ახალი ამბები

ექსპერტთა საბჭო “უკეთესი ნამახვანისთვის”: რას ელიან სახელმწიფო და კრიტიკოსები

20 აპრილი, 2021 • 1862
ექსპერტთა საბჭო “უკეთესი ნამახვანისთვის”: რას ელიან სახელმწიფო და კრიტიკოსები

სახელმწიფო ამბობს, რომ ქმნის ექსპერტთა საბჭოს, რომელსაც ნამახვანჰესის საკამათო პროექტთან დაკავშირებით გასულ წლებში ჩატარებულ ყველა კვლევას გადასცემენ. მინისტრთა განცხადებით, მის შემადგენლობაში ელიან ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტების წარმომადგენლებს და უშუალოდ მათ, თუ ამის სურვილი ექნებათ.

სახელმწიფო და ჯერ არშექმნილი საბჭოს პოტენციურ წევრთა ნაწილი უკვე საუბრობენ ამ იდეის სიკეთეებზე და განიხილავენ მას, როგორ ჰესის გარშემო არსებული კითხვების გაფანტვისა და “პროექტის დახვეწის” საშუალებას. მეორე მხრივ, სკეპტიციზმი შეინიშნება ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებსა და სხვა კრიტიკოსებს შორის, რომლებიც საბჭოს მიუკერძოებლობასა და ეფექტიანობას აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ.

საბჭო “უკეთესი ნამახვანჰესისთვის”

კვლევები, რომლებიც დაინტერესებული პირებისთვის გასაჯაროვდა, სახელმწიფომ გასულ კვირას თბილისში, სასტუმრო “შერატონში”, სხვადასხვა დარგის ზოგიერთი სპეციალისტის წინაშე წარმოადგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, საუბარია 80-მდე კვლევაზე, თავისი ტექნიკური დოკუმენტაციით, რომელთა ნაწილი აქამდეც იყო საჯარო, ნაწილს კი მსურველები ახლა გაეცნობიან.

პროცედურის მიხედვით, დაინტერესებულმა პირმა მონაცემები სპეციალური მეილის მეშვეობით უნდა გამოითხოვოს, პასუხად კი მიიღებს ბმულს, რომელზეც კვლევებია ატვირთული. სია არ მოიცავს დამატებით კვლევებს, რომლებიც სახელმწიფომ კომპანიას დაავალა, ვინაიდან ისინი ჯერ არ დასრულებულა.

საბჭო გადახედავს პროექტის გარშემო ჩატარებულ სეისმურ, გეოლოგიურ, ჰიდროლოგიურ და სხვა სახის კვლევებს მომდევნო 1 წლის განმავლობაში — დროის იმ მონაკვეთში, რომლითაც სახელმწიფომ კაშხლის მშენებლობა შეაჩერა, რათა, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, “ყველაფერი კარგად გადამოწმდეს”.

ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ნამახვანჰესის კვლევების პრეზენტაციაზე თბილისში. 16.04.21 ფოტო: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

“დღეიდან ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ყველა დაინტერესებულმა ორგანიზაციამ მოგვაწოდოს თავისი კანდიდატები ექსპერტთა საბჭოს შესაქმნელად. საბჭო იქნება ამ პროცესის მაკოორდინირებელი დამოუკიდებელი ორგანო იმისთვის, რომ უფრო მეტი სანდოობის ხარისხი იყოს საზოგადოებაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯამში, მივიღებთ უკეთეს ნამახვანს”, — თქვა ნათია თურნავამ 16 აპრილს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, სახელმწიფო საბჭოსგან “მოსაზრებებს, შენიშვნებსა და რეკომენდაციებს” დაელოდება, რათა [მშენებელმა] კომპანიამ ასახოს და დახვეწოს პროექტი”.

თბილისში გამართულ შეხვედრაზე “რიონის ხეობის მცველებიდან” არავინ ყოფილა წარმოდგენილი. როგორც “ნეტგაზეთს” უთხრეს, ღონისძიების შესახებ მათთვის არავის უცნობებია. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებმა ნათია თურნავასაც ჰკითხეს, რაზეც მინისტრმა თქვა, რომ პროცესში ჩართვა თავად ან მათი წარმომადგენლების მეშვეობით ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებსაც შეეძლებათ:

“საპროტესტო აქციების მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ საბჭოშიც წარმოადგინონ თავიანთი ექსპერტები და ნდობით აღჭურვილი მეცნიერები, შეუძლიათ, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა შეხვედრებში.

აქედან გამომდინარე, ეს არის დასაწყისი. თუ მათ სურვილი აქვთ, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს, ჩვენც მოხარულნი ვიქნებით, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ და სიმართლე გაიგონ ამ კვლევების შესახებ”.

ფორმა, ნეიტრალურობა და სხვა — ვის (არ) მოსწონს საბჭო

ეკონომისტი ანდრია გვიდიანი, რომელიც ნამახვანჰესს ”საქართველოს ენერგოსექტორისთვის სისტემურად მნიშვნელოვან პროექტად” განიხილავს, შეხვედრას ესწრებოდა და საბჭოში შესვლასაც გეგმავს. მისი თქმით, ვარაუდობს, რომ იმ რეკომენდაციებსა თუ კრიტიკულ მოსაზრებებს, რომლებიც იქნება “საფუძვლიანი და დასაბუთებული”, პასუხისმგებელი პირები გაითვალისწინებენ.

“ყველას ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს არსებულ კვლევებს. საკმაოდ ბევრი ინტერპრეტაცია არსებობს, არსებობს დეზინფორმაციებიც და საზოგადოებასთან არასწორად მიტანილი მთელი რიგი საკითხები, როგორც გარემოსდაცვითი მიმართულებით, ისე სხვა საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ძალიან კარგია, რომ ამ ფორმატში გრძელდება მუშაობა”, — უთხრა მან “ნეტგაზეთს”.

ანდრია გვიდიანი

16 აპრილის ღონისძიებას “საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, შეხვედრის შემდეგ დარჩა შთაბეჭდილება, რომ ჰესის პროექტით დაინტერესებულ ექსპერტებს წარმოდგენილზე მეტი დოკუმენტი დასჭირდებათ, რათა შესაბამისი რეკომენდაციები გასცენ. ფიქრობს, რომ უმჯობესი იქნებოდა, სახელმწიფოს ეს პროცესი “2-3 წლით ადრე დაეწყო”, თუმცა კვლევების შესასწავლად საბჭოს ფორმატის საჭიროებას ვერ ხედავს:

“მე წინააღმდეგი ვარ, რომ რამე საბჭო შეიქმნას ან ფორმალიზებული სისტემა იყოს. ვფიქრობ, ყველა ექსპერტისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეს დოკუმენტაცია. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიქმნას, ეს არის საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს იმაზე, რომ ყველა ექსპერტის დასკვნა ნამდვილად იყოს მოსმენილი”.

მუშაობის პროცესში ჩხობაძისთვის ამოსავალი იქნება კითხვა: რამდენად უსაფრთხოა პროექტი ხეობისთვის და ქვეყნისთვის. მისი თქმით, ჰესი არ უნდა აშენდეს, თუ შედეგად მივიღებთ “დანგრეულ ხეობას”.

ნინო ჩხობაძე

“თვითონ პროცესს უნდა ჰქონდეს შედეგი. პროცესის შედეგი გამოჩნდება იმის მიხედვით, რას დავდებთ ექსპერტები… იქ არის ისეთი ფაქტორები, რომელთა გამოც, ზოგ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა თვლის, რომ უნდა აშენდეს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ იმ ადგილას ასეთი ტიპის კაშხალი შეიძლება იყოს ძალიან სარისკო ქვეყნისთვის”, — დასძენს ნინო ჩხობაძე.

სახელმწიფომ ხსენებულ ღონისძიებაზე ნამახვანჰესის პროექტის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით ცნობილი სეისმოლოგი, საქართველოს სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძეც მიიწვია.

როგორც გოდოლაძე აღნიშნავს, შეხვედრაზე მისვლას გეგმავდა, თუმცა აზრი შეიცვალა მას შემდეგ, რაც “რადიო თავისუფლებამ” ღონისძიებამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა კომპანია “ენკას” მიერ მიწოდებული სია, რომელიც ჯერ არშექმნილი საბჭოს წევრების ჩამონათვალს შეიცავდა. სიაში თეა გოდოლაძემ თავისი სახელიც იპოვა მაშინ, როცა საბჭოს წევრობას არ დათანხმებია; ასევე ნახა იმ ადამიანთა სახელები, რომელთაც, როგორც ამბობს, “პირდაპირი კონტრაქტი აქვთ კომპანია ენკასთან”.

