ახალი ამბები

დაძრულია ნახევარი მილიონი კუბური მეტრი მიწა, შეკავება შეუძლებელია — თეა გოდოლაძე

18 მარტი, 2021 • 11145
დაძრულია ნახევარი მილიონი კუბური მეტრი მიწა, შეკავება შეუძლებელია — თეა გოდოლაძე

თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი გაჩნდა — ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები. დედამიწის შემსწავლელ მეცნეირებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტის დირექტორი, გეოლოგი თეა გოდოლაძე ამბობს, რომ დაძრულია ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწა. თუმცა, ამ დროისთვის შეუძლებელია თქმა, რას გაანადგურებს მიწის მასა.

თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას აშენებს.

„ნახევარი მილიონი კუბი არის დაძრული მიწის, რომელიც შეიძლება ჩამოვიდეს ხვალ, ზეგ ან ერთი წლის მერე, მაგრამ აუცილებლად წამოვა. სად წავა, როგორ ჩავა — ეს არის უკვე მოდელირების საკითხი და ა.შ. ეს უნდა შეფასდეს.

ამის შეკავება წარმოუდგენელია. ეს ისეთი საინჟინრო გადაწყვეტილებას საჭიროებს… არ ვიცი, არ მსმენია… ამისთვის სერიოზული ინჟინრები გვჭირდება, ისეთი, როგორებიც ჩვენ არ გვყავს. უპირველესად, ამაზე კვლევა ჩატარდეს და შემდეგ უკვე ძალიან მაგარი ინჟინრების პრეროგატივაა ამისი გადაწყვეტა,“ — გვიყვება თეა გოდოლაძე.

ნეტგაზეთის კითხვაზე, რამდენად რეალისტურია მიწის ხელოვნურად მოხსნა, გოდოლაძე გვპასუხობს, რომ ამ მონაკვეთის მიღმა სერიოზული მასაა და მისი მოხსნა, უფრო სერიოზულ პრობლემას გამოიწვევს.

ამის გაჩერება შეუძლებელია!!!

Posted by Tea Godoladze on Wednesday, 17 March 2021

„მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ აქ ნებისმიერი სამშენებლო პროცესი უნდა გაჩერდეს. ამის [მეწყერის] გამომწვევია არასწორი სამშენებლო პოლიტიკა, არასწორი რეგულაციები, არასწორი გეოლოგიური და საინჟინრო დასვკნა და არასწორი ჩარევა გარემოში.

გზა, სხვა მშენებლობები — ყველაფერი დინამიკაში ერთად არის მოსული,” — აცხადებს გოდოლაძე.

 

მერიის პასუხი

ამ მეწყერის შესახებ მერიამ იცის. უწყება ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენებს სწავლობს. მეწყრული არეალის გამო 16 მარტიდან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა არკძალულია.

ნეტგაზეთმა დამატებითი კითხვებით უწყებას დილით მიმართა, პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება, თუმცა, 17 მარტის მთავრობის სხდომაზე მეწყერს თავად კახა კალაძე გამოეხმაურა და თქვა:

„მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა გუშინ ორმხრივად შეიზღუდა. გასულ წლებში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული სხვადასხვა აქტივობის გამო, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ ძველ მეწყრულ არეალში მეორადი გენერაციის მეწყერი განვითარდა.

მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 16 მარტიდან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა იკრძალება. გადაადგილება დროებით შეზღუდული იქნება ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

დამეწყრილი უბნის შესწავლასა და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების პროცესში, თბილისის მერიის სამსახურებთან ერთად, ჩართული არიან შესაბამისი უწყებების სპეციალისტები, რათა უმოკლეს ვადებში გატარდეს გადაუდებელი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რის შემდეგაც, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების უსაფრთხოება იყოს დაცული და სამუშაოები დროულად წარმოებული“, — განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ჩართულია აღნიშნულ ღონისძიებებში და ყველაფერი კეთდება, რათა უსაფრთხოების ნორმების დაცვით, პრობლემა უმოკლეს დროში მოგვარდეს.

რაც შეეხება გზას, მერიამ გზის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო, პროექტის თანახმად, ეს ჩამოსასვლელი გზას, „აგროჰაბსა“ და „მათე მოტორსს“ შორის უნდა გაევლო.

განახლება: მასალის გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალისტებთან მეწყერზე ისაუბრა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა.

ეს კონკრეტული ერთი ფაქტის გამო არ მომხდარა — მერია ვაშლიჯვრის მეწყერზე

მასალების გადაბეჭდვის წესი