ახალი ამბები

თბილისში იწვიმებს — რა საფრთხეს ქმნის ეს ვაშლიჯვრის მეწყერისთვის

19 მარტი, 2021 • 1752
თბილისში იწვიმებს — რა საფრთხეს ქმნის ეს ვაშლიჯვრის მეწყერისთვის

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური ცენტრის თანახმად, თბილისში, სულ მცირე უახლოეს 3 დღის განმავლობაში იწვიმებს.

სქრინი: გარემოს ეროვნული სააგენტო

როგორც დამოუკიდებელ ექსპერტთა, ასევე მერიის სამუშაო ჯგუფი ამბობს, ნალექი მეწყერისთვის დამატებითი საფრთხე შეიძლება გახდეს, თუმცა, ვაშლიჯვირს შემთხვევაში, სამომავლო რისკებისა და საფრთხეების შეფასება კვლევების გარეშე რთულია.

რა ხდება ახლა ვაშლიჯვარში და რას ამბობენ ექსპერტები?

ნეტგაზეთი ესაუბრა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ერვონული ცენტრის ორ ექსპეტრს — გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსს, ლაშა ხუციშვილსა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელს, თეა გოდოლაძეს. ორივე მათგანი წინა დღეების მსგავსად იმეორებს, რომ მეწყერის აუცილებლად ჩამოწვება, იქნება ეს დღეს, ხვალ თუ რამდენიმე დღეში.

ცენტრის გუნდი დღეს ვაშლიჯვარში საველე შესწავლაზეც იყო. ლაშა სუხიშვილი გვიყვება, რომ გუშინდელთან შედარებით, ბზარი მიწაში ვიზუალურად გაზრდილია.

„მეწყერსაშიშროებისთვის წვიმა არის ცუდი მოვლენა, წვიმამ შეიძლება დააჩქაროს, გააქტიუროს მეწყრის გადაადგილება, მათ შორის, ვაშლიჯვრის შემთხვევაშიც.

ამ დაძრული ბლოკის გამაგრება არ გვესახება, ერთადერთი, სამშენებლო ვიბრაციების შეწყვეტა იყო რეკომენდირებული. თუმცა, ეს არ არის გამოსავალი იმიტომ, რომ ეს ბლოკი მაინც გააგრძელებს მოძრაობას,“ — გვიყვება ლაშა სუხიშვილი.

მისი აზრით, მეწყერის თავიდან აცილება შეუძლებელია.

„ეს შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს, უბრალოდ, კარგი ის არის, რომ გზა გადაკეტილია და მოძრაობას არ შეეხება. ამ ეტაპზე რთულია თქმა [რა მოხდება, თუ მეწყერი ჩამოწვება], მაგრამ იმის გამო, რომ ფერდობი დახრილია, სავარუდოდ, ფართო გავრცელება, წესით, არ უნდა ჰქონდეს, თუმცა ამას ახლა ვარაუდის დონეზე გესუაბრებით,“ — ამბობს სუხიშვილი. 

ლაშა სუხიშვილი. ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბზარის ზომაში მომატება ნეტგაზეთთან თეა გოდოლაძემაც აღნიშნა. როგორც ის ამბობს,  მეწყერი დინამიკაშია, ადგილზე შეინიშნება ქვათაცვენაც, შექმნილ მდგომარეობას კი სწრაფი რეაგირება სჭირდება.

გოდოლაძის თქმითვე, იმისთვის, რომ ზუსტი რისკები და საფრთხეები შეფასდეს, აუციელებლია სპეციალური კვლევები და მოდელირება, „რომლის გამოცდილებაც საქართველოს არ აქვს“.

გოდოლაძე დაგვიანებულად მიიჩნევს მერიის რეაგირებას.

„ძალიან დაგვიანებული ნაბიჯია, მანამდე უნდა ჩატარებულიყო კველვები. როგორც აღმოჩნდა, 2015 წლიდან იცოდნენ, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდა, შესაბამისად, აქ ყველაფერი გაჩერებული უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, უნდა დამონტაჟებულიყო და ახლაც უნდა იდგეს სპეციალური აპარატურა, რომელიც უწყვეტ რეჟიმში დააკვირდება მეწყერს”, — აცხადებს თეა გოდოლაძე.

რას ამბობს მერია?

მერიის წარმომადგენლები და უწყებაში შემუშავებული სამუშაო ჯგუფი ვაშლიჯვრის გზაზე დღესაც იყვნენ. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა ინჟინერ-გეოლოგი ზურაბ ცომაიაც, რომელიც მოკვლევაში ჩაერთო.

ჟურნალისტებთან საუბრისას ცომაიაც გამოეხმაურა ნალექიან ამინდს, თუმცა თქვა, რომ ამ ეტაპზე ცალსახად რაიმეს თქმა შეუძლებელია.

„გარკვეული შიში შეიძლება იყოს ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით. ნალექმა შეიძლება რაღაც გამოიწვიოს, მაგრამ ცალსახად იმის თქმა, რომ ნამდვილად გამოიწვევს, ამის თქმა არ შეიძლება. მოსახლეობისთვის საშიშროების კუთხით რაიმე სახის პრობლემას მე ვერ ვხედავ. ჩემთვის გაუგებარია ასევე ევაკუაციასთან დაკავშირებით არსებული საუბარი,“ — აცხადებს ის.

ამ ტერიტორიაზე ასევე იმყოფებოდა მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანიც. ბენდელიანმა განაცხადა, რომ პირველად ამ ადგილას ბზარები 2 კვირის წინ გაჩნდა, თუმცა, მოსახლეობისთვის ის საფრთხისშემცველი არ ყოფილა და სპეციალისტებისგან გზის ჩაკეტვის რეკომენდაციაც არ გაცემულა.

მერიის წარმომადგენლები და სამუშაო ჯგუფი ვაშლიჯვრის მეწყერთან. ფოტო: თბილისის მერია

„როდესაც პირველი ბზარები გაჩნდა, დაახლოებით, ორი კვირის წინ, იყო გაცილებით პატარა მასშტაბის. შესაბამისად, რეკომენდაციები იყო, რომ იმ მომენტისთვის, იმ დღისთვის არ იყო მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი.

თუმცა, როდესაც მეწყერმა იმ ეტაპს მიაღწია, რომ უკვე შეიძლებოდა გადაადგილებისთვის და მოსახლეობისთვის საფრთხე შეექმნა, იმავე დღესვე გავრცელდა განცხადებაც და ქუჩაც ჩაიკეტა“, — აღნიშნა მერის მოადგილემ.
ირაკლი ბენდელიანის თქმით, მეწყერის გამომწვევ მიზეზებს გეოლოგები და დარგის სპეციალისტები შეისწავლიან.


თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი გაჩნდა — ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები.

წინასწარი შეფასებით, საუბარია ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწაზე, თუმცა, ამ დროისთვის შეუძლებელია თქმა, რას გაანადგურებს მასა.

თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას აშენებს. 2020 წლის 16 მარტიდან კი ზვავის საშიშროების გამო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

ნახეთ ასევე:

ეს კონკრეტული ერთი ფაქტის გამო არ მომხდარა — მერია ვაშლიჯვრის მეწყერზე

მასალების გადაბეჭდვის წესი