ახალი ამბები

ვოლსკი: გაუგებარია ამ 6 ევროპარლამენტარის პოზიცია

2 აპრილი, 2021 •
ვოლსკი: გაუგებარია ამ 6 ევროპარლამენტარის პოზიცია

“ქართული ოცნების” დეპუტატი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია იმ ევროპარლამენტარების პოზიცია, რომლებმაც საქართველოსთან დაკავშირებით წერილი მოამზადეს.

ვოლსკი აცხადებს, რომ იმის ნაცვლად, ევროპარლამენტარები საუბრობდნენ, რატომ ვერ მოხდა შეთანხმება მხარეებს შორის და რა იყო ევროკავშირის პოზიცია პროცესში, საქართველოსთვის სანქციების დაწესებით იმუქრებიან:

“გაუგებარია ამ 6 ევროპარლამენტარის პოზიცია. იმის მაგივრად საუბრობდნენ, საიდან მოდის, რატომ ვერ მოხდა შეთანხმება, რა იყო ევროკავშირის პოზიცია და არა ევროპარლამენტის. იმუქრებიან, რომ სანქციები დაუწესდება საქართველოს, თუკი ისინი მიმართავენ ევროკავშირს, მერე ევროკავშირი განიხილავს და სანქციებს დაუწესებს ქვეყანას. ყველაზე ცუდი და გულდასაწყვეტი ის ტაშ-ფანდურია, რაც ატყდა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფში, რომელიც ისევ ფანჩატურში იკრიბება” ,- აცხადებს გია ვოლსკი.


ევროპარლამენტართა ჯგუფმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ პირველ აპრილს  ერთობლივი განცხადება გაავრცელეს საქართველოსთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაცია საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წარუმატებლად დასრულდა. ისინი პასუხისმგებლობას ორივე მხარეს, განსაკუთრებით კი მმართველი გუნდის წევრებს აკისრებენ.

მათი თქმით, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული წინადადება ნამდვილად სწორი გზაა საქართველოსთვის და ამ კომპრომისულ წინადადებაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდნენ, რომ ურთიერთობა ევროკავშირთან ჩვეულებრივ გაგრძელდება.

განცხადებას ხელს 7 ევროპარლამენტარი აწერს.

ქართველი ლიდერები არ უნდა ელოდნენ EU-სთან ურთიერთობის ჩვეულებრივ გაგრძელებას – ევროპარლამენტარები

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი