ახალი ამბები

საკვები, ღამის გასათევი — როგორ გეგმავენ „რიონის ხეობის მცველების“ დახმარებას თბილისში

6 მაისი, 2021 • 7484
საკვები, ღამის გასათევი — როგორ გეგმავენ „რიონის ხეობის მცველების“ დახმარებას თბილისში

23 მაისს თბილისში, ნამახვანჰესის საწინააღმდეგოდ დაგეგმილი აქციის მონაწილეების დასახმარებლად ფეისბუკზე ჯგუფი შეიქმნა, სადაც მოქალაქეები სხვადასხვა ფორმით გეგმავენ დემონსტრანტების დახმარებას.

თბილისის არის თანადგომა“, – ასე ჰქვია 5 მაისს შექმნილ ჯგუფს, რომელშიც უკვე 600-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. მსურველებს ჯგუფში გაწევრიანება ამ ბმულზე შეუძლიათ — https://www.facebook.com/groups/1654803764717513/

„არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ კონსერვატორი ხართ თუ ლიბერალი, მემარჯვენე თუ მემარცხენე, ქრისტიანი თუ ბუდისტი, — რიონის ხეობის გაყიდვა და იქ ჰესის აშენება ნებისმიერ გაგებასა თუ მსოფლმხედველობაში დანაშაულია [სხვადასხვა მიზეზის გამო]“, – წერენ ორგანიზატორები.

წინა სამი მასშტაბური აქცია ნამახვანჰესის წინააღმდეგ ქუთაისში გაიმართა, სადაც ათასობით ადამიანი მივიდა. ორგანიზატორები თბილისში, პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე კიდევ უფრო მეტ მხარდამჭერს ელოდებიან.

„ამ დღესთან დაკავშირებით უამრავი ადამიანი აპირებს თბილისში ჩამოსვლას საქართველოს სხვადასხვა წერტილიდან. ვფიქრობთ, საქართველოს დამოუკიდებელობის ისტორიაში შეგვიძლია უპრეცედენტო და სამაგალითო ადამიანური სოლიდარობა და … მასპინძლობა ვაჩვენოთ. ყველას რისი საშუალებაც გვაქვს“, – წერენ ინიციატივის ავტორები.

ჯგუფში მოქალაქეები ათავსებენ განცხადებებს, სადაც მიუთითებენ, რომ მზად არიან უმასპინძლონ ერთ ან რამდენიმე ადამიანს, უთითებენ, რამდენი ხნით და ა.შ.

„შეგიძლიათ, უბრალოდ სადილზე დაპატიჟოთ, ან აბაზანის გამოყენება შესთავაზოთ, — ნებისმიერი ფორმით, რითაც შეგიძლიათ, ადამიანებს დახმარება გაუწიოთ“, – წერენ ორგანიზატორები.

„თბილისი არის თანადგომა“ – ასე ჰქვია „რიონის ხეობის მცველების“ მხარდამჭერ ჯგუფს

არაერთმა მოქალაქემ უკვე დაწერა, რომ შეუძლია, ღამის გასათევი შესთავაზოს აქციის მონაწილეებს. მაგალითად, ერთ-ერთი წერს: „ორ ადამიანს შემიძლია ვუმასპინძლო კომფორტულად. მესამეს პარალონსა და საძილე ტომარას შევთავაზებ“.

„შინ ვერა, მაგრამ შემიძლია სამი ან ოთხი ღამით ორი ადამიანის განთავსების ხარჯების ანაზღაურებით მხარდაჭერა იაფ ჰოსტელში“, – წერს კიდევ ერთი მოქალაქე.

ჯგუფს თანდათანობით ემატებიან წევრები.

ბოლო სიახლეები „ნამახვანის“ გარშემო

28 აპრილს წყალტუბოს მაგისტრანტმა სასამართლომ 5 ათასი ლარით დააჯარიმა კომპანია „ენკა რინიუებზლი“. ეს ის კომპანიაა, რომელიც მასობრივი პროტესტის მიუხედავად, რიონის ხეობაში „ნამახვანი ჰესის“ აშენებას აპირებს.

„ენკამ“ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საჩივრის შინაარსს არ ეთანხმებიან, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში არ აპირებენ.

რიონის ხეობაში ვითარება აპრილის დასაწყისში, მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოფელ ნამოხვანში ინვესტორმა კომპანია „ენკამ“ ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა.

პროექტის მოწინააღმდეგე აქტივისტების, „რიონის ხეობის მცველების“ პროტესტის ფონზე, პოლიციამ ხეობაში გადაადგილება შეზღუდა, შემდეგ კი დაშალა კარვები, რომლებშიც აქტივისტები თვეების განმავლობაში მორიგეობდნენ. კომპანიამ საკარავე ადგილი გადახნა.

ნამოხვანისკენ მოძრაობის შეზღუდვის შემდეგ პროტესტმა სოფელ გუმათთან გადაინაცვლა. „რიონის ხეობის მცველებმა“ და მათმა მხარდამჭერებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. პროცესს თან ახლდა პოლიციის წინააღმდეგობა და დაკავებები. ნამოხვანისკენ მიმავალი გზაზე, რომელიც იქამდეც ჩაკეტილი იყო, რკინის ბარიერები აღმართეს, რაც უფლებადამცველების თანახმად, დემონსტრანტთა უფლებების დაუსაბუთებელი, უხეში დარღვევაა.

ხეობაში არსებული დაძაბულობის ფონზე, 16 აპრილს ქუთაისში ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლებს შეხვდნენ. „რიონის ხეობის მცველებმა“ შემდეგი მოთხოვნები წარუდგინეს სახელმწიფოს:

  1. შეწყდეს ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები;
  2. მოიხსნას გადაადგილების შეზღუდვა;
  3. მიეცეთ მათ სოფელ ნამახვანში დაბრუნების, ასევე, ადგილზე კარვებით პროტესტის გაგრძელების საშუალება;

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მაშინ თქვეს, რომ აქტივისტების მოთხოვნებზე საპასუხოდ რამდენიმე დღე იყო საჭირო. ერთადერთი, რაც ხეობაში ხსენებული შეხვედრის შემდეგ შეიცვალა, გუმათის გზაზე განლაგებული რკინის ბარიერების რაოდენობაა: ის მცირედით შემცირდა, თუმცა გადაადგილება ხეობაში კვლავ შეზღუდულია.

მზარდი პროტესტი

„ნამახვანი ჰესის“ პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს მდინარე რიონზე. მისი ღირებულება 800 მილიონ აშშ დოლარზე მეტია [თუმცა ქვეყანაში აქედან 527 მლნ იხარჯება] და აშენებს კომპანია „ენკა რინიუებლზ“ [მისი წილების 90%-ზე მეტს თურქული კომპანია „ენკა“ (Enka Insaat ve Sanayi) ფლობს, 10%-ს კი ნორვეგიული „ქლინ ენერჯი ჯგუფი“].

რიონის ხეობის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა უკვე 5 თვეზე მეტია, თანდათანობით მომატებულ მხარდამჭერებთან ერთად, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პერმანენტულ აქციებს მართავს და კარვებში რჩება.

არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტი თუ აქტივისტი ამბობს, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტი მნიშვნელოვან კითხვის ნიშნებს აჩენს, მათი ნაწილის შეფასებით კი, ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა, რასაც კომპანია და სახელმწიფო უარყოფენ.

მიუხედავად მთავრობის განცხადებისა, რომ ეს ჰესი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას წაადგება, კრიტიკოსები ამბობენ, რომ  ელექტროენერგიის ეს საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.

ადგილობრივი აქტივისტები რამდენიმე თვის განმავლობაში, სოფელ ნამოხვანში, კარვებში მორიგეობდნენ და ამ ფორმით ეწინააღმდეგებოდნენ დაგეგმილ მშენებლობას. გაიმართა რამდენიმე ხალხმრავალი აქცია ქუთაისშიც.

აპრილს სახელმწიფომ განაცხადა, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტის „დახვეწის“ მიზნით ქმნის ექსპერტთა საბჭოს, რომელსაც ხსენებულ პროექტთან დაკავშირებით გასულ წლებში ჩატარებულ ყველა კვლევას გადასცემენ.

„რიონის ხეობის მცველები“ სკეპტიკურად უყურებენ ამ იდეას და მიუთითებენ, რომ უპირველესად, მათი პრეტენზიები მიემართება შინაარსს იმ კონტრაქტისა, რომელიც სახელმწიფოსა და ჰესის მშენებელ კომპანიას შორის დაიდო.

„საშიში პრეცედენტი“ – ბლოკპოსტი და ბარიკადები რიონის ხეობაში

გუმათი| გზის სავალი ნაწილიდან რკინის ბარიერები აიღეს, თუმცა გადაადგილება ისევ შეზღუდულია

მხარს ვუჭერ ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტს – ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი