ახალი ამბებისაზოგადოება

საპატრიარქოსთან უვადო ხელშეკრულება დავდეთ – წულუკიანი გელათის შესახებ

5 თებერვალი, 2024 • 1384
საპატრიარქოსთან უვადო ხელშეკრულება დავდეთ – წულუკიანი გელათის შესახებ

კულტურის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი პარლამენტში ოთხი კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე იმეორებს, რომ სასამართლოში შეხვდება ყველას, ვინც გელათთან დაკავშირებით მას ცილს დასწამებს. წულუკიანი ამბობს, რომ საპატრიარქოსთან უვადო ხელშეკრულების დადების შემდეგ, სამინისტროს მხოლოდ ფულის ჩარიცხვა ევალებოდა, რაც უკვე შეასრულა. რეალურ შეფასებას კი გელათში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით იუნესკოს ე.წ. “რეაქტიული მისია” დადებს.

“ჩვენ საპატრიარქოსთან ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, ეს არ არის რაიმე ტიპის ზეპირი ურთიერთობა. ხელშეკრულება გაფორმდა თითქმის ერთი წლის წინ, 2023 წლის 6 აპრილს და ითვლება, რომ არის უვადო. ერთადერთი ვალდებულება, რაც ჩვენ დაგვრჩა, იყო თანხის ჩარიცხვა. ეს თანხა ჩვენ ჩავრიცხეთ და ჩვენი ვალდებულება მესაკუთრის [საპატრიარქოს] წინაშე პირნათლად გვაქვს შესრულებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მაქვს რწმენა, მესაკუთრის ხელში ძეგლს ექნება ის შვება და მზრუნველობა, რაც უნდა ჰქონდეს. ვალდებულება ჩვენს სამინისტროს აქვს იუნესკოს წინაშე, როგორც სახელმწიფოს.

თუ 2023 წლის 6 აპრილს აქეთ მომხდარ რამე ფაქტს მოჰყვება ცილისწამება, იქნება სასამართლო დავა და შევხვდებით სასამართლოში. იუნესკომ შარშან გადაწყვიტა, რომ რეაქტიული მისიით ჩამოვიდეს გელათის მონიტორინგისთვის. რეაქტიული ნიშნავს, რომ ჩვენ კი არ ვიწვევთ, თვითონ თვლის იუნესკო საჭიროდ, რომ ჩამოვიდეს. დაველოდოთ ამ მისიას და ეს იქნება პირუთვნელი შემფასებელი, რომელიც იტყვის თავის სათქმელს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი პარლამენტში 4 კომიტეტის (განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა; კულტურის; სპორტის; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა) ერთობლივი სხდომაზე გამოვიდა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ერთობლივ სხდომაზე დღეს, 5 თებერვალს ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

ამავე თემაზე:

წულუკიანი ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც იტყვის, რომ სამინისტრო გელათში “რაღაცას აფუჭებს”

ბერლინალეზე ალტერნატიულ დახლზე ქართულ სახელმწიფოს გააბიაბურებენ – წულუკიანი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი