“საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირთან ძველებურად საქმის გაგრძელებას”, — ვკითხულობთ ევროპარლამენტარების განცხადებაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კვლავ უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ. ხელმომწერნი არა მხოლოდ პოლიტიკოსთა პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, არამედ პირდაპირ მოუწოდებენ ევროკავშირს, გადაიხედოს საქართველოს ფინანსური დახმარების პოლიტიკა.
აღნიშნულის შემდეგ ოპოზიცია ევროატლანტიკური მომავლის საფრთხესა და “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაზე საუბრობს, მმართველ გუნდში კი — შესაძლო მიკერძოებასა და ხელმომწერ კანონმდებელთა რაოდენობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
ექსპერტები, რომელთაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, არ ფიქრობენ, რომ ევროპარლამენტართა მოწოდება ფუჭი სიტყვებია. ისინი ხაზს უსვამენ იმ ეკონომიკურ და პოლიტიკურ დანაკლისს, რომელიც საქართველომ შეიძლება მიიღოს კანონმდებელთა მოთხოვნების აღსრულების შემთხვევაში.
“სასწორზე ურთიერთობებია” — რა თქვეს ევროპარლამენტარებმა
“რადიო თავისუფლებამ” წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა 7 ევროპარლამენტარის განცხადება, რომელშიც ისინი წუხილს გამოთქვამენ ხსენებული მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების გამო.
მათი განცხადებით, ამას მოჰყვება შედეგები ევროკავშირ-საქართველოს შემდგომი ურთიერთობის თვალსაზრისით, რაც შესაძლოა ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერებით გამოიხატოს. ასევე, საუბარია პოლიტიკური მხარდაჭერის შეზღუდვაზე პროცესში ჩართული პარტიების — როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის — მიმართ.
“ევროპარლამენტი, კერძოდ, მოუწოდებს [ევროკავშირს], რომ დადგეს შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის, როგორც მომდევნო გადახდის შეჩერების, ისე იმ პირობების გამკაცრების მხრივ, რაც ევროკავშირის მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამებსა და საბიუჯეტო მხარდაჭერას უკავშირდება”, — ვკითხულობთ განცხადებაში.
ავტორები აღნიშნავენ, რომ მხარს უჭერენ დანიელსონის შეთავაზებაში შეტანილ ნაბიჯებს, მათ შორის, ამბიციურ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, პარლამენტში პასუხისმგებლობის აზრიან გადანაწილებას და, “რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — [პრობლემის] მოგვარებას მომავალ არჩევნებთან და პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორ შემთხვევასთან დაკავშირებით”.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მოლაპარაკების უშედეგობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ორივე მხარეს. ამასთან, “განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიას, რომელიც უნდა იყოს პირველი ამ კრიზისიდან საქართველოს გამოყვანის საქმეში”.
“მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უზრუნველყოს პატიოსნად ინკლუზიური პროცესი, რათა თავიდან იქნას აცილებული მომავალი არჩევნებისთვისა და სასამართლოსთვის ძირის გამოთხრა და უარი თქვას მომავალი შესაძლო შეთანხმებისთვის კარის დახურვაზე, რაც აუცილებელი არაა.
მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, უმალ იმოქმედონ. სასწორზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებია”, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერთა სია
დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის თანათავმჯდომარე;
მარინა კალიურანდი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი;
ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტია, ლიეტუვა), Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი;
ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანეები, გერმანია), დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინირების ჯგუფის წამყვანი წევრი საქართველოს განხრით;
სვენ მიკსერი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი საქართველოს საკითხში;
მიხაელ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი უკრაინის საკითხში;
პიატრას აუშტრიავიჩიუსი (RENEW, ლიეტუვა), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი ბელარუსის საკითხში.
რა პასუხი აქვთ მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში
მმართველ გუნდში არ ფიქრობენ, რომ ევროპარლამენტართა ხსენებული მოწოდებები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს “ქართული ოცნების” წევრთა საჯარო კომენტარებიდან.
“არ მგონია, რომ 6, 7 თუ თუნდაც 8 პარლამენტარის განცხადებამ იმოქმედოს იმ სტრატეგიულ მიმართულებაზე, რაც არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი”, — დასძენს გია ვოლსკი.
მისი თქმით, განცხადების ავტორთა პოზიცია გაუგებარია და “იმის მაგივრად, საუბრობდნენ, რატომ ვერ მოხდა შეთანხმება… იმუქრებიან, რომ სანქციები დაუწესდება საქართველოს, თუკი ისინი მიმართავენ ევროკავშირს, მერე ევროკავშირი განიხილავს და სანქციებს დაუწესებს ქვეყანას”.
მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა აცხადებს, რომ განცხადების ავტორი ევროპარლამენტარები ან მიკერძოებულები არიან, ან წერილში შეცდომაა გაპარული.
“ქართული ოცნება” მზად იყო ხელი მოეწერა, მაგრამ არ იყო ფორმატი, სადაც ერთს უნდა მოეწერა მარტო ხელი. ან ყველა აწერდა, ან არავინ, მაგრამ ეგ სიმართლეც გამოჩნდება. მეორე უზუსტობა, დანიელსონის დოკუმენტში არ იყო საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე”, — უთხრა კუჭავამ “მთავარ არხს”.
ოპოზიციაში სხვაგვარად ფიქრობენ: ენმ-ის ლიდერის, ხატია დეკანოიძის აზრით, პირველად საქართველოს ისტორიაში, საფრთხე დაემუქრა ევროატლანტიკურ მომავალს. ის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს წერილში მოცემულ ფრაზაზე — “სასწორზე ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებია”, პასუხისმგებლობას კი “ოცნებას” აკისრებს.
“ჩემთვის გამოსავალი არის პოლიტიკური დევნის დასრულება, პატიმრების გათავისუფლება, ვადამდელ არჩევნებზე მსჯელობა და ჩარჩოს შეთანხმება და სასიცოცხლო რეფორმები, რომელიც წერია მიშელის დოკუმენტში”, – ამბობს დეკანოიძე.
“ევროპული საქართველოში” ელიან, რომ ხსენებული განცხადების შემდეგ წნეხი “ქართულ ოცნებაზე” გაიზრდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე — გარეთ. პარტიის წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, განცხადებაში ნათლადაა ნათქვამი, რომ უმეტესი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება და აუცილებელია შეთანხმება ვადამდელ არჩევნებსა და მელიასა და რურუას გათავისუფლებაზე.
განცხადების შესაძლო პოლიტიკური და ფინანსური შედეგები
ანალიტიკოსები ევროპარლამენტართა განცხადების შესაძლო შედეგებზე საუბრისას ყურადღებას ორ მიმართულებაზე ამახვილებენ: პოლიტიკურსა და ფინანსურზე.
“ღია საზოგადოების ფონდის” წარმომადგენელი ვანო ჩხიკვაძე იხსენებს გასულ წელს გაფორმებულ მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 150 მილიონი ევრო უნდა მიეღო მაკროფინანსური დახმარების სახით. იმ ფონზე, როცა ევროკავშირმა თანხის ნახევარი უკვე გადმორიცხა, ფინანსური დახმარების შეჩერების შემთხვევაში, ჩხიკვაძე დარჩენილი 75 მილიონის დაკარგვის საფრთხეს ხედავს, რაც, როგორც აღნიშნავს, საქართველოსთვის ცოტა არ არის.
თუმცა ვანო ჩხიკვაძისთვის ევროპარლამენტართა განცხადების შესაძლო პოლიტიკური შედეგები უფრო ყურადსაღებია.
“…საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორიაში პირველად დგება ასეთი საკითხი დღის წესრიგში. აქამდე არასოდეს მომხდარა, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც ქვეყანაში იყო, დაეყენებინა საკითხი ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესახებ. ანუ, ამ გაფრთხილებაზე პოლიტიკურს ხვედრითი წილი უფრო დიდი აქვს, ვიდრე ფინანსურს”, — ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.
ჩხიკვაძე ფიქრობს, რომ განცხადებაში გახმიანებული მოთხოვნების აღსრულება და ევროკავშირთან ურთიერთობების გამწვავება “ძალიან ცუდი პოლიტიკური გზავნილი” იქნება როგორც საქართველოს სხვა პარტნიორების, ისე პოტენციური ინვესტორების მიმართ, რომელთაც თანხის დაბანდება სურთ ქვეყანაში.
განცხადების პოლიტიკური კომპონენტი უფრო მნიშვნელოვანია “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” უფროსი მკვლევრის, ბიძინა ლებანიძისთვისაც, თუმცა ფიქრობს, რომ მოცემულობა მძიმე იქნება ფინანსური კუთხითაც, თუ პროცესი გაგრძელდა:
“…ეს დინამიკაში უნდა განვიხილოთ. თუ ერთხელ დაწესდება ეს [ეკონომიკური] სასჯელი და ამას არ მოჰყვება შესაბამისი რეაქცია ქართული პოლიტიკური სპექტრის მხრიდან, ეს გამოიწვევს სხვა მსგავსი ზომების შემოღებასაც. ეს კი დინამიკაში შემდეგ მეტად დააწვება საქართველოს…”
შესაძლო პოლიტიკურ განვითარებებზე საუბრისას, ექსპერტები ახსენებენ “ქართული ოცნების” მიერ საჯაროდ გაცხადებულ ამბიციასაც, შექმნას პირობა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შესატანად.
ბიძინა ლებანიძის შეფასებით, ეს გაბედული ნაბიჯია და შესაძლოა, ევროკავშირის მხრიდან რაიმე სახის პოზიტიური გადაწყვეტილების მცირე შანსი არსებობდეს, თუმცა მიმდინარე კრიზისი “2024 წლამდე თუ გაგრძელდა, რა თქმა უნდა, გამორიცხულია, რომ პასუხი დადებითი იყოს”.
ბოლო მოვლენებს “ოცნების” გეგმებისთვის ხელის შემშლელად მიიჩნევს თეონა ლავრელაშვილიც, რომელიც ბელგიაში, ლუვენის უნივერსიტეტში, ევროპის პარტიების მონიტორინგის პროგრამას ხელმძღვანელობს. როგორც ამბობს, მმართველი პარტიის მიერ საუბრის დაწყებას პირდაპირ წევრობის შესახებ განაცხადზე თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდა, მიმდინარე პროცესები კი ევროგაერთიანებაში საქართველოს მიღებაზე უარისთვის დამატებით არგუმენტებს აჩენს.
“ავიღოთ იგივე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში იქნება. საქართველო აქამდე განიხილებოდა მასში შემავალ ერთ-ერთ წინამორბედ ქვეყნად, ახლა კი, თუკი არ გადაიჭრა პოლიტიკური კრიზისი, ეს სამიტი, მგონი, გაიხსნება იმით, თუ როგორ ჩაფლავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა, როგორც ინიციატივა.
რაზეც დგას აღმოსავლეთ პარტნიორობა, ეს არის პროგრამის მონაწილე ქვეყნების მედეგობა, რომელიც ამ სახელმწიფოებმა თავად უნდა [გააძლიერონ]. რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, არის ამ მედეგობის საპირისპირო სიტუაცია”, — დასძენს ის.
აკნინებს თუ არა განცხადების მნიშვნელობას ხელმომწერთა რაოდენობა?
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მმართველ გუნდში დღეს განცხადების ხელმომწერ ევროპარლამენტართა რაოდენობას გაუსვეს ხაზი: გია ვოლსკი არ ფიქრობს, რომ “6, 7 თუ თუნდაც 8 ევროპარლამენტარის” განცხადება სტრატეგიულ მიმართულებაზე იმოქმედებს.
ის, რომ განცხადება მხოლოდ ცალკეული ევროპარლამენტარების აზრია, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ტელეეთერში საუბრისას გამორიცხა და ყურადღება გაამახვილა იმ ადამიანების სტატუსზე, რომელთაც წერილს ხელი მოაწერეს.
ასეთივე პოზიცია აქვთ ექსპერტებსაც, რომელთაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა. ვანო ჩხიკვაძის თქმით, მთავარი არის არა ის, თუ რამდენი დეპუტატი აწერს ხელს განცხადებას, არამედ ის, თუ ვინ არიან ხელმომწერნი.
“თუ შეხედავენ სახელებსა და გვარებს, დაინახავენ, რომ ევროპის პარლამენტში არ არის ბევრი ევროპარლამენტარი, ვინც საქართველოთია დაინტერესებული და ჩვენზე გული შესტკივა. ძალიან ცოტა არის ამ ჯგუფში და [მათგან] თითქმის ყველა აწერს ხელს…
ძალიან რეალურია გზავნილი. ეს არ არის უბრალოდ ფუჭი სიტყვები და ამას შეიძლება მოჰყვეს მოქმედებები, იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმების ის მცდელობა, რომელიც დანიელსონს ჰქონდა, არ იქცა რეალურად. ეს არ არის უბრალოდ გაფრთხილება, უბრალო საუბარი ან თითის დაქნევა”, — დასძენს ის.
ხელმომწერთა რაოდენობაზე აპელირებას აკრიტიკებს თეონა ლავრელაშვილიც. მისი თქმით, არასწორია როგორც რამდენიმე ევროპარლამენტარის აზრის “დასავლეთის პოზიციად” აღქმა, ისე საქართველოს პარტნიორთა მოსაზრებების უგულებელყოფა.
“ვფიქრობ, პრობლემა არის სტრატეგიულ კომუნიკაციაში. დასანანია, რომ ჩვენი პარლამენტის უმაღლესი თანამდებობის პირები მსგავს სტრატეგიულ კომუნიკაციურ შეცდომებს უშვებენ…
ეს სამწუხარო ფაქტია. ეს ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს შიდა კომუნიკაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს საგარეო მესიჯების გაჟღერება უშუალოდ პარტიის მხრიდან. ეს არამხოლოდ პარტიული პრობლემაა, ეს ქვეყნის იმიჯის პრობლემაც არის.
ჯერ ერთი, ის ევროპარლამენტარები, ვინც განცხადება გამოაქვეყნეს, აქტიურები არიან და მათი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ თუნდაც იქ ვიღაც ისეთი ყოფილიყო, ვისაც ნაკლები კომპეტენცია აქვს საქართველოსთან დაკავშირებით, ან ნაკლებად არის ცნობილი ევროპის პოლიტიკაში, მაინც სხვანაირად უნდა მიუდგე საკითხს:
ერთი მხრივ, მადლობა უნდა გადაუხადო [მათ] ინტერესისთვის და მეორე მხრივ, არგუმენტაციით და პოლიტიკურად კორექტული შეხედულებებით უნდა გადაარწმუნო პარტნიორები. [ამჟამად] ეს ასე არ ხდება”, — ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.
ვის უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება?
თეონა ლავრელაშვილი ბუნებრივად მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარები მოლაპარაკებების წარუმატებლობაზე მეტ პასუხისმგებლობას აკისრებენ მმართველ პარტიას, როგორც ხელისუფლებაში მყოფ ძალას.
როგორც ის ამბობს, ევროკავშირის თვალში ეს პასუხისმგებლობა პროცესში ჩართულ ყველა პოლიტიკურ აქტორზე ნაწილდება, თუმცა მაშინ, “როცა ოპოზიცია გადადგამს ერთ ნაბიჯს, მმართველი პარტიისგან ელიან, რომ გადადგამს ორს”.
“დამკვირვებელმა, ექსპერტმა თუ საერთაშორისო საზოგადოებამ რომც არ თქვას, ყველა შემთხვევაში [ნათელია], რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს, ვინაიდან მისი მდგომარეობა უპირატესია და შეიძლება, მას უფრო ჰქონდეს იმის სივრცე, რომ რაღაც დათმობაზე წავიდეს”, — დასძენს ის.
ვანო ჩხიკვაძის აზრით, ევროკავშირის გადმოსახედიდან “პასუხისმგებლობის უდიდესი წილი მოდის მმართველ პარტიაზე”, თუმცა აღნიშნავს საერთაშორისო პარტნიორთა დამოკიდებულებას ოპოზიციის მისამართითაც:
“თუ ნახავთ იგივე გზავნილებსაც, ვნახავთ, რომ ჩვენი პარტნიორები ვაშინგტონსა და ბრიუსელში არც ოპოზიციის მოქმედებებით არიან ბედნიერები და კმაყოფილები და მათზეც გადადის პასუხისმგებლობის კომპონენტი, მაგრამ ფარდობითად თუ შევადარებთ, რა თქმა უნდა, პასუხისმგენლობის უფრო მეტი წილი ხელისუფლებაზე მოდის, რადგანაც ის არის ხელისუფლება და ის არის პასუხისმგებელი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე”.
ევროპარლამენტართა მხრიდან ხელისუფლების განსაკუთრებული პასუხისმგებლობის დაყენებას ბიძინა ლებანიძეც ახსენებს და მმართველი გუნდის ხელში არსებული ბერკეტების ფონზე ისიც ბუნებრივად მიიჩნევს აღნიშნულს. მეორე მხრივ, დასძენს, რომ ევროპარლამენტართა იმ ჯგუფში, რომელიც “ამინდს ქმნის” საქართველოს შესახებ, ორივე მხარის მიმართ შეინიშნება სკეპტიციზმი.
“ორივე მხარის მიმართ არის გარკვეული პრეტენზიები: პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტიკური პატიმრების საკითხი მთავრობის მიმართ, ერთი მხრივ, და ოპოზიციის დაჟინებული მოთხოვნა ხელახალ არჩევნებზე, [მეორე მხრივ]. ეს ცოტა არ იყოს, გაუგებარია ევროპარლამენტარებისთვისა და დასავლეთისთვის. გასაგებია, რომ ეს არ იყო იდეალური არჩევნები და ბევრ გადაცდომას ჰქონდა ადგილი, თუმცა მათი გადმოსახედიდან ამ არჩევნებს არ გადაულახავს წითელი ხაზები იმგვარად, რომ მოითხოვონ ახალი არჩევნები. ასე რომ, ორივე მხარეს არის პრეტენზიები”, — უთხრა ლებანიძემ ნეტგაზეთს.
მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა და მთავარი მედიატორი ქრისტიან დანიელსონი ბრიუსელში დაბრუნდა, უცნობია, განახლდება თუ არა საერთოდ მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება ვერ შედგა, რა ხდება ამის შემდეგ?