ახალი ამბები

დეკანოიძე: პირველად საქართველოს ისტორიაში საფრთხე დაემუქრა ევროატლანტიკურ მომავალს

2 აპრილი, 2021 • 972
დეკანოიძე: პირველად საქართველოს ისტორიაში საფრთხე დაემუქრა ევროატლანტიკურ მომავალს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ წერილში იკვეთება, რომ პირველად ქვეყნის ისტორიაში საფრთხე დაემუქრა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს.

მისი თქმით, წერილში ნათქვამია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები სასწორზე დევს და ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი პოლიტიკური დევნის დასრულება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ვადამდელ არჩევნებსა და სასიცოცხლო რეფორმებზე მსჯელობაა:

“პირველად საქართველოს ისტორიაში რეალური საფრთხე დაემუქრა საქართველოს ერვოატლანტიკურ მომავალს მას შემდეგ, რაც დეკლარირებულად საქართველომ აირჩია დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო. აქ არის ერთი ძალიან საფრთხილო და მნიშვნელოვანი ფრაზა ჩადებული, როდესაც წერია, რომ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები სასწორზეა დადებული, ამიტომ, ჩვენთვის და ყველა მოქალაქისთვის ამას უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული დატვირთვა.

სრული პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, არის ხელისუფლებაზე, მაშინ, როდესაც ასევე პირველად საქართველოს ისტორიაში მოლდოვის მსგავსად დაიწყო საუბარი, რომ ტექნიკური დახმარება და მთელი ფინანსური ასიგნებების ფარგლებში გადმოცემული ინვესტირება დემოკრატიის და კანონის უზენაესობის კუთხით, შეიძლება შეჩერდეს. ჩემთვის გამოსავალი არის პოლიტიკური დევნის დასრულება, პატიმრების გათავისუფლება, ვადამდელ არჩევნებზე მსჯელობა და ჩარჩოს შეთანხმება და სასიცოცხლო რეფორმები, რომელიც წერია მიშელის დოკუმენტში”, – ამბობს ხატია დეკანოიძე.

ევროპარლამენტართა ჯგუფმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ პირველ აპრილს  ერთობლივი განცხადება გაავრცელეს საქართველოსთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაცია საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წარუმატებლად დასრულდა. ისინი პასუხისმგებლობას ორივე მხარეს, განსაკუთრებით კი მმართველი გუნდის წევრებს აკისრებენ.

მათი თქმით, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული წინადადება ნამდვილად სწორი გზაა საქართველოსთვის და ამ კომპრომისულ წინადადებაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდნენ, რომ ურთიერთობა ევროკავშირთან ჩვეულებრივ გაგრძელდება.

განცხადებას ხელს 7 ევროპარლამენტარი აწერს.

ქართველი ლიდერები არ უნდა ელოდნენ EU-სთან ურთიერთობის ჩვეულებრივ გაგრძელებას – ევროპარლამენტარები

მასალების გადაბეჭდვის წესი