საზოგადოება

ბახტრიონის დაბზარული ქუჩა თვეებია ვერ/არ გააკეთეს — ნახეთ ვისი ბრალია

27 მარტი, 2024 • 893
ბახტრიონის დაბზარული ქუჩა თვეებია ვერ/არ გააკეთეს — ნახეთ ვისი ბრალია

ბახტრიონის ქუჩაზე გზის მდგრადობის უზრუნველყოფას თბილისის მერია ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ გადაუდებელ აუცილებლობად მიიჩნევდა,  რის გამოც  გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა, თუმცა გზა დღემდე დაბზარულია და მოძრაობა ცალმხრივად ისევ შეზღუდულია. გზაზე ბზარები  ე.წ. კორტების ტერიტორიაზე სამსენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ გაჩნდა. 


რა ხდება?

თბილისში, საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ საავტომობილო გზა 2023 წლის სექტემბერში დაიბზარა და აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდა.

სექტემბრის ბოლოს თბილისის მერიაში აცხადებდნენ, რომ გზის საფარი უახლოეს დღეებში აღდგებოდა და მისი დაზიანების ზუსტი მიზეზი დადგინდებოდა. 

ბახტრიონის ქუჩა N30 იპოდრომის მიმდებარედ, ე.წ. კორტების ტერიტორიასთანაა. აღნიშნული ტერიტორია, 2009 წელს, წინა ხელისუფლების დროს, თბილისის მერიამ კერძო პირზე გაასხვისა.  ინვესტორი ადგილზე კორპუსის მშენებლობას გეგმავდა. თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თბილისის მუნიციპალიტეტმა, ადგილმონაცვლეობის შესახებ მოლაპარაკებების შედეგად, ტერიტორია დაიბრუნა და მასზე სპორტული კომპლექსის აშენების მიზნით აუქციონი გამოაცხადა.

თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში 2021 წელს შპს „კორტებმა“ გაიმარჯვა, კომპანიამ, რომელსაც ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის არსებობის მხოლოდ 1-თვიანი ისტორია გააჩნდა. კომპანიის დირექტორი დავით კოპაძეა, მანამდე რეგისტრირებული არაერთი კომპანიიის წარმომადგენელი და სხვადასხვა პროფილის ბიზნესმენი. 

წართმეული, დაბრუნებული, წართმეული- იპოდრომის კორტები

ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორს 2023 წლის ბოლომდე დაევალა 5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებით იპოდრომის ღია კორტის ტერიტორიაზე მსხვილი, კომერციული სპორტული კომპლექსის აშენება . თუმცა პროექტის დასრულებამ 2025 წლამდე გადაიწია. როგორც  შპს „კორტების“ წარმომადგენელი BM.GE-სთან აცხადებდა,  პროექტირების ეტაპის გაჭიანურება პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე მოხდა, რასაც თან პანდემიაც დაერთო. ამასთან, კომპანიის დამფუძნებლის თქმით, მუნიციპალიტეტის მოთხოვნა მინიმუმ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია იყო,  თავად კი პროექტში დაახლოებით 35 მილიონი ლარი ინვესტიციის განხორციელებას აპირებენ.

პროექტის მიხედვით, ადგილზე 6-სართულიანი შენობა უნდა აშენდეს, რომლის პირველი სართულიც მიწის ქვეშ იქნება.

სპორტული კომპლექსის რენდერი

რატომ გაჭიანურდა გზის საფარის აღდგენა

გასულ წელს, სპორტული კომპლექსის მშენებლობის დაწყების შემდეგ,  ბახტრიონის ქუჩა N30-ში მცხოვრებლებმა  შენიშნეს, რომ მათი საცხოვრებელი კორპუსის წინ გზა დაიბზარა.

ბახტრიონის ქუჩა N30-ის სამეზობლოს წარმომადგენელი, ნუგზარ მელაძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მშენებლობის დაწყებისას კომპანია ძალიან ძლიერ გათხრებს აწარმოებდა და ვიბრაცია იგრძნობოდა როგორც კორპუსში, ისე მის წინა ტერიტორიაზე.

„Მეზობლები შევშინდით და ჩვენი კითხვები გვქონდა გამგეობასთან.  ეჭვი გქონდა, რომ აქ 30-სართულიანი კორპუსი შენდებოდა, როცა რეალურად 3-სართულიანი სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი უნდა აშენდეს. მეზობლებს შეგვეშინდა, დიდი გრანდიოზული შენობა არ აშენებულიყო, რაზეც საბურთალოს რაიონის გამგებელმა მოგვცა გარანტია, რომ აშენდებოდა ის, რაც დამტკიცებულია და არაფერი არ შეიცვლებოდა“, – ამბობს ნუგზარ მელაძე.

მისი თქმით, გზაზე ბზარების დაფიქსირების შემდეგ მშენებლობა შეაჩერეს და საქმეში სამხარაულის ექსპერტიზა ჩართეს. მისივე თქმით, საბურთალოს რაიონის გამგეობამ გამოაგზავნა ექსპერტები, რომლებმაც ბახტრიონის ქუჩა N30-ში მდებარე კორპუსის მდგრადობა შეამოწმეს.

„ერთ მშვენიერ დღეს, როცა, ზუსტად არ ვიცი, კლდის აქეთა მხარის ჩამოჭრა დაიწყეს თუ ქვემოდან შესვლა,  ამის შემდეგ დაფიქსირდა ეს ბზარი. ეს როგორც კი დავინახეთ მეზობლებმა, ეგრევე დავურეკეთ საპატრულო პოლიციას, მოვიდა ეკიპაჟი, დააფიქსირა. საბურთალოს გამგეობა იმწამსვე ჩაერთო და გამგებელმა საქმის კურსში ჩააყენა ის დეპარტამენტები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე…

დაახლოებით 2 თვით გააჩერეს კომპანია, სანამ ბოლომდე არ შეისწავლეს და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა არ დაიდო, მანამდე არ გააგრძელებინეს მუშაობა“, – ამბობს ნუგზარ მელაძე“.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაბამისი ექსპერტიზისათვის მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2023 წლის 28 სექტემბერს დასკვნით დადგინდა, რომ ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ (წრიულზე) საავტომობილო გზის ასფალტის საფარის დაზიანება გამოწვეულია ასფალტის საფარის ქვეშ არსებულ გრუნტებში განვითარებული ჯდენითი დეფორმაციების შედეგად:

„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ასფალტის საფარის ზედაპირზე ფიქსირდება საფარის სხვადასხვა პერიოდში ფრაგმენტულად შეკეთების კვალი (ასევე ზოგიერთი ნაპრალი ბიტუმით არის შევსებული/დამუშავებული); ჯდენითი დეფორმაციები, საავტომობილო გზის ყრილის შემკვრივების პროცესში, მეტ-ნაკლები ინტენსივობით გასულ პერიოდშიც მიმდინარეობდა.

გზის აღნიშნული მონაკვეთის მომიჯნავედ, სამშენებლო ქვაბულის მოწყობის პროცესში განხორციელებულმა გრუნტების ექსკავაციამ (გრუნტები ვერტიკალურად არის ჩაჭრილი მდგრადობის უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების გარეშე) კი საბოლოოდ დაარღვია საავტომობილო გზის საყრდენი კედლისა და, შესაბამისად, გზის კონსტრუქციის მდგრადობა და ასფალტის საფარზე წარმოიქმნა ახალი ნაპრალები“, – აღნიშნულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში.

სწორედ ხსენებული დასკვნის საფუძველზე მუნიციპალურმა ინსპექციამ 2023 წლის 2 ოქტომბერს შპს „კორტები“ სპორტული კომპლექსის მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო 30 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, მუნიციპალური ინსპექციის დადგენილებით შპს „კორტებს“ სპორტული კომპლექსის მშენებლობისას მშენებლობის უსაფრთხოების წესების დაცვა დაევალა. კერძოდ, დამუშავებული კონსტრუქციული პროექტის და საექსპერტო დასკვნის საფუძველზე გამაგრებითი სამუშაოების განხორციელება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა საავტომობილო გზის კონსტრუქციის მდგრადობა.

თუმცა, თბილისის მერიის განცხადებით, აღნიშნული დავალების შესრულებაზე შპს „კორტებმა“ უარი განაცხადა და მერიაში ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა, რომლითაც ზემოაღნიშნული დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

იმის გამო, რომ თბილისის მერია ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ (წრიულზე) გზის ვაკისის, ასევე, ქვაბულის ფერდის მდგრადობის უზრუნველყოფას გადაუდებელ აუცილებლობად მიიჩნევდა,  გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვა  მოითხოვა პროექტირება-მშენებლობის სამუშაოების ჩასატარებლად. ამ სამუშაოებისთვის  კი  ჯამურად 1 900 000 ლარი განისაზღვრა.

საბოლოოდ მერიამ გამაგრებითი სამუშაოების ჩასატარებლად ხელშეკრულება  შპს „კავკასუს როუდ პროჯექტთან“  2023 წლის 18 ოქტომბერს გააფორმა. ამ ხელშეკრულებით კომპანია ვალდებულებას იღებდა, რომ სამუშაოებს 150 კალენდარული დღეში შეასრულებდა.

თუმცა შპს „კავკასუს როუდ პროჯექტთან“ ხელშეკრულების დადებიდან ერთ თვეში კონტრაქტი შეწყდა. ამის მიზეზი კი მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურისთვის შპს „კორტების“ მიმართვა გახდა. კერძოდ, შპს „კორტებმა“ განაცხადა, რომ საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფდა ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ (წრიულზე) გზის ვაკისის, ასევე, ქვაბულის ფერდის მდგრადობისთვის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას.

მიუხედავად იმისა, რომ შპს „კორტებმა“  გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებისთვის მზადყოფნა 2023 წლის ნოემბერში გამოთქვა, ამ დრომდე უცნობია, რა სამუშაოები ჩატარდა ნოემბრის შემდეგ. გზა ისევ დაბზარულია. ნეტგაზეთი პასუხის მოპოვებას შპს „კორტებისგან“ შეეცადა, თუმცა უშედეგოდ.

ხოლო თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მათი სამსახურის მხრიდან „დაზიანებული გზის აღსადგენად საგზაო სამუშაოები იწყება და აღნიშნულ საკითხზე დეტალური ინფორმაცია უახლოეს დღეებში გავრცელდება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი