ახალი ამბებისამართალი

ამნისტიაზე 2 პროექტი დარეგისტრირდება – რით განსხვავდება “ოცნების” და ოპოზიციის ვერსიები?

27 აპრილი, 2021 •
ამნისტიაზე 2 პროექტი დარეგისტრირდება – რით განსხვავდება “ოცნების” და ოპოზიციის ვერსიები?

“ქართული ოცნება” და ოპოზიცია ამნისტიის შესახებ ორ სხვადასხვა კანონპროექტს დაარეგისტირებენ.

მხარეები ამნისტიის კანონპროექტის საერთო ვერსიაზე ვერ შეთანხმდნენ. კერძოდ, შეთანხმება ვერ შედგა 2 საკითხზე: დაზარალებულთა თანხმობის დათქმაზე და მიდგომაზე, ამნისტია გავრცელდეს იმ მუხლებზე, რომლებზეც ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება, თუ ზოგადად — 20 ივნისის დანაშაულებზე.

კანონპროექტის სამუშაო ვერსია მომზადებული აქვს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, ისევე, როგორც ოპოზიციას. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მათი ვერსიაც ითვალისწინებს სამართალდამცველების ამნისტირებას, თუმცა მხოლოდ იმ მუხლით, რომლითა საქმეც ახლა არის აღძრული.

“ჩვენი პროექტი ითვალისწინებს 333-ე მუხლის იმ კონკრეტული ნაწილის ამნისტიას, რაზეც დღეს არის აღძრული საქმეები”, – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

რა წერია შეთანხმებაში?

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიატორობით მომზადებული დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას ითვალისწინებს. დოკუმენტზე ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამნისტიას ითვალისწინებდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ მომზადებული დოკუმენტიც, თუმცა პოლიტიკურ სპექტრში მწვავე დისკუსიის საგანი მხოლოდ შარლ მიშელის წინადადებაზე ხელის მოწერის შემდეგ გახდა. Manifest.ge-ზე მოქალაქეებმა შექმნეს პეტიცია, რომლითაც ხელმომწერები ითხოვენ, 20 ივნისის დანაშაულებში მონაწილე პოლიტიკური თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებს ამნისტია არ შეეხოს.

“დაზარალებულების გულისტკივილი მესმის, მაგრამ ნამდვილად არ მესმის იმ პოლიტიკოსების, რომლებსაც ერთი თვის მანძილზე არ ამოუღიათ ხმა ამ ჩანაწერთან დაკავშირებით და ახლა ბევრს საუბრობენ და პოლიტიკური სპეკულაციის მეტს ვერაფერს დავარქმევ”, — განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

რას ითვალისწინებს ოპოზიციის ვერსია?

ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმებულია, ამნისტია არ გავრცელდეს ადამიანის უფლებათა კონვენციით აკრძალულ ისეთ მძიმე დანაშაულებზე, როგორიცაა ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა, თუმცა 20 ივნისის საქმეს ასეთი სამართლებრივი კვალიფიკაცია ისედაც არ აქვს. ამასთან, ასეთ დანაშაულზე ამნისტიის ან/და შეწყალების გამოყენება საერთაშორისო სამართლის დარღევა იქნებოდა.

“კონვენციით აკრძალულ დანაშაულს არ უნდა შეეხოს და ვერც შეეხება ამნისტია. რომც მიიღო ასეთი აქტი, თუ საკონსტიტუციო სასამართლოში ან  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდება, მაგალითად, სტრასბურგის სასამართლო იტყვის, რომ დაირღვა კონვენცია”, — ამბობს დეპუტატი შალვა შავგულიძე.

შავგულიძე ასახელებს სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტულ მუხლებს, რომელთა ამნისტირებაზეც ოპოზიცია თანახმაა:

  • 225-ე მუხლის ორივე ნაწილი: 1. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა და 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობა (ამ მუხლით ბრალდებულები არიან 20 ივნისის აქციის მონაწილეები).
  • 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი — სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით (ამ მუხლით ბრალდებულია 3 პოლიციელი).

“არსებული ბრალდებების იქით გასვლა და ჰიპოთეტური დანაშაულების ამნისტირება არის დაუშვებელი და სამართლებრივადაც გაუმართლებელია, ვინაიდან როგორც ნებისმიერი კანონი, ისე კანონი ამნისტიის შესახებ უნდა იყოს მკაფიო და განჭვრეტადი, ანუ ადამიანისთვის უნდა იყოს ნათელი, ვის ეხება და ვის არ ეხება იგი. თუ ამნისტია მეტად განევრცობა და შეეხება ყველა ჰიპოთეტურ დანაშაულს, რომელიც შეიძლება ოდესმე გამოვლინდეს ამ საქმეზე, ეს წინააღმდეგობაში მოვა კონვენციის მე-6 მუხლთან (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), ვინაიდან სამართლიანი სასამართლოს ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია სწორედ კანონის განჭვრეტადობა. მინდა, იმედი მქონდეს, რომ ამ გზით არ წავა ხელისუფლება. თუ შევჯერდებით, მოხდება ერთი ტექსტის ინიცირება, თუ არადა, ოპოზიცია წარვადგენთ ჩვენს ვარიანტს. ჩვენი ვარიანტით მაქსიმუმი, რაზეც შეიძლება წასვლა შეთანხმების პირობებში, იქნება არსებული ბრალდებები: 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი და 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი და დაზარალებულის თანხმობის დათქმა”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” შავგულიძემ.

ამნისტიის მხოლოდ იმ მუხლების ნაწილებზე გავრცელებით, რომლითაც საქმეები აღძრულია, შავგულიძის თქმით, გამოირიცხება მაღალი თანამდებობის პირების, მაგალითად, მაშინდელი შს მინისტრ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობისგან გათვალისწინება, თუ მათ მომავალში დაუდასტურდებათ უკანონო ბრძანების გაცემა. უკანონო ბრძანების გაცემას, შავგულიძის თქმით, ფარავს 333-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის ამნისტირებასაც ოპოზიციის სამუშაო პროექტი არ ითვალისწინებს.

სსკ-ის 333-ე მუხლი სრულად
მუხლი 333. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება

  1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
  2. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
  3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) ძალადობით ან იარაღის გამოყენებით; გ) დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ცნობისთვის, 2019 წლის 20 ივნისის აქციის დაშლის მსგავს, 2011 წლის 26 მაისის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სწორედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გასამართლდა. შესაბამისად, ოპოზიციის პროექტში, სავარაუდოდ, დაკონკრეტდება ფორმულირება, რომ ამნისტია 333-ე მუხლის მესამე ნაწილში გავრცელდება მხოლოდ ამ მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და არა – მეორე ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ) გათვალისწინებულ ქმედებაზე.

რას გულისხმობს ხელისუფლების ვერსია?

მმართველი გუნდის კანონპროექტით, ამნისტია შეეხება 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დანაშაულს, მათ შორის, რომელიც მომავალში გამოვლინდება, გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლისა (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება).

“ფორმულირება იქნება დაახლოებით ასეთი – 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩადენილი ყველა დანაშაული ექვემდებარება ამნისტირებას და დანაშაულის ჩამდენი პირი თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან. იქვე იქნება დათქმა, რომ ეს არ ვრცელდება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაზე — ასეთი არის მაკო გომურის შემთხვევა”, — განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.

მმართველი გუნდი ეთანხმება, რომ ამნისტიას არ დაექვემდებარება წამება, არაადამიანური მოპყრობა და ღირსების შემლახავი მოპყრობა, გათვალისწინებული სსკ-ის 144-ე პრიმა ტერცია მუხლებით.

“ქართული ოცნება” არ იზიარებს დაზარალებულთა თანხმობის პრინციპს.

“დაზარალებულის თანხმობა შეიძლება სასპეკულაციო თემა გახდეს. როცა საუბარია მელიას მიმართ ბრალზე, ამას ჰყავს უამრავი დაზარალებული. ყველაფერი დაიწყო მელიას მოწოდებით შტურმთან დაკავშირებით და ყველა დანარჩენი, ვინც არის დაზარალებული, პრაქტიკულად მელიას დაზარალებულები არიან. წარმოიდგინეთ, ამით ახალი სპეკულაციისთვის უნდა გავხსნათ საფუძველი, როცა მოვითხოვთ დაზარალებულის თანხმობას. მგონი, არ არის მიზანშეწონილი ამის გაკეთება. ალბათ, სჯობს, ეს არ ჩაიწეროს, თუმცა დამატებით ვიმსჯელებთ ყველასთან, თუ ვინმე საპირისპიროში დაგვარწმუნებს”, — განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ

ამ თემაზე:

გაითხოვეთ ამნისტია და დავთანხმდები EU-ს შემოთავაზებულ გირაოს — მელია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი