ახალი ამბები

“მთავრობის წევრზე ნაკლები რანგის ადამიანებთან საუბარი არ უნდათ” – თურნავა ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე

13 აპრილი, 2021 • 1353
“მთავრობის წევრზე ნაკლები რანგის ადამიანებთან საუბარი არ უნდათ” – თურნავა ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ზე” “ნამოხვანჰესის” საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ აქტივისტებს ხისტი პოზიციები აქვთ.

მინისტრის თქმით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ აქტივისტებს მთავრობის წევრებზე ნაკლები რანგის ადამინებთან საუბარი არ უნდათ და აცხადებენ, რომ საუბრის სიცრცე აღარ არსებობს:

“აუცილებლად მინდა გამოვეხმაურო აქტივისტების პოზიციას. ისინი თვლიან, რომ საუბრის სივრცე აღარ არსებობს, აყენებენ პირობებს. მე როგორც ვხვდები, მთავრობის წევრზე ნაკლები რანგის ადამიანებთან საუბარი არ უნდათ და ბოლოს პრემიერ-მინისტრი ახსენეს.

ჩვენი შეხვედრა, რომელიც ორი მინისტრის მონაწილეობით მიმდინაროებდა და 10-მდე სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ჩამოვიდა ქუთაისში, გვქონდა მოლოდინი, რომ საქმიანი დიალოგი იქნებოდა. ეს არ ნიშნავს მხოლოდ მთავრობის წევრების მონაწილეობას და მათგან პასუხის მოსმენას. მაგალითად, იგივე გეოლოგიის საკითხებზე უნდა ისაუბროს ბატონმა მერაბ გაფრინდაშვილმა, რომელიც მთავარი გეოლოგია და ა.შ.

როგორც ჩანს, ჩვენი მხრიდან ის ფორმატი გაგებული იყო როგორც საქმიანი შეხვედრა, ხოლო, როგორც ჩანს, მეორე მხრიდან სხვა მოლოდინი იყო ამასთან დაკავშირებით, მაგრამ თუკი აქტივისტებს გულწრფელად სურთ მიიღონ პასუხები მინისტრებისგან, ჩვენი სპეციალისტებისგან, ჩვენი კარი მათთვის ღიაა “, – თქვა თურნავამ.

თურნავა აცხადებს, რომ სწორი იქნება, თუ აქტივისტები დიალოგს გააგრძელებენ და პროცესებს პოლიტიკურ სიბრტყეზე არ გადაიტანენ, რაც მისი თქმით, ულტიმატუმების წამოყენებაში გამოიხატება:

“მათ რა კითხვებიც აქვთ, ლეგიტიმური კითხვები, ზოგი გადაჭარბებული წუხილები, ჩვენ ამაზე ეტაპობრივად ვცემთ პასუხს. უფრო სწორი იქნებოდა ამ შემთხვევაში, ეს ადამიანები, ვინც თითონაც აცხადებს, რომ ხეობის ბედი ადარდებთ, გააგრძელონ დიალოგი, ნუ გადაიტანენ ამას პოლიტიკურ სიბრტყეზე. პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანაა, როდესაც ულტიმატუმის ენით საუბრობენ”, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.


მოქალაქეები რიონის ხეობაში „ნამახვან ჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. თავდაპირველად მოქალაქეები სოფელ ნამოხვანში, კარავში იმყოფებოდნენ და პერიოდულად მართავდნენ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს.

არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტი თუ აქტივისტი ამბობს, რომ კომპანია „ენკას“ მიერ აშენებული ჰესი დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს, მათი ნაწილის შეფასებით კი, ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა. ამასთანავე, მიუხედავად მთავრობის განცხადებისა, რომ ეს ჰესი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას წაადგება, „ნამახვანი ჰესის“ აშენების შემთხვევაში. ორგანიზაციები ამბობენ, რომ  ელექტროენერგიის ეს საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.

თუმცა უკვე რამდენიმე დღეა, რაც პოლიციამ ნამოხვანთან გზა გადაკეტა, „რიონის ხეობის დამცველები“ კი გუმათთან მობილიზდნენ. მათ აქაც გაშალეს კარვები, რომელიც პოლიციამ 11 აპრილს აიღო. 12 აპრილს ხეობაში კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, თუმცა. ადგილობრივები ამბობენ, რომ საპროტესტო ტალღა თბილისშიც გადმოინაცვლებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი