ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციებს ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული.
„უკვე აღარც მახსოვს მერამდენე რეზოლუცია დამტკიცდა. ქართველ ხალხს საერთოდ არ აინტერესებს ეს რეზოლუციები. ერთი საინტერესო დეტალი ის არის, რომ პირდაპირ დისკრიმინაცია ჩანს ამ რეზოლუციაში, დისკრიმინაციული მოთხოვნა. ისინი აცხადებენ, რომ მხოლოდ აგენტურას უნდა შეუნარჩუნდეს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა ქართველი ხალხის მიმართ. ქართული საზოგადოება იმსახურებს სამართლიან დამოკიდებულებას ევროპული ბიუროკრატიისგან, ევროპარლამენტისგან, თუმცა ვხედავთ, რომ დრეს არის განსხვავებული მიდგომები ჩამოყალიბებული. არ შეიძლება, მხოლოდ აგენტურას დაუტოვონ უვიზო რეჟიმი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
17 ივნისს ევროპარლამენტმა 436 ხმით, 145-ის წინააღმდეგ, მიიღო რიგით მეორე კრიტიკული ანგარიში საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შესახებ.
ყოველწლიური ანგარიში წარმოადგენს ევროპარლამენტის შეფასებას ევროკომისიის გაფართოების ანგარიშებზე კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი სახელმწიფოების შესახებ.
ევროპარლამენტის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ უკუაქცია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი. ამავდროულად, პარლამენტი „გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის დემოკრატიული უკუქცევის, მზარდი რეპრესიების, უკანონო დაპატიმრებების, დეზინფორმაციისა და მუქარის ფონზე და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის კარი ღია რჩება ქართველი ხალხისთვის, რათა დაუბრუნდეს ევროპულ გზას“.
ანგარიშით ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დაუყოვნებლივ დააწესონ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ და გაყინონ მისი აქტივები. პარლამენტი ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს „ქართული ოცნების“ ძირითადი ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების, ასევე, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კომპანიებისა და მედიასაშუალებების თანამონაწილე მფლობელების მიმართ პერსონალური სანქციების დაწესებას. ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნების არარსებობის პირობებში კი, მოუწოდებს, რაც შეიძლება მეტმა წევრმა სახელმწიფომ დააწესოს სანქციები ეროვნულ დონეზე.
ევროპარლამენტი გმობს პოლიტიკური რეპრესიების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების შევიწროებისა და ოპოზიციური ფიგურების დევნისთვის პასუხისმგებელი თანამდებობის პირებისა და ინსტიტუტების სისტემურ დაუსჯელობას. ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ავტორიტარული კონსოლიდაციის დაჩქარების გათვალისწინებით, ევროკავშირის რეაგირება დღემდე არაადეკვატური და დაგვიანებულია.
