ეკონომიკა

„ენკამ“ ნამახვანჰესის ხელშეკრულება ოფიციალურად გაწყვიტა

24 მარტი, 2022 •
„ენკამ“ ნამახვანჰესის ხელშეკრულება ოფიციალურად გაწყვიტა

ENKA Renewables-მა ოფიციალურად გაწყვიტა კონტრაქტი საქართველოს მთავრობასთან. ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშშია მითითებული. ინფორმაცია თავდაპირველად Bm.ge-იმ გაავრცელა.

დოკუმენტის მიხედვით, ოფიციალურად გაუქმებულია 2019 წლის 25 აპრილს დადებული ხელშეკრულება, 40 389 000 აშშ დოლარის ღირებულების ქონება კი ჩამოიწერა.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს იმის გასარკვევად, აგრძელებს თუ არა კომპანია სახელმწიფოსთან დავას კომპენსაციისთვის. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

2021 წლის 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობას აცნობა გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ. აღნიშნულის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის იმდროინდელმა მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ კომპანიასთან მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა. თურნავას თქმით – „ჩვენი ამოცანაა, რომ ამ კომპანიასთან ჩვენი შეთანხმება მოხდეს ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე“.

ნამახვანის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობდა მდინარე რიონზე.პროექტის ღირებულება დაახლოებით 830 მილიონი აშშ დოლარი იყო.

კონტრაქტი მთავრობას გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას აკისრებდა სხვადასხვა სცენარის განვითარების შემთხვევაში, ვიდრე ინვესტორს – კონტრაქტის თანახმად, ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, კომპანია პოტენციურად უკეთეს ვითარებაში აღმოჩნდებოდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ნეტგაზეთის“ საჯარო ინფორმაციაზე მოთხოვნის პასუხად ოქტომბერში დაადასტურა, რომ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული დასკვნა გაცემული არ ჰქონია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი