ახალი ამბები

“ეს არაა ცალკეული ევროპარლამენტარების აზრი” – კრამონი ევროპარლამენტარების წერილზე

2 აპრილი, 2021 •
“ეს არაა ცალკეული ევროპარლამენტარების აზრი” – კრამონი ევროპარლამენტარების წერილზე

ვიოლა ფონ კრამონის თქმით, გუშინ გავრცელებული წერილი ცალკეული ევროპარლამენტარების პოზიცია არ არის. ამის შესახებ კრამონმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

ევროპარლამენტარების მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა უარი თქვეს კომპრომისზე, ქართველი ლიდერები ევროკავშირთან ურთიერთობების ჩვეულებრივ გაგრძელებას არ უნდა ელოდნენ.

“ეს არ არის ცალკეული ევროპარლამენტარების აზრი, აქ არის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, მათ შორის ქალბატონი, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია საქართველოსთან ურთიერთობაზე. არ არის მართალი, რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა და უბრალოდ კერძო აზრია ცალკეული ევროპარლამენტარებისა. არა, ეს ასე არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ მაკროფინანსურ დახმარებაზე. ამის შესაძლო შეჩერებაზე ან შემცირებაზე, აქ არ არის საუბარი ევროკავშირზე, აქ არის საუბარი საქართველოზე, მის მომავალზე. საქართველო იყო აბსოლუტური ლიდერი, იყო სამაგალითო ქვეყანა წლების განმავლობაში და იმ ადგილს ისევ უნდა დაუბრუნდეს. ეს არის ევროპისა და ამერიკის ამოცანა. “, – ამბობს კრამონი [“ფორმულას” თარგმანი].

კრამონის თქმით, ევროკავშირის მიზანია დაეხმაროს საქართველოს, თუმცა ამისთვის ქვეყნის შიგნით არსებული სიტუაცია უნდა დასტაბილურდეს და ხელი მოეწეროს შეთანხმებას.

“ჩვენ ყველა ვართ საქართველოს მეგობარი. ჩვენ მრავალი წელია ვაკვირდებით ძალიან სამწუხარო დებატებს, განსაკუთრებით კი, უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში, 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. ძალიან ბევრი დრო დავხარჯეთ იმაში, თუ როგორ მივიდეთ კომრპომისამდე, პრობლემის გადაწყვეტამდე. ჩვენ ვსაუბრობთ შარლ მიშელზე, რომელიც არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. ძალიან დიდი კაპიტალი ჩაიდო საქართველოში იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ საქართველო ევროპისთვის, ევროკავშირისთვის არის აბსოლუტური პრიორიტეტი.

ამის შემდეგ უმაღლესი დონის დიპლომატი, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოვაგზავნეთ საქართველოში, რათა მას გაეწია მედიაცია, შუამავლობა დაპირისპირებულ პოლიტიკურ მხარეებს შორის და ყველაფერი მისულიყო შეთანხმებამდე. ახლა ვხედავთ, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, საათების, მათ შორის ღამით დახარჯული დროისა, სიტუაცია წინ არ წასულა. ხელი არ მოწერილა არაფერზე და ჩვენ ვთქვით, კმარა, ჩვენ, და ეს არ არიან ცალკეული ევროპარლამენტარები, ჩვენ – ცალკეული პარტიების წარმომადგენლები- ვართ თანაპასუხისმგებელი პოლიტიკურ ფრაქციებში საქართველოს დღევანდელ პოლიტიკაზე. ჩვენ ვდარდობთ, ვღელავთ საქართველოს მომავალზე, როგორ უნდა წავიდეს ყველაფერი”, – განმარტა კრამონმა [“ფორმულას” თარგმანი].

მისი განცხადებით, ევროკავშირს კავკასიის დატოვების ინტერესი არ აქვს და პირიქით, სურს უფრო გაძლიერდეს რეგიონში, თუმცა სჭირდება შესაბამისი პარტნიორები. კრამონის თქმით, მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის მიღებას გეგმავს, მეორეს მხრივ  კი, “არ არის მზად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გამონახოს საერთო ენა” და ოპოზიციასთან ხელი მოაწეროს, არის აბსურდი.

“საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ 2024 წელს განაცხადს წარადგენს ევროკავშირის წევრობაზე და მეორე ხელით არ არის მზად, ყველაზე პატარ-პატარა ქვეყნებთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გამონახოს საერთო ენა, ოპოზიციასთან კომპორმისულ შეთანხმებას მოაწეროს ხელი. ეს არის აბსურდი და, მე ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გაიგო, ჩვენ არ გვინდა აქედან წასვლა. საქართველოს მთავრობა სცილდება ამ ყველაფერს. ჩვენ გვინდა საქართველო კიდევ უფრო დავუახლოოთ ევროკავშირს, ინფრასტრუქტურა, ასევე ძალიან ბევრი რამ ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან ერთად და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. ეს არის ჩვენი მიზანი, მაგრამ პირველ რიგში გვესაჭიროება შეთანხმება”, – განაცხადა კრამონმა [“ფორმულას” თარგმანი].

კრამონის განცხადებით, მას არ ესმის, თუ რატომ არ მოაწერა ხელი ხელისუფლებამ დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს. მისი თქმით, ხელისუფლების არგუმენტი იყო, რომ ოპოზიციამ არ მოაწერა ხელი, თუმცა ხელისუფლების ხელმოწერა იყო მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

ამასთან, კრამონმა ოპოზიციის ბოიკოტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი მხრიდან პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა არ არის სწორი. კრამონის განცხადებით, ის, როგორც ევროპარლამენტარი, მხოლოდ პარლამენტის წევრებთან იმუშავებს:

“მე თავიდანვე ვისურვებდი, რომ არ ყოფილიყო ბოიკოტი და ყველა კოლეგას მოვუწოდებდი შებრძანებულიყვნენ და დაეკავებინათ მათი სავარძლები საქართველოს პარლამენტში. მე, როგორც ევროპარლამენტარი, ვიმუშავებ მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტარებთან. ბოიკოტი გამოსავალი არ არის. მე თუ ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში და შემდგომ არ შევდივარ პარლამენტში, არ ვიკავებ ჩემს სავარძელს, ფაქტობრივად, მე ვღალატობ ჩემს ამომრჩეველს, მაშინ რატომ მომცა ხმა კონკრეტულმა ამომრჩეველმა, რის მიუხედავადაც მე არ ვიკავებ საქართველოს პარლამენტის სავარძელს, რომელიც მეკუთვნის. ჩვენ გიჭერთ მხარს [ოპოზიციას], თქვენი უფლებების გაუმჯობესებაში, დახვეწაში, კონტროლში, ეს არის ჩვენი სტრატეგია. მაგრამ ბოიკოტი ნამდვილად არ არის გამოსავალი და ქუჩიდან რომ მოხდება გადატრიალება ან ხელისუფლების შეცვლა, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია”, – განმარტა კრამონმა [“ფორმულას” თარგმანი].

ამასთან, მან განაცხადა, რომ ოპოზიციის მხრიდან ეუთოს დასკვანასთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნების ჩატარებას ეხებოდა, მხოლოდ ზედაპირული შეფასება გაკეთდა. კრამონის განცხადებით, სიტუაციის დასტაბილურებისთვის ოპოზიციამაც უნდა იტვირთოს თანაპასუხისმგებლობა და პირველი ნაბიჯები გადადგას.

ქართველი ლიდერები არ უნდა ელოდნენ EU-სთან ურთიერთობის ჩვეულებრივ გაგრძელებას – ევროპარლამენტარები

მასალების გადაბეჭდვის წესი