ თანამდებობას ოთხი წლის განმავლობაში დაიკავებს.

გიორგი ვაჩნაძემ 1985 წელს დაამთავრა თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1990 წელს სასწავლებლად გაემგზავრა აშშ-ში, ნიუ-იორკის მენეს-კოლეჯში (Mannes College of Music). 1994 წელს დაამთავრა ინდიანის უნივერსიტეტის მაგისტრატურა.

კულტურის სამინისტრო აღნიშნავს, რომ იგი არის არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (1994 წელი – ჯინა ბახაუერის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი, მეოთხე ადგილი; 1996 წელი – ალაბამის ფორტეპიანოს საერთაშორისო კონკურსი, პირველი ადგილი; 1997 წელი – მსოფლიოს საფორტეპიანო კონკურსი, ცინცინატი, პირველი ადგილი; 1998 წელი – პალმ ბიჩის საფორტეპიანო კონკურსი, პირველი ადგილი).

ამჟამად გიორგი ვაჩნაძე არის ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის პროფესორი. ის მართავს კონცერტებს აშშ-ში, კანადაში, ნიდერლანდებში, იტალიაში, იაპონიაში, გერმანიაში, ტაივანში, არგენტინაში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში.

გასული წლის ოქტომბრიდან კონსერვატორიის რექტორის მოვალეობას გიორგი შავერზაშვილი ასრულებდა.

კონსერვატორიის რექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ამ თანამდებობაზე ნანა შარიქაძეს უფლებამოსილება ამოეწურა.

კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები 2023 წლის 10 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა კულტურის სამინისტრომ 25 სექტემბრის ბრძანებით არჩევნები შეაჩერა. სამინისტრო ამტკიცებდა, რომ საარჩევნო პროცედურა სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა, კონსერვატორიის აკადემიური საბჭო კი აცხადებდა, რომ არჩევნები კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით მიმდინარეობდა და კულტურის მინისტრს ბრძანების გაუქმებისკენ მოუწოდებდა.

კონსერვატორიის რექტორის არჩევნების შეჩერებას წინ უძღოდა 20 სექტემბერს პარლამენტში კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადება. პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას თეა წულუკიანმა კონსერვატორიაში ჩასატარებელი რეფორმის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, კონსერვატორია ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვანი სახელოვნებო განათლების მიწოდებას სტუდენტებისთვის, ასეთ შემთხვევაში კი მინისტრმა კეთილი უნდა ინებოს და შეცვალოს ხელმძღვანელი.

წულუკიანის ამ განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ რამდენიმეჯერ მხარი დაუჭირა კულტურის მუშაკების პროტესტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი