ახალი ამბები

“ოცნების“ ამბიციაა, შექმნას პირობა  2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადისთვის – კობახიძე

2 ოქტომბერი, 2020 • 1609
“ოცნების“ ამბიციაა, შექმნას პირობა  2024 წელს ევროკავშირის  წევრობაზე განაცხადისთვის – კობახიძე

ირაკლი კობახიძის თქმით, “ქართული ოცნების” პოლიტიკური ამბიციაა, შექმნას ყველა პირობა, რათა  2024 წელს საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. 

ამის შესახებ “ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა პირველ ოქტომბერს პარტიის ანგარიშის და პროგრამის პრეზენტაციაზე ისაუბრა. 

“ჩვენი საარჩევნო პროგრამის მიზანი ეფექტიანი და მზრუნველი ხელისუფლების მიერ იმგვარი რეფორმების განხორციელებაა, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს დემოკრატიას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს სწრაფ ეკონომიკურ წინსვლას და გააუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას.  ადამიანებს მისცემს განვითარებისა და თვითრეალიზების უკეთეს შესაძლებლობებს და ჩვენს ქვეყანას გაუმყარებს ღირსეულ ადგილს საერთაშორისო თანამეგობრობაში”, – განაცხადა კობახიძემ. 

მისი თქმით, საქართველოში ამ სტანდარტის სრული მასშტაბით დამკვიდრება ევროკავშირში გაწევრიანებით არის შესაძლებელი და “ოცნების” პოლიტიკური ამბიციაა, რომ შექმნას პირობა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადისთვის:  

“ევროკავშირი არის უალტერნატივო სივრცე ჩვენი იდენტობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად. ჩვენი საარჩევნო პროგრამა ეფუძნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ამბიციას, შექმნას ყველა პირობა, რათა 2024 წელს საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე”, – განაცხადა კობახიძემ. 

საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება ამჟამადაც შეუძლია.  2016 წლის 20 დეკემბერს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარეების რიგით მე-3 ერთობლივ განცხადებაში ჩაიწერა იმის შესახებ, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, საქართველოს შეუძლია გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობისათვის. თუმცა ასეთი განაცხადი საქართველოს ჯერ არ გაუკეთებია. 

ვანო ჩხიკვაძე: ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა მარტო ევროინტეგრაციაზე, არამედ – ევროკავშირში გაწევრიანებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი