ახალი ამბები

შენობა, რომელიც გადარჩა: რა ელის ქარვასლას ძველი თბილისის შუაგულში

24 თებერვალი, 2021 • 6531
შენობა, რომელიც გადარჩა: რა ელის ქარვასლას ძველი თბილისის შუაგულში

ვინც ძველი თბილისის ტერიტორიაზე ცხოვრობს ან იქ სეირნობა უყვარს, აუცილებლად ექნება ნანახი კოტე აფხაზის,  სიონისა და ერეკლე მეორის ქუჩების შესაყარზე მდებარე ისტორიული, წითელი აგურის ნაგებობა, რომელსაც ათწლეულებია სტუმარი აღარ მიუღია. ფანჯრების ნაწილს სამშენებლო ბადეები ფარავს, მეორე ნაწილიდან კი ნათლად ჩანს ინტერიერი, რომელსაც თითქმის აღარაფერი აქვს საერთო საუკუნის წინანდელ სურათთან.

ყველაფერი სხვანაირად იყო, სანამ ძველი თბილისის ყოფა წარსულს ჩაბარდებოდა. შენობაში მოქმედებდა ხოჯაპორუხოვისა და მაისურაძის ქარვასლა, რომელიც თავისი გამორჩეული არქიტექტურული სტილით განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს იმ პერიოდის ამსახველ ფოტოებზე.

ქუჩის ხედი, რომელზეც ქარვასლის შენობაც ჩანს. ფოტო ალბომიდან: 10 წელი საბჭოთა ტფილისისა, 1921-1931

უკვე შემდგომ, ქარვასლას ჯერ რამდენჯერმე ეცვლება ფუნქცია, შემდეგ კი იწყება მოუვლელობის, გულგრილობისა და ნაგებობის ფიზიკური მდგომარეობის დრამატული გაუარესების ფაზა, რა დროსაც ნაწილ-ნაწილ იკარგება არაერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ელემენტი.

შენობა ამჟამად საპატრიარქოს საკუთრებაა და წლებია, მოიჯარეებს იცვლის, თუმცა ვერც ერთ შემთხვევაში მიაღწია ხანგრძლივი გაურკვევლობის დასრულებისა და ფუნქციურად ხელახლა დატვირთვის ეტაპს.

შუა ბაზარი: ქარვასლების ცენტრი

კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩა საუკუნის წინ ამჟამინდელზე გაცილებით ხმაურიანი იყო. ძველი თბილისის ეპოქაში შუა ბაზრის სახელით ცნობილი ტერიტორია წარმოადგენდა ქალაქის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო ცენტრს, რომელიც ზემო კალას ყოფდა ქვემო კალასგან.

შუა ბაზრის ასეთი დატვირთვა შემთხვევითი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ისტორიული თბილისის უმთავრესი ქუჩა იყო და საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებდა მნიშვნელოვან სავაჭრო ფუნქციას.  აქ მრავლად იყო დუქნები, სახელოსნოები, სამჭედლოები და სხვა ობიექტები.

შუა ბაზარი ძველ თბილისში. ფოტოს მფლობელია ლიკა მამაცაშვილი და შესულია კოლექციაში "ციფრული ფოტომატიანე"

სწორედ განსაკუთრებული ფუნქციური დატვირთვა იყო ადგილზე ძველი თბილისისათვის დამახასიათებელი სასტუმრო-სავაჭრო დანიშნულების ობიექტების — ქარვასლების — დიდი ოდენობის თავმოყრის მიზეზი.

ძველი ქალაქის ყოფა უკვე  ისტორიის საკუთრებაა, თუმცა აწ უკვე ყოფილი შუა ბაზრის ტერიტორიაზე შემორჩა რამდენიმე ქარვასლის შენობა, რომელთა ნაწილიც მეტ-ნაკლებ, ნაწილი კი — შედარებით სრულყოფილ წარმოდგენას ქმნის ძველი ქალაქის ცხოვრებისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი ობიექტის არქიტექტურასა და მის როლზე თბილისის განაშენიანებაში.

ხოჯაპარუხოვისა და მაისურაძის ქარვასლა: რას წარმოადგენს ის

წითელი აგურის ორსართულიან შენობას, რომელზე საუბარიც ზემოთ დავიწყეთ, ორი მფლობელი ჰყავდა: იაგორ მაისურაძე და ალექსანდრე ხოჯაპარუხოვი. არქიტექტურის ისტორიკოსის, მაია მანიას ცნობით, რომელმაც შენობის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა 2005 წელს მოამზადა, ქარვასლა 1893-1895 წლებში ანონიმმა არქიტექტორმა ადგილობრივ ოსტატებთან ერთად ააშენა.

ისტორიკოსი შენობას უწოდებს ისლამური ეკლექტიზმის ბრწყინვალე ნიმუშს, რომელსაც სამი ქუჩის შესაყარზე მდებარეობა გამოკვეთილ ურბანულ მნიშვნელობას ანიჭებს. ის ყურადღებას ამახვილებს ქარვასლის გარე ფორმებზეც, სადაც ისლამურთან ერთად, ევროპული არქიტექტურის ნიშნებიც ჩანს. შენობის მთავარი შესასვლელის ფასადზე დატანილ ისლამურ ორნამენტში მაია მანია ქართული ხუროთმოძრვრების ნიშნებსაც ხედავს.

არქიტექტურის ისტორიკოსი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს “ძველი აგურით ნაგებ” სარდაფს, რომელიც ქარვასლის წინამორბედ შენობას ეკუთვნის.

ქარვასლის შენობა ახლა. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

რა დაიკარგა და რა გადარჩა: ქარვასლიდან ნაგავსაყრელამდე

კვლევაში აღნიშნულია, რომ შენობა სავაჭრო ფუნქციას 1930-იან წლებამდე ინარჩუნებდა, რის შემდეგაც, საბჭოთა ხელისუფლების პირობებში, დანიშნულება რამდენჯერმე შეეცვალა: იქ ჯერ მილიცია ფუნქციონირებდა, 1972-1984 წლებში კი — სპორტკომიტეტი.

90-იანი წლების ბოლოდან იწყება აწ უკვე ყოფილი ქარვასლის უფუნქციობის ხანა, რომელიც დღემდე გრძელდება. ბუნებრივმა პირობებმა, მოუვლელობამ და გულგრილობამ წლების განმავლობაში სერიოზულად დააზიანა შენობა. ერთ დროს ცნობილი ქარვასლა ქალაქის ნაგავსაყრელად იქცა.

პირველი გამაგრებითი სამუშაოები ნაგებობას 1991 წელს ჩაუტარდა. როგორც მაია მანია აღნიშნავს, პროცესმა “შენობა, ერთი მხრივ, გადაარჩინა სრულ განადგურებას, მეორე მხრივ კი, სამუდამოდ დაიკარგა არქიტექტურული მორთულობის და ინტერიერის მრავალი საგულისხმო დეტალი”.

ქარვასლის ძველ ფოტოზე დიდი ზომის გუმბათი აშკარად ჩანს. ამჟამად, ის დაკარგულია და მხოლოდ ორი მომცრო გუმბათია შენარჩუნებული

“ამ დროს მოიხსნა შენობის ძველი, თუნუქის სახურავი, გუმბათი და სართულშუა გადახურვის ერთი ფრაგმენტი ბეტონის მონუმენტალური ფილით შეიკრა, ფუნდამენტში ჩაისხა ბეტონი. ნაგებობას მთელ პერიმეტრზე გაუკეთდა ე.წ. ცემენტიზაცია”, — ვკითხულობთ ისტორიულ-არქიტექტურულ კვლევაში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც 90-იან წლებში ნაწილობრივ გადარჩენილი იყო, არის ვიწრო კიბის უჯრედს გაყოლებული რკინის აჟურული მოაჯირი. ის დღეს მთლიანად გამქრალია.

კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას დასძენს, რომ “ინტერიერი სრულად განადგურებულია”, თუმცა შენობა, როგორც სტრუქტურა, გადარჩენილია.

“მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულების განმავლობაში უპატრონოდ იყო, ფაქტია, რომ შენობა მყარია და რაიმე ტიპის დაზიანება, რის გამოც ვინმემ შეიძლება თქვას, რომ აღარ ექვემდებარება გამაგრებას და ამიტომ, ხელს არავინ კიდებს, არ შეიძლება, რეალურად არსებობდეს”, — აცხადებს ის.

რეაბილიტაციის შემდგომი ეტაპი და “შეუსაბამო დაშენება”

რეაბილიტაციის შემდგომი და ბოლო ეტაპი 2 000-იანი წლების დასაწყისში განხორციელდა. სპეციალისტების ჯგუფმა მოამზადა შესაბამისი პროექტი, განახორციელა აზომვითი და სხვა სახის სამუშაოები. პროცესში ჩართულ არქიტექტორთა შორის იყო არქიტექტორ-რესტავრატორი ნიკოლოზ ზაზუნიშვილი, რომელიც “ნეტგაზეთთან” საუბრისას შენობის მაშინდელ მდგომარეობას იხსენებს:

“დიდი ხნის მიტოვებული შენობა ნაგავსაყრელად იყო ქცეული. რეზინის ფეხსაცმელები ეყარა, ანტისანიტარია სუფევდა. ხელით გაკეთდა ანაზომები, მერე გამოხაზვა და ა.შ. შემდგომ მოხდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ძალიან ავარიულ მდგომარეობაში იყო [შენობა]. საძირკვლების გამაგრება მოხდა, 6-7 მეტრი გაითხარა ქვემოთ. გრუნტის წყლები მოდის მთაწმინდიდან, ნიაღვრები მოდიოდა. ამიტომ, სადრენაჟო სისტემებიც გაკეთდა.

მთავარი შესასვლელი იმდენად ავარიულ მდგომარეობაში იყო, რომ ზედა ნაწილები დაიშალა. მაგრამ ეს მაშინვე არ მომხდარა: ანაზომები გაკეთდა, ყოველი ქვა დაინომრა და მერე, ეს რომ დაიშალა,  ყოველი დანომრილი ქვა თავის ადგილზე დაბრუნდა.  [შენობა] კონსტრუქციულადაც გამაგრდა”.

არქიტექტორები რეაბილიტაციის ხსენებული ეტაპის მნიშვნელობას ერთხმად აღიარებენ, თუმცა აზრთა სხვადასხვაობაა კონსტრუქციასთან დაკავშირებით, რომელიც ქარვასლის თავზე იმავე პერიოდში დააშენეს. აღნიშნული კონსტრუქცია შენობის საერთო იერსახისგან განსხვავდება და კრიტიკოსთა ხედვით, მისთვის შეუსაბამოა.

დაშენება წარვასლის შენობაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

მაია მანიას თქმით, კონსტრუქცია შენობის არქიტექტურულ სახეს აკნინებს. კონსტრუქცია არც ნიკოლოზ ზაზუნიშვილს მოსწონს: მისი ხედვით, შენობის ზედა სართულები სხვანაირად უნდა დასრულდეს. შენობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის ავტორი, ხელოვნებათმცოდნე გიორგი პატაშური ფიქრობს, რომ კონსტრუქცია “შენობის საერთო მასისთვის სრულიად შეუსაბამოა”.

დაშენება ქარვასლის თავზე. ფოტო გიორგი პატაშურის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევიდან

ხელიდან ხელში

საპატრიარქოს  ხელში შენობის გადასვლის ისტორია 2005 წლიდან იწყება, როდესაც მაშინდელმა ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ძველი ქარვასლა ეკლესიას უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით გადასცა. ეს გულისხმობს ქონების გადაცემას მეორე პირისთვის იმ პირობით, რომ მას არაფერი დააკლდება.

2007 წელს ეკლესიამ შენობა იჯარით გადასცა შპს “დელქროს ლიმითედს”. ამავე წელს, კულტურის სამინისტროს მიერ 2007 წლის 9 მარტის ბრძანებით, შეთანხმდა არქიტექტურული პროექტი.

2008 წელს სახელმწიფომ შენობა უშუალოდ საკუთრებაში გადასცა ეკლესიას. საჯარო რეესტრის ამონაწერებში არ ფიქსირდება რაიმე სახის ვალდებულება, რომელიც საპატრიარქოს დაეკისრა ქარვასლის საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.

ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა 2009 წლის მარტში ძეგლის რეაბილიტაციის ნებართვა გასცა.

2016 წლის თებერვალში საპატრიარქომ შენობა გაანათხოვრა შპს “მნე”-ზე, რომლის დირექტორიც გორისა და ატენის მიტროპოლიტი, ანდრია გვაზავაა. მალევე შენობა კიდევ ერთხელ გაიცა იჯარით: ამჯერად, შპს “ქარავან თბილისზე”. კომპანიას შენობაში სასტუმროს მოწყობა სურდა.

იმავე წელს “ქარავან თბილისმა” თბილისის მერიისგან შენობის რეაბილიტაციისთვის ნებართვა ითხოვა. სამუშაოები მოიცავდა დაზვერვას, გაწმენდას, კონსერვაციას, რეკონსტრუქციას, რესტავრაციასა და ადაპტაციას. შეთანხმდა შენობის რეაბილიტაციის კორექტირებული პროექტი, რის შემდეგდაც მერიის  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ აღნიშნული ნებართვა გასცა და შემდგომ წლებში, კომპანიის თხოვნის საფუძველზე, რამდენჯერმე გაახანგრძლივა ის.

ვითარება 2020 წელს შეიცვალა. საბჭოს წევრებმა ერთხმად იუარეს “ქარავან თბილისის” მიმართ გაცემული ნებართვის მორიგ ჯერზე გახანგრძლივება. საბჭოს ერთ-ერთი წევრი გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილში აღნიშნავს:

“ნებართვაგაცემულ ობიექტზე წლების განმავლობაში არაფერი გაკეთებულა. ამდენად, დღევანდელი დღის მდგომარეობით, ახალი ნებართვის გაცემა წარმოდგენილ პროექტზე არამიზანშეწონილია. ობიექტზე არსებული გადახურვა მოსახსნელია და მოსაწყობია ავთენტური სახით; აღსადგენია შიდა ეზოს სტრუქტურა”.

აღნიშნულს დაეთანხმნენ საბჭოს სხვა წევრებიც. საერთო რეკომენდაციაშიც ნათქვამია, რომ ობიექტზე არსებული გადახურვა უნდა მოიხსნას და მოეწყოს ავთენტური სახით (აღდგეს გუმბათი). ამასთან, “აღსადგენია შიდა ეზოს სტრუქტურა ძველი რკინის აივნებითა და კრონშტეინებით”.

“ქარავან თბილისთან” იჯარა გასულ წელსვე შეწყდა. როგორც კომპანიაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, ეს საპატრიარქოს ინიციატივით მოხდა, ვინაიდან შპს-მ ვერ შეასრულა თავისი საიჯარო პირობა.

ახალი მოიჯარე და ახალი ესკიზი

2020 წლის სექტემბრიდან ქარვასლის მოიჯარედ ახალი კომპანია — შპს “ქარვასლა” ფიქსირდება. სწორედ მისი მოიჯარეობის პერიოდში, გასული წლის დეკემბერში, შეთანხმდა მერიაში რეაბილიტაციის პროექტის ესკიზი. ესკიზის მიხედვით, იგეგმება გუმბათის დადგმა შენობის თავზე. მეორე მხრივ, საკამათო დაშენება შენარჩუნებულია, თუმცა, სახეცვლილი ფორმით.

ესკიზი კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 5-მა წევრმა შეაფასა დადებითად, 3 კი – წინააღმდეგ წავიდა. არაერთმა აღნიშნა, რომ გუმბათის თანამედროვე გადაწყვეტა არ მოსწონს.

“გუმბათი უნდა აღდგეს. არსებობს ძველი ფოტოები და არსებობს ანალოგიები გუმბათის აღსადგენად”, – აღნიშნავს ერთ-ერთი მათგანი.

ესკიზის ვარიანტი 1 ესკიზის ვარიანტი 2 გუმბათი

“ნეტგაზეთს” პროექტთან დაკავშირებით მეტი დეტალის გარკვევა სურდა. მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდის მიხედვით, ესკიზის შეთანხმებასთან დაკავშირებით  ქალაქის ხელმძღვანელობას განცხადებით მიმართა მოქალაქე მიხეილ მახათაძემ.

შპს “ქარვასლას” დავუკავშირდით და ვკითხეთ, რა კავშირი აქვს მასთან ხსენებულ განმცხადებელს. კომპანიის დირექტორმა, ლევან ლორიამ დაგვიდასტურა, რომ მისი შპს ამ დრომდე შენობის მოიჯარეა, თუმცა გვითხრა, რომ სხვა საკითხებზე საუბარი კომპანიის ინტერესებში არ შედის.

ესკიზის წინასწარი შეთანხმება მშენებლობის ნებართვის გაცემას არ ნიშნავს. მაგალითისთვის, ესკიზი მერიაში 2019 წელს კინოთეატრ “რუსთაველის” რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებითაც შეათანხმეს, თუმცა გასულ თვეში მერიის საბჭომ დეველოპერს სამუშაოების განხორციელების ნებართვაზე უარი უთხრა და რიგი რეკომენდაციები მისცა. შესაბამისად, უცნობია, მიიღებს თუ არა ქარვასლა იმ სახეს, რომელიც ზემოთ მოცემულ ესკიზში ჩანს.

არქიტექტორი გიორგი ციციშვილი, რომელიც 2 000-იანების დასაწყისში შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებში იყო ჩართული, არ ფიქრობს, რომ ნაგებობაზე დაშენებული კონსტრუქციის მოხსნა დეველოპერებისადმი უპირველესი მოთხოვნა უნდა იყოს. ის იხსენებს ურთიერთობას ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და სასტუმროს ამუშავებას გეგმავდა, თუმცა დაშენების მოხსნასთან დაკავშირებით სირთულეებს გადააწყდა.

“ასეთი წინადადება გვქონდა, რომ ამ კაცმა[დეველოპერული კომპანიის მფლობელმა] იმუშაოს ჯერ, რაღაც ფინანსური რეესტრი შექმნას, რომ ინტერესი გაუჩნდეს. მერე, შეიძლება, შეასხვაფეროს… მივცეთ რაღაც წლები მანამდე, [მე კი] ამ სახურავის კონსტრუქციას არქიტექტურულად ჩავაქრობ ისე, რომ ნაკლებად გამოჩნდება-მეთქი. მასალებით შეიძლება ისე გააკეთო [ეს კონსტრუქცია], რომ ასეთი აქცენტირებული არ იყოს”,  — აღნიშნავს ის.

ციციშვილის თქმით, “სწორია, რასაც საბჭოს წევრები ამბობენ” და მისი ნება რომ ყოფილიყო, ქარვასლის დაშენებას სხვანაირად გააკეთებდა, თუმცა, მეორე მხრივ, დასძენს, რომ ძეგლებზე თანამედროვე კონსტრუქციების დაშენების პრაქტიკა ევროპის განვითარებულ ქვეყნებშიც არის გავრცელებული.

არქიტექტურის ისტორიკოსს, მაია მანიას, ხსენებული კონსტრუქციის რაიმე ფორმით შენარჩუნება არასწორად მიაჩნია. შესაბამისად, მას არც წარმოდგენილი ესკიზი მოსწონს.

მაია მანია. ფოტო: ნოდარ სუმბაძე

“წარმოდგენილი პროექტი ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ ის არ გულისხმობს ნაგებობის რესტავრაციასმთავარი სამშენებლო სამუშაოები აქ უნდა წარმართოს არქიტექტორრესტავრატორმა და დიდი სიფრთხილით უნდა ჩატარდეს.

მოსახსნელია დაშენება, გარდა იმისა, რომ ის ძალიან აკნინებს ძეგლის არქიტექტურულ სახეს, ეს დაშენება კეტავს ტრადიციულ ხედს ნარიყალასა და მის მიმდებარე ფერდზე ერეკლე მეორის ქუჩიდან. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. ეგებ ასეთ ცენტრალურ ადგილას მაინც გახდეს შესაძლებელი ისტორიული თბილისის ამ დამახასიათებელი ნიშნის დაცვა”, — უთხრა მან “ნეტგაზეთს”.

დამტკიცდება თუ არა ხსენებული პროექტი, მაია მანიას თქმით, ყველა შემთხვევაში აღსადგენია ზემოხსენებული ე.წ. ცრუგუმბათი, რომელიც 90-იან წლებში დაიკარგა. მისი თქმით, აღნიშნული გუმბათი, დღემდე შენარჩუნებულ ორ მომცრო გუმბათთან ერთად, შენობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და მისი არარსებობა “შენობის დაუსრულებლობის განცდას ბადებს”.

თბილისის სხვა ქარვასლების არასახარბიელო ბედი: კოტე აფხაზის #29

“თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობისადმი დღევანდელი დამოკიდებულებით თუ ვიმსჯელებ, აქ მემკვიდრეობის არგაფრთხილებას უფრო ვხედავთ, ვიდრე მემკვიდრეობის შენარჩუნებას”, — ასე პასუხობს მაია მანია კითხვას, რა მდგომარეობაშია თბილისის ამავე ნაწილში თავმოყრილი სხვა ქარვასლების შენობები.

ამ დამოკიდებულების თვალსაჩინო მაგალითად ის წარმოგვიდგენს ხოჯაპორუხოვისა და მაისურაძის ქარვასლისგან ოდნავ მოშორებით, კოტე აფხაზის #29-ში მდებარე ყოფილი ქარვასლის ნაგებობას, რომლის დიდი ნაწილიც სულ რამდენიმე თვის წინ ისტორიის ნაწილად იქცა.

ლესელიძის #29 ახლა. ფოტო: მაია მანია

“[ეს ქარვასლა] სულ ახლახან, კოვიდის პანდემიის პერიოდში დაანგრიეს და სრულიად უკვალოდ გაქრა. მეტიც, მას მიჰყვა კვარტლის სიღრმეში მის მიმდებარე საცხოვრებელი სახლიც ვახტანგ ბერიძის(ყოფილი ხოდაშენის) ქუჩის მხრიდან:

ეს დიდ დანაშაულად მიმაჩნია. ეს ლახვარია ძველი ქალაქისთვის. ქარვასლები, კლასიკური გაგებით, სულ თითზე ჩამოსათვლელიღა დარჩა კალაში. არადა, ქარვასლა, ისევე როგორც აბანო, ძველთბილისური ტიპოლოგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია”.

მსხვილი ქარვასლების მნიშვნელობაზე საუბრისას, არქიტექტურის ისტორიკოსი დასძენს, რომ სწორედ ისინი ანიჭებენ ქალაქურ იერს საცხოვრებელი სახლებისგან შემდგარ კალას და კოტე აფხაზის, სიონისა და ერეკლე მეორის ქუჩების მიმდებარე განაშენიანებას სპეციფიკურ ხასიათს და დამახასიათებელ მასშტაბს უნარჩუნებენ.

ლესელიძის #29 ახლა. ფოტო: მაია მანია 

“ლესელიძის ქუჩის #29-ში მდებარე ყოფილ ქარვასლას ძეგლის სტატუსი ჰქონდა. მისი შიდა ეზო, რომლის ირგვლივაც ორ სართულად განლაგებული დუქნები იყო ჩამწკრივებული, თავდაპირველი სახით იყო გადარჩენილი (ხის დარაბები, თუჯის მაღალ კრონშტაინებზე დაყრდნობილი რკინის აჟურულმოაჯირიანი აივანი, მოქლონიანი შეერთების კიბის მოაჯირი და სხვა ელემენტები).

ყოველივე ძველი ქარვასლის დამახასიათებელ სახეს ქმნიდა. ამ ქარვასლის გაქრობა უდიდესი დანაკარგია კალას უძველესი ურბანული ქსოვილისთვისაც. შუასაუკუნოვანი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, შუაბაზარზე მდებარე ეს ქარვასლის ნაგებობა დიდწილად განსაზღვრავდა ძველი თბილისის მთავარ ქუჩაზე მდებარე სხვა ნაგებობებთან ერთად მთელის სახეს და დიდი წვლილი შეჰქონდა ისედაც დიდად დასახიჩრებული ლესელიძის ქუჩის მხატვრული სახისა და მასშტაბის შექმნაში”, — ეუბნება მაია მანია “ნეტგაზეთს”.

# ლესელიძის 29: ქარვასლის შენობის კედლები, რომლებიც ნგრევას გადაურჩა. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ამჟამად ხსენებული ქარვასლის მხოლოდ ორი ფასადია შემორჩენილი. მაია მანიას თქმით, მათი შენარჩუნება დანაკლისს ვერ შეავსებს, თუმცა ამ კედლების მნიშვნელობა დიდია, ვინაიდან  ისინი ეყრდნობა წინამორბედი, უფრო ადრეული, სავარაუდოდ, ქარვასლისავე ძველი აგურით ნაშენ სარდაფის კედლებს:

“ისედაც დარღვეულია თბილისის მთლიანობა; ვერ ვინარჩუნებთ ძველ შენობებს. ქარვასლის დანგრევა შეუწყნარებელია. ვკარგავთ მოუბრუნებელს. ეს უგულობაა, უცოდინრობა, გაუნათლებლობა და უგუნურობაც”.

მასალების გადაბეჭდვის წესი