საზოგადოება

ვის ეხება „გირჩის“ ინიციირებული ამნისტიის კანონპროექტი

28 თებერვალი, 2024 •
ვის ეხება „გირჩის“ ინიციირებული ამნისტიის კანონპროექტი

პარტია „გირჩმა“ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის მიღების შემთხვევაშიც, სასჯელი თითქმის ყველა პატიმარს შეუმცირდება გარდა იმ პირებისა, რომლებიც არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში არიან მსჯავრდადებულნი.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ინიციატორები ყველა პატიმრისთვის, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, პატიმრობის მაქსიმალურ ვადად 30 წლის განსაზღვრას ითხოვენ, რომელსაც გამოაკლდება უკვე მოხდილი წლები. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 273¹ და 265 მუხლებით მსჯავრდადებულთა გათავისუფლებას. ეს მუხლები მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღებას და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებას გულისხმობს.

გარდა ამისა, კანონპროექტით, სასჯელი გაუნახევრდებათ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, სამოხელეო და ნარკოტიკული დანაშაული. ხოლო 1⁄4-ით შეუმცირდებათ სასჯელი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს.

კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილებები, დამტკიცების შემთხვევაში, დაახლოებით 9 500 პატიმარს შეეხება.

რაც შეეხება კანონპროექტის მიზნებს, განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო, ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე და ცალკეული საზოგადოებრივ პოლიტიკური ასპექტების გათვალისწინებით, პერიოდულად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს (მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების გზით), რომლებიც მიმართული უნდა იყოს მსჯავრდადებულთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სასჯელისაგან მათი გათავისუფლების დამატებითი სამართლებრივი მექანიზმების შექმნისაკენ.

ამასთან, დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ წლების განმავლობაში მოსახლეობაზე გაანგარიშებით საქართველო პატიმრების ჭარბი რაოდენობით ევროპაში  „მოწინავე“ პოზიციებს იკავებს:

„წინა მთავრობის დროს გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპი ქართული ოცნების პირობებში შენარჩუნდა და გაფართოვდა. სასამართლო, როგორც მმართველი ძალის მიერ რიგითი ადამიანების კონტროლის და დასჯის სისტემა, დღემდე პოლიტიკურად მართვად ინსტრუმენტად რჩება და, სამწუხაროდ, ვერ მოხდა მისი სანდო ინსტიტუციად ქცევა. ამ პირობებში გამოტანილი ნებისმიერი განაჩენი მოიცავს რისკს, რომ თავისუფლების აღკვეთა არასამართლიანად ან გადამეტებული დოზით იქნა გამოყენებული.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ქართული ოცნების მიერ განხორციელებული საყოველთაო ამნისტია სწორედ იმ მოსამართლეთა გადაწყვეტილებებს შეეხო, რომელთა უდიდესი ნაწილი დღესაც მოსამართლეა და ამ პერიოდში რომ არ გამოსწორებულან, სხვა ყველაფერთან ერთად ამას მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაწესებული სანქციებიც ადასტურებს“, — ვკითხულობთ დოკუმენტში.

„გირჩის“ განცხადებით, კანონპროექტის თანაავტორები არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპელი სოციალისტები“, „მოქალაქეები“ და დამოუკიდებელი დეპუტატები, ტარიელ ნაკაიძე და ხატია დეკანოიძე.

რაც შეეხება კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს, საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს „ლელოს“ და პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა და აღნიშნეს, რომ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ.

„ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტის შედეგად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულთა გათავისუფლებას საზოგადოებისთვის საფრთხედ მიიჩნევენ:

„ჩვენ მხარს არ ვუჭერთ აღნიშნულ ამნისტიის პროექტს იმიტომ, რომ არ მიგვაჩნია, მაგალითად, სამოხელეო დანაშაული უნდა იყოს ამნისტირებული. საზოგადოებისთვის საფრთხედ მიგვაჩნია ამ ამნისტიის განხორციელების შემთხვევაში უამრავი ძალიან მძიმე დამნაშავის გამოშვება საპყრობილიდან“, — აცხადებს სალომე სამადაშვილი.

გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“ წევრი ალექსანდრე მოწერელია კი აღნიშნავს, რომ ზოგადად ამნისტიას პარტიაში ეთანხმებიან, თუმცა არა წარმოდგენილი ფორმით:

„არ მივცემთ არავის საშუალებას, რომ ამ ამნისტიის შედეგად, ეს შეეხოს სააკაშვილს, ადეიშვილს და სხვებს და ასევე ნარკორეალიზატორებს. ეს არის ჩვენი დღევანდელი პოზიცია. ჩვენ ამნისტიას ზოგადად ვუჭერთ მხარს, რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ ერთხელ — წარმოდგენილი სახით მხარს არ ვუჭერთ და არ დავუჭერთ“, — ამბობს ალექსანდრე მოწერელია.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, მმართველ გუნდში ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ციხეებში პატიმრების რაოდენობის შემცირება ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომის ნაწილი უნდა იყოს და არა „ერთი ხელის მოსმით პოლიტიკური პროგრამის გატარების ნაწილი“:

„რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანიც არის, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს უწევდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდა. რაც შეეხება, რა მექანიზმები არსებობს ამის შემცირებისა, აქ სწორედ სახელმწიფოებრივი მიდგომაა მნიშვნელოვანი, იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, მთავრობის პოზიცია და არა ერთი ხელის მოსმით პოლიტიკური პროგრამის გატარების ნაწილი არ უნდა იყოს ეს“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ამ თემაზე წაიკითხეთ: რატომ ჰყავს საქართველოს ამდენი პატიმარი

მასალების გადაბეჭდვის წესი