მოგვიანებით, “ენკამ” განმარტა, რომ ეს იყო არა საბოლოო, არამედ პირველადი სია, რომლის მიხედვითაც შემდგომ საბჭოს შემადგენლობა უნდა განსაზღვრულიყო. მიუხედავად ამისა, თეა გოდოლაძეს საბჭოს მიუკერძოებლობაში ეჭვი შეაქვს. მისი თქმით, იქ მხოლოდ იმ პირობით შევა, თუ საბჭოში წარმოდგენილნი არ იქნებიან კომპანია “ენკას” დაქირავებული ექსპერტები და მისი ქვეკონტრაქტორები.

“ნეტგაზეთმა” გოდოლაძის ამ პირობის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრს, ლევან დავითაშვილს ჰკითხა, რაზეც ასეთი პასუხი მივიღეთ:

“ჩვენ ვთქვით, რომ ყველას მივცეთ საშუალება, მონაწილეობა მიიღოს დიალოგის პროცესშიო, ასე არ არის? მათ შორის, რიგით მოქალაქეებსაც, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ასე რომ, ვინმეს ავუკრძალოთ საბჭოში მონაწილეობა, ვფიქრობ, არასამართლიანია, იმიტომ, რომ ყველას აზრი უნდა ისმოდეს.

…ეს არ არის კომპანია “ენკას” მიერ წარმართული პროცესი და არ უნდა იყოს. იმისთვის, რომ ზუსტად ასეთი კითხვები და ეჭვები არ გაჩნდეს… გადაწყდა, რომ ენერგეტიკის განვითარების ფონდი იქნებოდა, მათ შორის, დამფინანსებელი, თუ დაფინანსებები იქნებოდა საჭირო პროექტში მონაწილეობისას. ამიტომ, ეს არის ნეიტრალური პლატფორმა დ,ა ვფიქრობ, ქალბატონი თეა ამ პროცესში ჩაერთვება, როგორც ერთ-ერთი კომპეტენტური ექსპერტი”.

“მიუხედავად მისდამი პატივისცემისა”, თეა გოდოლაძე დავითაშვილის პოზიციას არ იზიარებს:

“ეს არ არის აკრძალვა… ვინც გააკეთა შრომა, ის უნდა განიხილოს კომისიამ. ქვეკონტრაქტორი რა შუაშია? ენკას ქვეკონტრაქტორი იქნება ყოველთვის მისი ინტერესების გამტარებელი, ისევე როგორც მისი დაქირავებული ექსპერტი.

მე თუ მიხდის ენკა ფულს, მე, რა თქმა უნდა, გავატარებ მის ინტერესს და ჩემს ინტერესსაც, ხომ ასეა? ამიტომ ლეგიტიმაცია ეკარგება საბჭოს. პირველ რიგში, ხალხის და მთავრობის ნდობა უნდა იყოს აქ.

უნდა განიმარტოს, რა სტატუსი აქვს ამ საბჭოს… რეკომენდაციები ისედაც არის მიცემული. მთავარი აქცენტი იმაზეა, რომ ადამიანმა, რომელიც ფულს იღებს ენკასგან, რეკომენდაცია რატომ უნდა მომცეს?”.

“რიონის ხეობის მცველების” სკეპტიციზმი

“რიონის ხეობის მცველები” საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას არ აპირებენ. ადგილობრივმა აქტივისტმა, მარიტა  მუსელიანმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ამჟამად ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლობასთან მოლაპარაკებების სივრცეების გახსნის პროცესში არიან და აპირებენ, ამ კურსს მიჰყვნენ.

მარიტა მუსელიანი ასახელებს რამდენიმე მიზეზს, რომელთა გამოც მსგავსი საბჭოსგან ეფექტურ შედეგს არ ელის. მისი თქმით, სანამ გარემოსდაცვით და სხვა მსგავს საკითხებზე გადავლენ, “რიონის ხეობის მცველებს” კითხვები უშუალოდ პროექტის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით აქვთ. შესაბამისად, არ ფიქრობს, რომ საბჭოში აქტივისტების რაიმე ფორმით მონაწილეობა პროცესს წაადგება.

“ჩვენ, მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა ხელშეკრულება, გაგვიჩნდა აბსოლუტურად სხვა სივრცე იმისთვის, რომ გვქონოდა სხვა ხასიათის პრეტენზიები, ვიდრე არის გარემოსდაცვითი… ამ ხელშეკრულების მერე არის გარემოსდაცვითი დოკუმენტი. ანუ, ჯერ პირველადი დოკუმენტი უნდა გაირკვეს, იმის მდგომარეობა, და მერე უნდა გაირკვეს სხვა პროცესი. იქამდე ჯერ უნდა მივიდეთ”, — დასძენს ის.

ადგილობრივი აქტივისტის აზრით, სანამ სახელმწიფო ექსპერტებს აზრს ჰკითხავს, ჯერ კომპანია “ენკამ” ის დამატებითი კვლევები უნდა დაასრულოს, რომელიც დაევალა. მუსელიანი არ იზიარებს ნათია თურნავას მოწოდებას აქტივისტების მიერ საბჭოში მათი ნდობით აღჭურვილი ექსპერტის წარდგენის შესახებ:

“ვის თვლიან ჩვენი ნდობით აღჭურვილ პირად, ამას არც აქვს ამ ეტაპზე არავითარი მნიშვნელობა. რატომ უნდა იყოს მაინცდამაინც ჩვენი ნდობით აღჭურვილი? რა შუაში ვართ ჩვენ? საერთო ნდობას უნდა იწვევდეს ის ექსპერტი, ხომ მართალია? ექსპერტის სანდოობაზე როცა არის საქმე, იმაში კი არ არის საქმე, ვის ენდობა ვარლამ გოლეთიანი, მარიტა მუსელიანი თუ ნათია თურნავა… აქ უნდა იყოს სტატუსით ისეთი ადამიანი, რომლის ნდობაც არავისთვის დგას ეჭვქვეშ”.

მარიტა მუსელიანი. ფოტო: სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის/Fair Energy Politics Collective

მისივე თქმით, თუ საქმე იქამდე მივა, რომ გარემოსდაცვითი ნაწილი გადაიხედოს,  პროცესში უნდა ჩაერთონ “საერთაშორისო ნდობით აღჭურვილი, მიუკერძოებელი ექსპერტები”.

თავის დროზე, ნამახვანჰესისადმი კრიტიკულად განწყობილმა არასამთავრობოებმა გაახმიანეს იდეა, ჰესის პროექტი “ნიდერლანდის გარემოზე ზემოქმედების კომისიას” შეესწავლა, თუმცა სახელმწიფოს თანხმობა ვერ მიიღეს.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, როგორც მინიმუმ, ამ საბჭოს შემადგენლობაში თუ განიხილავს სახელმწიფო უცხოელი ექსპერტების ჩართვას. ნათია თურნავამ გვიპასუხა, რომ “თუ ასეთი მოთხოვნა იქნება მეცნიერთა საზოგადოებიდან, არასამთავრობოებიდან, თუნდაც საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებიდან”, არ არის გამორიცხული, მოიწვიონ ისინი.

“…თუმცა ერთ რამესაც გეტყვით, რომ საქართველოში ჩვენ ძალიან მდიდარი სამეცნიერო პოტენციალი გვაქვს, მდიდარი ექსპერტული პოტენციალი და ძალიან ბევრი ქართველი ექსპერტი გამოხატავს ინტერესს, რომ ჩაერთოს”, — დაამატა მან.

თეა გოდოლაძეც ვარაუდობს, რომ ის და მისი გუნდი კვლევების ვალიდაციის პროცესში საერთაშორისოდ აკრედიტებული კომისიის ჩართვას მოითხოვენ. თუმცა ხაზს უსვამს, რომ მთავარია არა უშუალოდ უცხოელი ექსპერტის ჩაბმა პროცესში, არამედ მისი რეპუტაცია.

“ცალკე შეხვედრები ხელშეკრულებაზე”

16 აპრილის შეხვედრაზე თურნავამ ასევე თქვა, რომ “ბევრი შეკითხვა და ასევე არასწორი ინფორმაცია ცირკულირებს თვითონ [პროექტის] ხელშეკრულებაზე”, რის გამოც სახელმწიფომ გადაწყვიტა, “ცალკე ფორმატში” განიხილოს ეს საკითხი.

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცალკე ფორმატით, ცალკე შეხვედრები, რამდენიც იქნება საჭირო, გავმართოთ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იმ ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან, რომლებიც განსაკუთრებით არიან დაინტერესებულნი…” ,— თქვა მან.

აქტივისტი მარიტა მუსელიანი ამბობს, რომ ხელშეკრულების დეტალებზე “რიონის ხეობის მცველებს” თურნავასთან საუბარი ჯერ კიდევ 12 მარტს, ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე სურდათ, თუმცა მან ეს შეხვედრა შეკითხვების მოსმენამდე დატოვა.

“თურნავასთან ურთიერთობას ჩვენ არ ვგეგმავთ. ამაზე გაცხადებული გვაქვს პოზიციები და ყოველდღიურად, [სოციალურ ქსელში] სურათს რომ ვდებთ, მოთხოვნებში მეოთხე პუნქტად მისი გადადგომაა მოხსენიებული. შეუძლებელია, თურნავასთან საუბარი ჩვენ ვეღარ გვექნება”, — აღნიშნავს აქტივისტი.

თავად თურნავას აქტივისტების ეს პოზიცია ხისტად მიაჩნია. მან 13 აპრილს თქვა, რომ “რიონის ხეობის მცველებს” “მთავრობის წევრზე ნაკლები რანგის ადამიანებთან საუბარი არ უნდათ”.

იმავე კვირაში, როცა ხეობაში ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა, ქუთაისში პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით 10 ადამიანი ჩავიდა და აქტივისტებს შეხვდა. აღნიშნულის შემდეგ ორივე მხარე ალაპარაკდა დიალოგის პერსპექტივებზე.

“…ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაღაც საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება პრემიერ-მინისტრის მიერ ან რაღაც საურთიერთობო, საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც ამ საქმეში, ჩვენთან დიალოგში ჩაერთვება”, — დასძენს მარიტა მუსელიანი.

რა ხდება რიონის ხეობაში

არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტი თუ აქტივისტი ამბობს, რომ “ნამახვანჰესის” პროექტი მნიშვნელოვან კითხვის ნიშნებს აჩენს, მათი ნაწილის შეფასებით კი, ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა, რასაც ოპონენტი მხარე უარყოფს. 

მიუხედავად მთავრობის განცხადებისა, რომ ეს ჰესი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას წაადგება, კრიტიკოსი ორგანიზაციები ამბობენ, რომ  ელექტროენერგიის ეს საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.

ადგილობრივი აქტივისტები რამდენიმე თვის განმავლობაში, სოფელ ნამოხვანში, კარვებში მორიგეობდნენ და ამ ფორმით ეწინააღმდეგებოდნენ დაგეგმილ მშენებლობას. გაიმართა რამდენიმე ხალხმრავალი აქცია ქუთაისშიც. პროტესტის ფონზე, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჰესის სამშნებელო სამუშაოები 9-12 თვის მანძილზე არ იწარმოებს.

მიუხედავად ზემოხსენებულისა, ხეობაში ვითარება მეტად დაიძაბა მას შემდეგ, რაც მშენებელმა კომპანიამ ჰესის მშენებლობის წინამოსამზადებელი სამუშაოები განაახლა. ამ პროცესის დაწყებიდან მალევე, აქტივისტებს ჯერ ხეობაში გადაადგილება შეუზღუდეს, შემდეგ კი მათი კარვები აიღეს. ამის შემდეგ, პროტესტის ცენტრმა ამავე ხეობის სოფელ გუმათთან გადაინაცვლა.

შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და აქტივისტებს შორის ქუთაისში. 16.04.21 ფოტო: საქართველოს მთავრობა

ხეობაში არსებული დაძაბულობის ფონზე, 16 აპრილს ქუთაისში ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებს შეხვდნენ. “რიონის ხეობის მცველებმა” 3 მოთხოვნა წარუდგინეს სახელმწიფოს.

აქტივისტები ითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, მოიხსნას გადაადგილების შეზღუდვა და მიეცეთ “რიონის ხეობის მცველებს” სოფელ ნამახვანში დაბრუნების, ასევე, ადგილზე კარვებით პროტესტის გაგრძელების საშუალება.

სახელმწიფო ამბობს, რომ ამ მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად რამდენიმე დღეა საჭირო. ამ შეხვედრის შემდეგ, სოფელ გუმათის გზაზე პოლიციის მიერ აღმართული რკინის ბარიერების ნაწილი აიღეს, თუმცა გადაადგილება ხეობაში ისევ შეზღუდულია.

დანარჩენი ბარიერების მოხსნაც იგეგმება სიტუაციის შესაბამისად — შალამბერიძე გუმათზე

მასალების გადაბეჭდვის წესი