ახალი ამბები

„არ ვიცი, რამდენად გამოდგება“ – თურნავა „ნამახვანის“ პროექტის ჰოლანდიური ორგანიზაციის მიერ შესწავლაზე

9 მარტი, 2021 • 1316
„არ ვიცი, რამდენად გამოდგება“ – თურნავა „ნამახვანის“ პროექტის ჰოლანდიური ორგანიზაციის მიერ შესწავლაზე

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ სახელმწიფო არ აპირებს ნამახვანჰესის პროექტის „საფუძვლიან რევიზიას“, თუმცა, „თუ დამატებითი კვლევაა საჭირო, გავაკეთოთ“.

ამასთან, თურნავა აცხადებს, რომ ამ საქმისთვის არ გამოდგება არასამთავრობო სექტორის მიერ შეთავაზებული ორგანიზაცია, ნიდერლანდის გარემოზე ზემოქმედების კომისია (NCEA- Netherlands Commission on Environmental Assessment).

„მინდა დავაზუსტო, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ [ნამახვანჰესის] პროექტის საფუძვლიან რევიზიას, იმიტომ, რომ ეს პროექტი დამტკციებულია, მთავრობას გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ჩვენი პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს. მაგრამ ვაპირებთ, რომ გავხსნათ და პროცესი არის მიმდინარე. და თუ დამატებით კვლევაა საჭირო, მაშინ გავაკეთოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის, „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენლის, დავით ჭიპაშვილის კითხვაზე პასუხად.

„რაც შეეხება თქვენს პარტნიორ ორგანიზაციას, ჰოლანდიის გარემოს ორგანიზაციას, როგორც ვიცი, ბაქო-ჯეიჰანს [ნავთობსადენს] ეწინააღმდეგებოდა, ამიტომ არ ვიცი, რამდენად გამოგვადგება“, – განაცხადა მინისტრმა 9 მარტს, პარლამენტში გარემოს დაცვის და ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

ამ რეპლიკაზე თურნავას გამოეხმაურა ნინო ჩხობაძე, 1995-2004 წლებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, რომელიც ასევე ეწინააღმდეგება ნამახვანის პროექტს, და განაცხადა:

„ბაქო-ჯეიჰანზე ჩემი, როგორც მინისტრის მოპატიჟებით და ჰოლანდიის გარემოს დაცვის მინისტრის თხოვნით იყო მოწვეული ეს კომისია. ის იყო ექსპერტიზაში მონაწილე. საკმაოდ კარგი [პოზიცია ჰქონდათ იმ პროექტზე], რომ იცოდეთ. არცერთი უარყოფითი მოსაზრება არ დაუფიქსირებიათ. ეს იყო ის ორგანიზაცია, რომელიც გვეხმარებოდა ჩვენ იმ პირობების ფორმირებაში, რომელიც გაიცა გარემოს დაცვის ნებართვის დროს“.

ჩხობაძეს, თავის მხრივ, უპასუხა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა, რომელიც 1996-2005 წლებში „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში“ მუშაობდა და 1999 წელს ღირსების ორდენი მიიღო ბაქო-სუფსის მილსადენის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. მან განაცხადა:

„მე ჩართული ვიყავი ბაქო-ჯეიჰანის პროექტში და მახსოვს ჰოლანდიის გარემოსდაცვითი კომისიის ჩართულობა. მათი დასკვნის შედეგად აპოკალიპტური სურათი დაიხატა, რომ ბორჯომის ხეობის ნავთობით დაბინძურებაზე იყო საუბარი და საუბარი იყო იმაზე, რომ ეს პროექტი არ უნდა აშენებულიყო ისე, როგორც იგეგმებოდა. ზუსტად ეს კვლევები იყო საფუძველი, რის გამოც გარემოსდაცვითი ორგანიზაციები ეწინააღმდეგებოდნენ ჯეიჰანის პროექტს და ამას ნუ უარვყოფთ“.

დავით ჭიპაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ NCEA არის „არის ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელიც სპეციალიზირდება ამ სფეროში და ზედამხედველობის დოკუმენტები აქვს გაკეთებული როგორც ჰუდონჰესზე, ასევე, სხვა დიდკაშხლოვან ჰესებზე“.

NCEA, გარემოსდაცვითი ორგანიზაციების და ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის ფონზე, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ 2013 წელს მოიწვია ხუდონჰესის ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შეფასების დოკუმენტზე სამუშაოდ. ორგანიზაციამ პროექტთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები გამოკვეთა და საკუთარი რეკომენდაციები დადო.

მასალების გადაბეჭდვის წესი