ახალი ამბები

კანდელაკი: ევროპარლამენტარების განცხადება ადასტურებს, რომ წნეხი “ოცნებაზე” გაიზრდება

2 აპრილი, 2021 • 1020
კანდელაკი: ევროპარლამენტარების განცხადება ადასტურებს, რომ წნეხი “ოცნებაზე” გაიზრდება

“ევროპული საქართველოს” წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ევროპარლამენტართა ჯგუფის მიერ გუშინ, პირველ აპრილს, საქართველოსთან დაკავშირებული განცხადება ცხადყოფს, რომ წნეხი “ქართულ ოცნებაზე” გაიზრდება.

მისი თქმით, განცხადებაში ნათლადაა ნათქვამი, რომ უმეტესი პასუხისმგებლობა  მთავრობას ეკისრება და აუცილებელია პრეზიდენტ მიშელის მიერ წაროდგენილი 6-პუნქტიანი ჩარჩოს ორ საკითხზე შეთანხმება, მათ შორის, ვადამდელ არჩევნებსა და მელიასა და რურუას გათავისუფლებაზე.

“ევროპარლამენტარების ეს განცხადება ადასტურებს, რომ წნეხი “ქართულ ოცნებაზე” მხოლოდ გაიზრდება როგორც ქვეყნის გარედან, ასევე, ქვეყნის შიგნით” ,— ამბობს კანდელაკი.

ევროპარლამენტართა ჯგუფმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ პირველ აპრილს  ერთობლივი განცხადება გაავრცელა საქართველოსთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაცია საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წარუმატებლად დასრულდა. ისინი პასუხისმგებლობას ორივე მხარეს, განსაკუთრებით კი მმართველი გუნდის წევრებს აკისრებენ.

მათი თქმით, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული წინადადება ნამდვილად სწორი გზაა საქართველოსთვის და ამ კომპრომისულ წინადადებაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდნენ, რომ ურთიერთობა ევროკავშირთან ჩვეულებრივ გაგრძელდება.

განცხადებას ხელს 7 ევროპარლამენტარი აწერს.

ქართველი ლიდერები არ უნდა ელოდნენ EU-სთან ურთიერთობის ჩვეულებრივ გაგრძელებას – ევროპარლამენტარები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი