ახალი ამბები

“შეცდომა გაეპარათ, ან მიკერძოებულები არიან” – კუჭავა ევროპარლამენტარების წერილზე

2 აპრილი, 2021 • 1625
“შეცდომა გაეპარათ, ან მიკერძოებულები არიან” – კუჭავა ევროპარლამენტარების წერილზე

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა აცხადებს, რომ საქართველოს შესახებ მომზადებული წერილის ავტორი ევროპარლამენტარები ან მიკერძოებულები არიან, ან წერილში შეცდომაა გაპარული.

“მთავარ არხთან” საუბრისას კუჭავა აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” მზად იყო ხელი მოეწერა კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტზე, თუმცა, კუჭავას თქმით, მოცემულ ფორმატში ხელი ან ყველას უნდა მოეწერა, ან არავის.

“მანდ არის ერთი უზუსტობა გაპარული, “ქართული ოცნება” მზად იყო ხელი მოეწერა, მაგრამ არ იყო ფორმატი, სადც ერთს უნდა მოეწერა მარტო ხელი. ან ყველა აწერდა, ან არავინ, მაგრამ ეგ სიმართლეც გამოჩნდება. მეორე უზუსტობა, დანიელსონის დოკუმენტში არ იყო საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე.

როდესაც უთითებენ, რომ დენიელსონის შეთანხმებას ხელი არ მოეწერაო და ვლაპარაკობთო  რიგგარეშე არჩევნებზე, უკვე ჩანს ჩემთვის მიკერძოება. როგორც ჩანს, ან შეცდომა გაეპარათ, ან მიკერძოებულები არიან” ,- ამბობს კახა კუჭავა.

კახა კუჭავა აცხადებს, რომ აღნიშნულის გამო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება და “ოცნების” გუნდი ამ “უზუსტობებსაც” აღმოფხვრის.


ევროპარლამენტართა ჯგუფმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ პირველ აპრილს  ერთობლივი განცხადება გაავრცელეს საქართველოსთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაცია საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წარუმატებლად დასრულდა. ისინი პასუხისმგებლობას ორივე მხარეს, განსაკუთრებით კი მმართველი გუნდის წევრებს აკისრებენ.

მათი თქმით, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული წინადადება ნამდვილად სწორი გზაა საქართველოსთვის და ამ კომპრომისულ წინადადებაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდნენ, რომ ურთიერთობა ევროკავშირთან ჩვეულებრივ გაგრძელდება.

ქართველი ლიდერები არ უნდა ელოდნენ EU-სთან ურთიერთობის ჩვეულებრივ გაგრძელებას – ევროპარლამენტარები

მასალების გადაბეჭდვის წესი