ევროპარლამენტართა ჯგუფმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ პირველ აპრილს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს საქართველოსთან დაკავშირებით.
ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაცია საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წარუმატებლად დასრულდა. ისინი პასუხისმგებლობას ორივე მხარეს, განსაკუთრებით კი მმართველი გუნდის წევრებს აკისრებენ.
მათი თქმით, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული წინადადება ნამდვილად სწორი გზაა საქართველოსთვის და ამ კომპრომისულ წინადადებაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდნენ, რომ ურთიერთობა ევროკავშირთან ჩვეულებრივ გაგრძელდება.
“ჩვენ კვლავ ვუცხადებთ მხარდაჭერას კრისტიან დანიელსონის დაუღალავ შრომას და მივესალმებით მის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზების გასაჯაროებას, რამაც მედიაციის პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალე გახადა. აუცილებელია, რომ ნდობა პოლიტიკური პარტიების აქტორებს შორის აღდგეს. ამ [კრისტიან დანიელსონის] შეთავაზებაში შეტანილი ნაბიჯები ნამდვილად არის სწორი გზა საქართველოსთვის: ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, პარლამენტში პასუხისმგებლობის აზრიანი გადანაწილება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — [პრობლემის] მოგვარება მომავალ არჩევნებთან და პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორ შემთხვევასთან დაკავშირებით. საკითხის ასეთი გადაჭრა პოლიტიკურად დაბალანსებულია და პატივს სცემს კანონის უზენაესობასა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასებას.
ჩვენ ასევე მივესალმებით ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილ ჟან-მონეს დიალოგის პროცესს მაშინ, როცა ამის საშუალებას პოლიტიკური ვითარება მოგვცემს. მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა უარი თქვეს კომპრომისზე, საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდნენ, რომ ურთიერთობა ევროკავშირთან ჩვეულებრივ გაგრძელდება. კერძოდ, ევროპარლამენტი აპირებს, რომ მოუწოდოს პასუხისმგებლობის დაყენებისკენ ევროკავშირის ფინანსურ დახმარების განხრით, როგორც შემდგომი ტრანშების შეჩერებით, ასევე იმ მოთხოვნების გამკაცრებით, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებისა და საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამების ხელმისაწვდომობისთვის.
ამასთან ერთად, მიმდინარე საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მიღებისთვის პარლამენტში საჭიროა ფართო პოლიტიკური მხარდამჭერა და ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულ იმპლემენტაცია. ეს რეფორმები არის მნიშვნელოვანი ნდობის დამყარებისთვის. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უზრუნველყოს პატიოსნად ინკლუზიური პროცესი, რათა თავიდან იქნას აცილებული მომავალი არჩევნებისთვისა და სასამართლოსთვის ძირის გამოთხრა და უარი თქვას მომავალი შესაძლო შეთანხმებისთვის კარის დახურვაზე, რაც აუცილებელი არაა. მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, უმალ იმოქმედონ. სასწორზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებია”, — ნათქვამია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის თანათავმჯდომარე;
მარინა კალიურანდი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი;
ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტია, ლიეტუვა), Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი;
ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანეები, გერმანია), დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინირების ჯგუფის წამყვანი წევრი საქართველოს განხრით;
სვენ მიკსერი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი საქართველოს საკითხში;
მიხაელ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი უკრაინის საკითხში;
პეტრას აუსტრევიჩუსი (RENEW, ლიეტუვა), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი ბელარუსის საკითხში.