ახალი ამბები

ნამახვანის კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება კვლევების გადამოწმებამდე – თურნავა

12 მარტი, 2021 • 1086
ნამახვანის კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება კვლევების გადამოწმებამდე  – თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ნამახვანი ჰესის ინვესტორთან დიალოგის შედეგად რამდენიმე შეთანხმებას მიაღწიეს:

  • კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება ძირითადი კვლევების გადამოწმებამდე;
  • შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მლნ-იანი ფონდი;
  • ნამახვანის ინვესტორ კომპანიაში ქართველი დირექტორი დაინიშნება;
  • ნამახვანი ჰესის ზედამხედველობისთვის შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო.

12 მარტს ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრები, ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ნამახვანი ჰესის საკითხზე ადგილობრივებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან  შეხვედრაზე ქუთაისში ჩავიდნენ.

შეხვედრები ჰესის წინააღმდეგ მასშტაბურ პროტესტს მოჰყვა. გასულ და მიმდინარე კვირაში რიონის ხეობაში შეხვედრისას და პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას მინისტრებმა პირობა დადეს, რომ 12 მარტს მოსახლეობის კითხვებს უპასუხებდნენ.

თუმცა ნათია თურნავამ ეს შეხვედრა რამდენიმე წუთში, შეთანხმების დეტალების გამოცხადების შემდეგ, დატოვა. ამას ადგილობრივების და არასამთავრობოების უკმაყოფილება მოჰყვა. მათ პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვეს.

„მშენებლობა არ დაიწყება კვლევების გადამოწმებამდე“

თურნავას თქმით, კომპანიასთან შეთანხმებით, ჰესის ძირითადი ნაგებობების — კაშხლისა და წყალსაცავის — მშენებლობა მანამ არ დაიწყება, სანამ ძირითადი კვლევები არ გადამოწმდება.

თუმცა, მისი განცხადებით, კომპანია გააგრძელებს გზისა და „მეორეხარისხოვანი ელემენტების“ მშენებლობას.

შეთანხმების ძირითადი პუნქტი თურნავამ ასე დააანონსა:

„მიუხედავად იმისა, რომ ნამახვანის პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტი, — ჯერ კიდევ წინა საუკუნიდან მოყოლებული უამრავი კვლევა ჩატარდა და განსაკუთრებით ბოლო 5 წელში, — იმისთვის, რომ ყველა საჭოჭმანო საკითხი მოიხსნას, — რაც ეხება უსაფრთხოებას, კვლევების თვალსაზრისით საიმედოობას, — შევთანმდით კომპანიასთან, რომ ისინი არ დაიწყებენ ჰესის ძირითადი ნაგებობების, კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას მანამ, სანამ არ გავაკეთებთ რამდენიმე ძირითადი კვლევის ხელახალ გადამოწმება/ვალიდაციას“, – განაცხადა მინისტრმა.

ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ სახელწიფო ამ მიზნით დაიქირავებს დამოუკიდებელ ექსპერტებს, მათ შორის- ადგილობრივების ნდობით აღჭურვილ ქართულ ინსტიტუტებს.

„დარწმუნებულები ვართ, ეს ნაბიჯი საბოლოო წერტილს დაუსვამს კითხვის ნიშნებს, რამდენად საფუძვლიანად მოხდა შესწავლა“, – განაცხადა მან. ჯერჯერობით კონკრეტული სახელები არ დასახელებულა.

5 მლნ-იანი ფონდი

თურნავა აცხადებს, რომ ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანიასთან ასევე მიღწეულია შეთანხმება „რიონის ხეობის განვითრების ფონდის“ შექმნის შესახებ.

„5 მლნ-ის ფონდი იქმნება, რომელიც [პროექტის] მშენებლობის განმავლობაში იმოქმედებს და მხარს დაუჭერს ხეობის მოსახლეობისთვის საჭირბოროტო პროექტს“, – განაცხადა მინისტრმა.

თურნავას თქმით, ამ ფონდში, — რომელიც თავიდანვე, პროექტის ინიცირებისას იყო შესაქმნელი, — „შეიტანს კონტრიბუციას ინვესტორიც და სახელმწიფოც“.

მის თანახმად, ფონდის თანხების განკარგვაში, პრიორიტეტების შემუშავებაში ჩაერთვებიან ადგილობრივი სათემო ორგანიზაციები.

„ფონდი დაფარავს არა მხოლოდ იმ სოფლებს, რაც ჰესის მშენებლობის არეალშია, არამედ წყალტუბოს და ცაგერის სოფლებს, რაც რიონის ხეობაში ექცევა“, – განაცხადა მან.

„ქართველი დირექტორი“

თურნავას თქმით, მთავრობის მოთხოვნით, ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანია „ენკა რინიუებლზში“ ქართველი დირექტორი დაინიშნება.

„ჩვენი მოთხოვნით, მიღწეულია კომპანიასთან შეთანხმება, დაინიშნოს ქართველი დირექტორი“, – განაცხადა თურნავამ მოსახლეობასთან შეხვედრისას 12 მარტს.

მისი თქმით, ამით უფრო მეტი გარანტია შეიქმნება, რომ „იქ დასაქმებულთა უფლებები იყოს ბოლომდე დაცული და იყოს სწორი კომუნიკაცია მოსახლეობასთან“.

„დამოუკიდებელი საბჭო“

ბოლო დაპირება, რაც ნათია თურნავამ გააცნო მოსახლეობას, „ჰესის მშენებლობის ზედამხედველობის დამოუკიდებელი საბჭოს“ შექმნაა.

მისი თქმით, საბჭო შედგება „მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან“:

„მათ შორის ნებისმიერი თქვენგანი შეძლებს მასში მონაწილეობას, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს პროექტს, რომ საბოლოოდ გამოირიცხოს პროექტის უსაფრთხოებაზე ყოველგვარი ეჭვი“, – განაცხადა მან.

პროტესტი

ნამახვანის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს მდინარე რიონზე. მისი ღირებულება 827 მილიონი აშშ დოლარია და აშენებს თურქული კომპანია „ენკა“ (სრულად: „ენკა რინიუებლზ“, ყოფილი „ქლინ ენერჯი გრუფი“).

ადგილობრივი მოსახლეობა, თანდათანობით გაზრდილ მხარდამჭერებთან ერთად, უკვე 4 თვეზე მეტია, რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პერმანენტულ აქციებს მართავს და კარვებში რჩება.

პარლამენტსა და მთავრობაში ნამახვანჰესზე ყურადღებას მას შემდეგ გაამახვილეს, რაც პროტესტი ახალ განზომილებაში გადავიდა: 28 თებერვალს, ქუთაისში მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა ამ პროექტის წინააღმდეგ, რასაც სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მოსახლეობა დაესწრო.

საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, ახალგაზრდა ადგილობრივმა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა გამოაცხადა, რომ ხელისუფლებას 2-კვირიან ვადას აძლევენ, რათა მშენებლობა შეჩერდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან ქალაქ ქუთაისის პიკეტირება დააანონსა.

ეკონომიკის და გარემოს დაცვის მინისტრები 5 მარტს ნამოხვანში, რიონის ხეობაში ჩავიდნენ, „რიონის ხეობის მცველებს“ შეხვდნენ და დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

შემდეგი შეხვედრა, რომელიც პარასკევს, 12 მარტს იყო ჩანიშნული, თურნავას წასვლის შემდეგ ჩაიშალა.

მანამდე 3 დღით ადრე, პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას, მინისტრმა თურნავამ განაცხადა, რომ სახელმწიფო არ აპირებს ნამახვანჰესის პროექტის „საფუძვლიან რევიზიას“.

კვირას, 14 მარტს მორიგი საპროტესტო დემონსტრაციაა დაგეგმილი.

თურნავას წასვლის შემდეგ პროტესტის ნიშნად შეხვედრა ადგილობრივებმაც დატოვეს

სამინისტროსა და EMC-ის არგუმენტები ნამახვანის ჰესის კონტრაქტზე

მასალების გადაბეჭდვის წესი