“ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის შეფასებით, პრემიერის განცხადება, რომ ხელისუფლება აღარ გააგრძლებს მოლაპარაკებების პროცესს, მიანიშნებს იმაზე, რომ “ოცნება” არაა დაინტერესებული შეთანხმების მიღწევით. ხაზარაძის თქმითვე, ევროპარლამენტების განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს.
“ევროკავშირის პარლამენტარების დღევანდელი ერთობლივი განცხადება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის სასწრაფოდ გადაწყვეტის აუცილებლობას. სასწორზე დევს, არც მეტი არც ნაკლები, ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი, ქვეყნის ეკონომიკის სრული კოლაფსი.
ოპოზიციამ ბნ. დანიელსონის 5- პუნქტიანი შეთანხმებიდან 3 საკითხზე სრული თანხმობა განაცხადა; რაზეც მსგავსი თანხმობა ქართული ოცნებისგან არ მიგვიღია…”,-წერს ხაზარაძე.
“ლელოს” დამფუძნებელი ასევე აცხადებს, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, კიდევ ერთხელ მზად არიან, დარჩენილი ორი საკითხიც შეთანხმდეს. ხაზარაძე მთავრობას ანტიკრიზისული საბჭოს შექმნასაც სთავაზობს, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც იქნებიან ჩართული.
“რაც შეეხება ეკონომიკას, საგანგაშოა ის გარემოება, რომ მთავრობას არ გააჩნია ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმა, “ლელო” კიდევ ერთხელ სთავაზობს ხელისუფლებას, რომ შეიქმნას ინტერპარტიული ანტიკრიზისული საბჭო.
“ლელო” მზადაა, თავისი სამოქმედო პროგრამა წარადგინოს განსახილველად. მიუხედავად პოლიტიკური დაპირისპირებისა, ახლა ერთობლივი მოქმედებაა საჭირო, რათა ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს ავარიდოთ მოსალოდნელი ეკონომიკური კრახი”,-წერს ხაზარაძე.
ევროპარლამენტართა ჯგუფმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ პირველ აპრილს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს საქართველოსთან დაკავშირებით.
ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაცია საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წარუმატებლად დასრულდა. ისინი პასუხისმგებლობას ორივე მხარეს, განსაკუთრებით კი მმართველი გუნდის წევრებს აკისრებენ.
მათი თქმით, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული წინადადება ნამდვილად სწორი გზაა საქართველოსთვის და ამ კომპრომისულ წინადადებაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდნენ, რომ ურთიერთობა ევროკავშირთან ჩვეულებრივ გაგრძელდება.
ქართველი ლიდერები არ უნდა ელოდნენ EU-სთან ურთიერთობის ჩვეულებრივ გაგრძელებას – ევროპარლამენტარები