რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენიდან მეთორმეტე ოპოზიციონერი დეპუტატი, ნიკა მაჭუტაძე, გააძევეს.
გაძევებამდე ნიკა მაჭუტაძე ამბობდა, რომ რუსული კანონის მუხლებზე არ ალაპარაკებდნენ. მაჭუტაძეს, რომელიც მიკროფონის გარეშე საუბრობდა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა უთხრა, რომ თუ საუბარს გააგრძელებდა, დარბაზს დაატოვებინებდა.
იმის გამო, რომ ნიკა მაჭუტაძემ თავის აზრის გამოთქმა გააგრძელა, ანრი ოხანაშვილმა საბოლოოდ დარბაზიდან გააგდო.
ანრი ოხანაშვილი დეპუტატებს სიტყვას აწყვეტინებს და მიკროფონს უთიშავს, თუ მისი შეფასებით გამოსვლის მიზანი კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით კითხვის დასმა არაა.
მანამდე, სხდომათა დარბაზიდან გააძევეს დეპუტატები: ლევან ხაბეიშვილი, ანი წითლიძე, ქეთი თურაზაშვილი, თაკო ჩარკვიანი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე, ხატია დეკანოიძე.
კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ და „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.
საზოგადოებისთვის რუსული კანონის სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით უკვე მიიღო 17 აპრილს. თუმცა საბოლოოდ ძალაში შესასვლელად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენით მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება.