“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია მზადყოფნას გამოთქვამს, დასთანხმდეს გირაოს, თუ 20 ივნისის მოვლენების შესახებ ამნისტიის კანონპროექტი არ დარეგისტრირდება ან მხოლოდ აქციის მონაწილეებს შეეხება.
მელია სთხოვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას, არ მიიღონ მონაწილეობა “ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რასაც 20 ივნისის გავრილოვის ღამის ამნისტია ჰქვია”.
“არც მე და არც არავინ არ ღირს იმად, რომ ანტისაოკუპაციო აქციის სამარცხვინოდ დამრბევ დამნაშავე პოლიციელებს და ბრძანების გამცემებს მინიმალური შანსი მაინც მივცეთ, თავი დააღწიონ სამართლიან მართლმსაჯულებას. სრულიად ცხადია, რომ “ქართული ოცნება” ამ ამნისტიას გაავრცელებს ყველაზე და ყველაფერზე და თქვენ რომც არ მისცეთ მას ხმა (რაშიც ეჭვი არ მეპარება), მაინც დისკრედიტებული გამოხვალთ ამ პროცესიდან. დაგაზიანებენ თქვენ, დააზიანებენ ოპოზიციურ ერთობას და დააზიანებენ ქვეყანას. სამწუხაროდ, ქართველი ხალხის თვალში მნიშვნელოვნად დააზიანებენ მედიატორების და მათ უკან მდგომი ჩვენი მთავარი მეგობრების რეპუტაციას”, – აცხადებს მელია.
მისი თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოპოზიციური ერთობის შენარჩუნებას.
“ამიტომაც, ყველას მინდა ვთხოვო, თავი შევიკავოთ იმგვარი ქმედებებისგან, რომლებიც ამ ერთობას შეუქცევად დაზიანებას მიაყენებს. ამიტომაც გთხოვთ თქვენ და მივმართავ დოკუმენტზე ხელმომწერ “ქართულ ოცნებას” — გაითხოვეთ ამნისტიის საკითხი და მოხსენით ის დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ. თუ შეუძლებელია ამნისტია შეეხოს მხოლოდ ე.წ. გავრილოვის პროტესტანტებს, მაშინ ნუ იარსებებს ამნისტია საერთოდ. გაითხოვეთ ამნისტია და ამ შემთხვევაში მე, ნიკა მელია, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე”, – წერს მელია.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიატორობით მომზადებული შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, უნდა განხორციელდეს ამნისტია, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება. ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში იგეგმება.